ქართველები უცხოეთში. მსოფლიო ტოპპიანისტების სიაში შესული ქართველი პიანისტი რომის პაპმა ვატიკანში მიიწვია - კვირის პალიტრა

ქართველები უცხოეთში. მსოფლიო ტოპპიანისტების სიაში შესული ქართველი პიანისტი რომის პაპმა ვატიკანში მიიწვია

"2012 წლის ივნისს ვატიკანში ვუკრავ ბენედიქტ XVI-ის პატივსაცემად. მის რეზიდენციაში მოცარტის ნაწარმოებებს შევასრულებ. მანამდე კი, 9 იანვარს, შევხვდი უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს და ჩემს გეგმებზე ვესაუბრე. მან გზა დამილოცა და ამით ბედნიერი ვიყავი, პატრიარქი ჩემთვის მართლაც უწმინდესი და უნეტარესი ადამიანია.

კონცერტები ჩემი ცხოვრების მეგზურია და იმედია, ეს წელი აქტიური და წარჩინებული წელი იქნება", - ამბობს პიანისტი გიორგი ლაცაბიძე, რომელსაც საქართველოში ჯერ ნაკლებად იცნობენ.

- ბატონო გიორგი, გვიამბეთ ფილმზე "გიორგი ლაცაბიძე მოცარტის ნაკვალევზე".

- ეს ფილმი ძალზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან ევროპაში პირველი დოკუმენტური ფილმია ჩემს შესახებ, სადაც მაყურებელი ჩემს კონცერტსა და ერთსაათიან ინტერვიუს ნახავს და მოისმენს. ფილმი გადაიღეს ზალცბურგში, სადაც მე იმ პერიოდში ვსწავლობდი.

- ვის დაებადა ამ ფილმის იდეა?

- ერთ-ერთი ტელეკომპანიის წამყვანმა ჩემი კონცერტის გაშუქება და პარალელურად ჩემ შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღება გადაწყვიტა. ფილმში ზალცბურგის ქუჩებში დავდივარ და წამყვანის შეკითხვებს ვპასუხობ. ეს ფილმი მოცარტის დაბადების დღეს ევროპის სხვადასხვა არხზეც გავიდა.

- ავსტრიაში წასვლამდე სად სწავლობდით?

- გერმანიაში... გერმანიამდე კი თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში. 16 წლამდე მოწყვეტილი ვიყავი მუსიკას და არ მქონდა განზრახული პროფესიონალი მუსიკოსი გავმხდარიყავი. ქუჩაში ყოფნა უფრო მომწონდა. ჩემმა პედაგოგმა რუსიკო ხოჯავამ, მართლაც დიდმა პროფესიონალმა, დიდი ნებისყოფა და მოთმინება გამოიჩინა.

- საქართველოდან რატომ წახვედით?

-  თუკი გინდა პროფესიონალი მუსიკოსი გახდე, ერთ ქვეყანაში სწავლა არ არის საკმარისი. აუცილებელია მასტერკლასების გავლა და ფესტივალებში მონაწილეობა. ავსტრიისა და გერმანიის შემდეგ ამერიკაში გავაგრძელე სწავლა, სადაც აკადემიური განათლება მივიღე. ამერიკაში ბევრი რამით ვიყავი დატვირთული. მეცადინეობას დიდი დრო მიჰქონდა. თუკი პიანისტობა გინდა, წიგნებსაც უნდა წერდე და გამოკვლევებსაც აწარმოებდე. კარგი ორგანიზატორიც უნდა იყო, ორივე საქმეს რომ გაართვა თავი. ღვთის წყალობით ყველაფერს გავუმკლავდი. დოქტორანტურაც დავამთავრე და საკონცერტო ტურნეებიც მქონდა. 2012 წლის სექტემბრიდან ვენის კონსერვატორიაში პედაგოგიურ საქმიანობას შევუდგები. უპირატესობას კი უფრო კონცერტებს მივანიჭებ. დაგეგმილი მაქვს ასევე მსოფლიო სტანდარტების ფესტივალის დაწესება ვენაში.

პროექტი ითვალისწინებს ქართველი და ავსტრიელი სტუდენტების თანამშრომლობას ვენისა და თბილისის კონსერვატორიებთან. პირველად მსოფლიოს ისტორიაში ვენაში ვაყალიბებთ პირდაპირი ფურცლის კითხვის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსს, რაც უნიკალურია და სენსაციური საფორტეპიანო კონკურსების ისტორიაში. მე ხელმძღვანელად ამირჩიეს და მე და ჩემი კოლეგები ვენის კონსერვატორიიდან კარს ვუღებთ ქართველებს პროფესიული წინსვლისთვის. შვეიცარიასაც სურს  მონაწილეობა ჩემს პროექტში. მე პრინცესა მარიას  ხშირი სტუმარი ვარ შვეიცარიაში, ის ჩემი მეგობარია.

მიმაჩნია, რომ თბილისის კონსერვატორიაში ფუნდამენტური ძვრები უნდა ჩატარდეს, რათა სტრატეგიული მეთოდი, რომელიც იქ დიდი ხანია არსებობს, რადიკალურად შეიცვალოს. სწორედ ამის გამო შევხვდი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ახალ  რექტორს რეზო კიკნაძეს. ბატონი რეზო დიდი ენთუზიაზმით შეხვდა ჩემს პროექტს და მირჩია, რომ ჩემი წინადადება კულტურის მინისტრს მალე გავაცნო.

- თქვენ საკომპოზიტორო მოღვაწეობასაც ეწევით.

- მუსიკა 7 ფილმისთვის მაქვს დაწერილი. ერთ-ერთმა ფილმმა მუსიკის ნომინაციაში ბოლონიის ფესტივალზე გაიმარჯვა.

- საკონცერტო გამოსვლებზეც გვიამბეთ.

- საკონცერტო გამოსვლები აშშ-სა და სხვა ქვეყნებშიც. ხელმძღვანელობს... ხშირად დამიკრავს ქართული დიასპორის მიწვევით ლოს-ანჯელესში. გასულ წელსაც, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე დავუკარი.

- მსოფლიო ტოპპიანისტების სიაში მხოლოდ ორი ქართველია - ელისო ვირსალაძე და თქვენ.

- ვინც სიებს ადგენს, არ ვიცი, რა კრიტერიუმებს ითვალისწინებს. ეს მაინც სუბიექტურ აზროვნებაზეა დამოკიდებული. არ ვიტყვი, თითქოს არ მიხაროდეს, მაგრამ კონკურსებშიც კი ზოგჯერ პოლიტიკური მოსაზრებით იღებენ გადაწყვეტილებებს.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)