კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი - ნიუ-იორკის ყოფილი ვიცე-მერი - კვირის პალიტრა

კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი - ნიუ-იორკის ყოფილი ვიცე-მერი

ცნობილი ისტორიკოსი რუსუდან დაუშვილი განაგრძობს გამოჩენილი ქართველი ემიგრანტების გაცნობას. ამჯერად იგი კონსტანტინე სიდამონ-ერისთავზე გვესაუბრა:

- 1965 წლის ნიუ-იორკის ახალი თავის არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატ ჯონ ლინდსის ყურადღება პარტიის აქტიურმა წევრმა კონსტანტინე (კონი) სიდამონ-ერისთავმა მიიპყრო და მას წინასაარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელობა მიანდო. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კი ლინდსმა ის საავტომობილო მიმოსვლის დარგში თანაშემწედ. ასე გახდა კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი არა მარტო ამერიკის შეერთებული შტატების, არამედ მსოფლიოს უდიდესი ქალაქის, ნიუ-იორკის ვიცე-მერი. ამ თანამდებობაზე კარგა ხანს იმუშავა, სამი მთავრობა გამოიცვალა და პენსიაში გასვლამდე ქალაქის მმართველობაში დიდ როლს ასრულებდა. 40 წლის განმავლობაში იყო რესპუბლიკური პარტიის წევრი და ყველა, მათ შორის, რეიგანის ადმინისტრაციის აქტიური მხარდამჭერი. მისი მეგობრები უმაღლესი თანამდებობის პირები იყვნენ.

- როგორ ოჯახში აღიზარდა კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი?

- მამამისი, სვიმონ (სიკო) სიდამონ-ერისთავი, ოქტომბრის რევოლუციამდე რუსეთის არმიის, დამოუკიდებელ საქართველოში კი უკვე ქართული არმიის პოლკოვნიკი გახლდათ. ის საქართველოში 1918 წელს დაბრუნდა და სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩადგა. 1921 წელს, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ემიგრაციაში ამერიკაში წავიდა. იქ ცოლად შეირთო საფრანგეთში იმჟამინდელი ამერიკის ელჩის ქალიშვილი ანა ბიგლოუ-ტრესზე. პირველი ქორწინებიდან სვიმონს ერთი ქალიშვილი - ირინე ჰყავდა, მეორე ქორწინებაში კი ქალ-ვაჟი შეეძინა.

ნიუ-იორკის საუკეთესო უბანში გახსნილ სვიმონის რესტორან „კავკასიის არწივში“ ხშირად იყრიდნენ თავს ქართველები და კავკასიელები. მან ნიუ-იორკიდან 100 კილომეტრზე, მდინარე ჰუძონის ნაპირას, კლოდ-სპრინგის რაიონში, იტალიაში საქართველოს ელჩ გიორგი მაჩაბელსა და სათვისტომოს თავმჯდომარე, პიანისტ ირაკლი ორბელიანთან ერთად კავკასიელთა დასასვენებელი სახლი „ალავერდი“ დააარსა.

ზაფხულობით ქალაქის ხვატს გარიდებული ნიუ-იორკში მცხოვრები კავკასიელები თავს სწორედ ამ სავანეს აფარებდნენ. რადიო „თავისუფლების“ რედაქტორმა კარლო ინასარიძემ 1969 წელს ამერიკაში მოგზაურობის დროს ინახულა „ალავერდი“ - ეს იყო ორსართულიანი კარგად გაწყობილი სახლი, ულამაზესი ეზოთი და ბაღით, რომელსაც „კავკასიურ წალკოტს“ უწოდებდნენ, იქვე იყო აუზი და ბოსტანი, სადაც წიწმატი, ტარხუნა და ქინძი მოჰყავდათ. „ალავერდი“ არა მარტო დასასვენებელი, არამედ კავკასიელთა სამეგობრო ცენტრი გახდა: „ასე ძმურად და ერთობის გაგებით რომ გვეცხოვრა იქ, კავკასიაში, მაშინ დღეს სამშობლოში ვიქნებოდით“, - უთქვამთ ჩრდილოკავკასიელებს კარლო ინასარიძისთვის.

სვიმონ სიდამონ-ერისთავის გარდაცვალების შემდეგ (1964) დასასვენებელი სახლისა და „ალავერდის საზოგადოების“ ხელმძღვანელობა მისმა ვაჟმა კონსტანტინემ გადაიბარა, მდივნობა კი - მისმა მეუღლემ.

კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი 1930 წელს, ნიუ-იორკში დაიბადა. მილბრუკის სკოლაში სწავლობდა. დაამთავრა პრინსტონის უნივერსიტეტი სამთო ინჟინრის დიპლომით. მსახურობდა არმიაში,  მონაწილეობდა კორეის ომში, რისთვისაც ბრინჯაოს ვარსკვლავი დაიმსახურა. სამხედრო სამსახურის შემდეგ, 1957 წელს, დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ჯერ იურიდიულ ბიუროში მუშაობდა, შემდეგ კი დასთან, ანა სიდამონ-ერისთავთან ერთად (რომელიც ასევე იურისტია) საკუთარი ბიურო გახსნა.

1957 წელს დაქორწინდა ენ ფილიპსზე, შეეძინა სამი შვილი - სიმონი, ელისაბედი და ანდრია (ენდრიუ). კენედის მკვლელობის შემდეგ აქტიურად ჩაება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, გახდა ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის წევრი და სწრაფად გაიკეთა პოლიტიკური კარიერა.

- თუ არ ვცდები, მხოლოდ პოლიტიკით არ იყო დაკავებული.

- დიახ, კონსტანტინემ გარემოს დამცველიც გახლდათ. ამ საქმეში 1974 წელს გუბერნატორმა მალკოლმ უილსონმა ჩააბა. 1989-დან 1993 წლამდე, ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს, იგი ნიუ-იორკის მე-2 რეგიონის გარემოს დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელობდა. სიდამონ-ერისთავი ზედამხედველობდა პროგრამებს, რომლებიც აკონტროლებდნენ ჰაერისა და წყლის სისუფთავეს, ინდუსტრიულ ნარჩენებს,  ტოქსიკურ ნივთიერებებს, პესტიციდებსა და ოკეანის დაბინძურებას.

- საქართველოსთან თუ ჰქონდა კავშირი?

- მიუხედავად იმისა, რომ კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი უცხოეთში დაიბადა და გაიზარდა, ქართული ადათ-წესები და ტრადიციები შეინარჩუნა. ქულაჯასა და ჩოხაში გამოწყობილი ყოველთვის ესწრებოდა სათვისტომოს ღონისძიებებს, საღამოებს, შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა ქართველებს იურიდიული კონსულტაციებითა თუ სამსახურში მოწყობით.

1990 წელს კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი Audubon New York-ის თავმჯდომარე გახდა. ეს პირველი ოფისი იყო, რომელმაც სათავე დაუდო ოდობონის ეროვნული საზოგადოების ოფისებს სხვა შტატებში. ამან საშუალება მისცა ორგანიზაციას მეტი ყურადღება მიექცია ადგილობრივი გარემოსთვის, ველური ბუნებისა და ფაუნის დაცვისთვის.

70-იან წლებში, როცა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ გატანილი ქართული არქივი პარიზში წყალდიდობამ დააზიანა, მის გადასარჩენად სიდამონ-ერისთავმა სოლიდური თანხა გაიღო.

90-იან წლებში სიდამონ-ერისთავმა ორგანიზაცია „საქართველოს ამერიკელი მეგობრები" დააარსა. 1991 წელს, როცა ამერიკელმა ქართველებმა ზეიმით აღნიშნეს ქართული სათვისტომოს (ასოციაციის) დაარსების 70-ე წლისთავი, ნიუ-იორკის „ბოტანიკალ გარდენში“ მიწვეული იყვნენ ორგანიზაციის წევრები და მხარდამჭერნი: თავმჯდომარე კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი, ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში, ნებრასკის შტატის სენატორი კენეტ იალოვიცი, კანზასის შტატის სენატორი სემ ბრაუნბეკი, კენტუკის შტატის სენატორი მიჩ მაკ-კონელი, კენეტ ბრაუნი, უილიამ კორტნი, ჩაკ საგელი, გენერალი ჯონ-მალხაზ შალიკაშვილი, თბილისის ამერიკული აკადემიის პრეზიდენტი გივი ზალდასტანიშვილი და სხვები.

საქართველოსთვის უმძიმეს ჟამს, 1994 წელს, სიდამონ-ერისთავმა დააფუძნა „საქართველოს მეგობართა ფონდი“, რომელსაც აღმასრულებელ დირექტორად ალექსანდრე ჭავჭავაძის შთამომავალი, ამერიკელი მწერლის, პავლე ჭავჭავაძის შვილიშვილი მარიამ (მარუსია) ჭავჭავაძე დანიშნა. საქართველოს ამერიკელმა მეგობრებმა ბედიანში 12 სახლი შეიძინეს, სადაც 120 მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთან ერთად აღმზრდელ-პედაგოგებიც ცხოვრობდნენ. ფონდი ეხმარება თბილისის ფერისცვალების მონასტერთან არსებულ მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარს, ქუთაისის ფსიქონევროლოგიურ კლინიკას, ტუბერკულოზით დაავადებულ გაჭირვებულ ბავშვებსა და მოხუცებს.

2012 წლის იანვარში, ამერიკაში 81 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველთა და ამერიკელთა წინაშე ვალმოხდილი კაცი, ნიუ-იორკის ყოფილი ვიცე-მერი და გარემოს დამცველი კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი. მას 3 შვილი და 8 შვილიშვილი დარჩა. „ის არა მხოლოდ ეფექტური ლიდერი, არამედ გულთბილი ადამიანიც იყო, - შენიშნავდა გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი უფროსი რილი, - მის სახელს წონა ჰქონდა და განსჯის ბრწყინვალე უნარითაც გამოირჩეოდა. ყველაფერთან ერთად ის გალანტური კომპანიონიც იყო".

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)