რა აკავშირებდა გალინა ულანოვას საქართველოსთან და ვინ იყო 8-ჯერ გათხოვილი ბალერინას ქალი-საყვარელი - კვირის პალიტრა

რა აკავშირებდა გალინა ულანოვას საქართველოსთან და ვინ იყო 8-ჯერ გათხოვილი ბალერინას ქალი-საყვარელი

საყოველთაოდ ცნობილია, რომ "იუნესკომ" 2010 წელი ვახტანგ ჭაბუკიანის წლად გამოაცხადა. ხელოვნების საერთაშორისო ასოციაციებმა - "მზეჭაბუკი" და "მარია კალასი" - ამ მოვლენასთან დაკავშირებით 32 ღონისძიება დაგეგმეს. "ვახტანგ ჭაბუკიანი და მისი თანავარსკვლავედი" - ამ პროგრამის მიხედვით ვახტანგ ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმში უკვე 17 ხელოვანი გაიხსენეს, მათ შორის გალინა ულანოვა... მსოფლიოში აღიარებულ ბალერინაზე ასოციაცია "მზეჭაბუკის" და "მარია კალასის" პრეზიდენტი ავთანდილ დანელია გვესაუბრა...

- ამ პროგრამის ფარგლებში ვახტანგ ჭაბუკიანის მუზეუმში "სიჩუმის დიდოსტატის" - გალინა ულანოვას 100 წლის იუბილე აღვნიშნეთ... როდესაც ვახტანგ ჭაბუკიანი (1926 წელს) თბილისიდან სასწავლებლად ლენინგრადის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში წავიდა (ახლანდელი ვაგანოვას სასწავლებელი), გალინა ულანოვა უკვე იქ სწავლობდა. მათ ფაქტობრივად ერთად დაასრულეს ქორეოგრაფიული სასწავლებელი და მაშინვე საბალეტო ხელოვნების სუპერვარსკვლავებად იქცნენ. სრულიად ახალგარზრდა ვახტანგ ჭაბუკიანმა რობერტ შუმანის მუსიკაზე საბალეტო ნომერი დადგა, რომელსაც მხოლოდ თავად და ულანოვა ასრულებდნენ. დიდ კლასიკურ ბალეტში კი პირველად 1935 წელს შეხვდნენ ერთმანეთს, როდესაც აგრაპინა ვაგანოვამ ბალეტი "ესმერალდა" აღადგინა და დიანასა და აქტეონის პა-დე-დე ულანოვასა და ჭაბუკიანს მიანდო. მოგვიანებით ამ ულამაზეს პა-დე-დეს დიდი თეატრის სცენაზე ელენე ჩიკვაიძის ვაჟი, სახელგანთქმული მიხეილ ლავროვსკი და ნინა სოროკინა ასრულებდნენ... რაც შეეხება ულანოვას და ჭაბუკიანს, როგორც ორი დათვი ერთ ბუნაგში ერთად ვერ გაძლებს, ასევე ულანოვა და ჭაბუკიანი პირველობას ვერ იყოფდნენ და სცენაზე ერთად ძალიან იშვიათად ცეკვავდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ 1934 წელს კარნეგი ჰოლში (აშშ) ჭაბუკიანს (ეს მისი დიდი ტრიუმფი იყო) პარტნიორობას უწევდა ტატიანა ვეჩესლოვა... - ამით უკვე ყველაფერია ნათქვამი. Aასევე, 1940 წლის 11 იანვარს "რომეო და ჯულიეტას" პრემიერაზე, კიროვის სახელობის თეატრის სცენაზე ულანოვას განუმეორებელ ჯულიეტას სერგიევის რომეო უმშვენებდა მხარს.

- რას გვეტყვით გალინა ულანოვას პირად ცხოვრებაზე?

- გალინა ულანოვა 8-ჯერ იყო გათხოვილი. მისი ქმრების სიაში სახელგანთქმული ადამიანები იყვნენ, ამასთან ერთად, ყოველთვის ჰყავდა ახალგაზრდა ქალი-პარტნიორი. მისი პირადი ცხოვრება 2009 წელს გადაღებულ ფილმში "ქალღმერთის მარტოობა" გამომზეურდა. ფილმი მიჰყავთ ცნობილ მოცეკვავეებს - მიხეილ ლავროვსკის, ნიკოლოზ ცისკარიძეს, ანდრის ლიეპას და ვლადიმერ ვასილიევს... ვასილიევი წუხილით აღნიშნავდა, რომ 2010 წელი "იუნესკომ" გალინა ულანოვას წლად არ გამოაცხადა. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მოსკოვში დღესაც არ არსებობს გალინა ულანოვას ქუჩა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ რუსეთი დღესაც პარადოქსების სამშობლოდ რჩება... რაც შეეხება გალინა ულანოვას პირად ცხოვრებას, ფილმის მიხედვით, მისი ერთ-ერთი ქალი-პარტნიორი იყო საბალეტო რეჟისორი - ტატიანა აგაფონოვა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გალინა ულანოვასთან ერთად ცხოვრობდა. რუსეთმა ეს ტაბუდადებული სიმართლე სააშკარაოზე გამოიტანა... ყველა მეუღლე მასზე გაცილებით უფროსი იყო, ანუ მათ შირმად იყენებდა.

- ამბობენ, თითქოს ვახტანგ ჭაბუკიანს და გალინა ულანოვას რომანი ჰქონდათ..

- როგორ შეიძლებოდა, ჭაბუკიანისებრი ღვთიური გენიოსი ვინმეს არ შეჰყვარებოდა, თუნდაც ულანოვას. ის არასოდეს მალავდა ჭაბუკიანის მიმართ აღფრთოვანებას. არასდროს ავიწყდებოდა მისი დაბადების დღე და მუდმივი სატელეფონო კავშირი ჰქონდა. გალინა ულანოვამ ქართველების, კერძოდ ჭაბუკიანის სიყვარული მთლიანად ნიკა ცისკარიძეზე გადაიტანა. იგი ნიკას ყოველ გამოსვლას ესწრებოდა და მის ერთ-ერთ პედაგოგად ითვლებოდა. ნიკამ თავის ბენეფისზე, განაცხადა, რომ მას ჰყავდა სამი პედაგოგი - მარინა სემიონოვა, გალინა ულანოვა და ნიკოლაი ფადეეჩევი.Aგალინა ულანოვა ასევე ცდილობდა, ნინო ანანიაშვილი მისი მოწაფე გამხდარიყო, მაგრამ ნინომ ბოლომდე უერთგულა თავის სახელგანთქმულ პედაგოგს - რაისა სტრუჩკოვა-ლაფაურს. ულანოვა აღფრთოვანებული იყო მაყვალა ქასრაშვილის ნიჭიერებითაც. ეს სიყვარული ჩაიკოვსკის ოპერის -"იოლანტას" მოსმენის შემდეგ გაუჩნდა.

- როდის გაიცანით გალინა ულანოვა?

- 1970 წლიდან მასთან სისტემატური ურთიერთობა მქონდა. ჩვენ უმთავრესად ერთმანეთს მოსკოვის დიდ თეატრში ვხვდებოდით. 1975 წელს იგი ჩემი მოწვევით თავის ბოლო მეუღლესთან ერთად დაესწრო გენიალური სვიატოსლავ რიხტერის კონცერტს. კონცერტის დაწყებამდე, მიამბო, რომ მოსკოვის კონსერვატორიის დიდი დარბაზის სცენაზე მან უდიდესი ხელოვანის, პრეობროჟენსკაიას ასი წლის იუბილეზე, შუმანის მუსიკაზე დადგმულ იმ ნომერში იცეკვა, რომელიც ვახტანგ ჭაბუკიანმა პირადად მას უძღვნა... ულანოვას გამოჩენაც კი ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა. განსაკუთრებულად უყვარდა ფეხით სიარული... ძაღლი ჰყავდა... მე რომ გავიცანი, დაახლოებით 60 წლის იქნებოდა, მაგრამ შესანიშნავად გამოიყურებოდა, რადგან მუდმივად ვარჯიშობდა და სიკვდილამდე არ დაუკარგავს დიდი ბალერინას იერსახე.

მანანა გაბრიჩიძე (სპეციალურად საიტისთვის)