"ლუარსაბი ყველა ქართველში ცოცხლობს, დღეს მას შეიძლება აიპოდი ეჭიროს ხელში, მაგრამ მაინც იგივე იქნება" - კვირის პალიტრა

"ლუარსაბი ყველა ქართველში ცოცხლობს, დღეს მას შეიძლება აიპოდი ეჭიროს ხელში, მაგრამ მაინც იგივე იქნება"

"ლუარსაბს დღეს შეიძლება აიპოდი ეჭიროს ხელში, მაგრამ მაინც იგივე იქნება"

"საკუთარი თავიდან უნდა გათავისუფლდე. თუ არა და, ვერავინ გიშველის"

"არ მინდა, ამაოდ ვცდილობდე იმის დაძლევას, რაც დაუძლეველია"

2012 წლის მიწურულს რუსთაველის თეატრის წინ ჟანრი ლოლაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. მრავალმხრივი შემოქმედი, რომელმაც თავისი სათქმელი თქვა როგორც სამსახიობო ხელოვნებაში, ისე ფერწერაში, იმ საღამოს ლუარსაბ თათქარიძის სრულიად გამორჩეული როლით წარდგა მაყურებლის წინაშე. ლუარსაბი ხომ ყველაზე სიცოცხლისუნარიანი გმირი გამოდგა და დრო-ჟამის მსვლელობამ რაც უნდა შეცვალოს მასში, როგორც უნდა შენიღბოს ქართველის ბუნებაში გამჯდარი ლტოლვა "სმა-ჭამა დიდად შესარგისაკენ", არსობრივად არაფერი შეიცვლება.

- ლუარსაბი - ტიპი, რომელიც უარყოფითი თვისებების კრებითი სახე უნდა იყოს, აღმოჩნდა, რომ სულაც არ არის ცალსახად უარყოფითი, ჭამა რომელ ქართველს არ უყვარს?! ლუარსაბი ყველა ქართველში ცოცხლობს. რა ხდება სპექტაკლში? - "დაობლდა ერი", - ამბობს ლუარსაბი ილიას მკვლელობის შემდეგ, განიცდის, ქვეყანაზე ფიქრობს. "საით მიექანება ერიო", - წუხს. "ხვალინდელი დღისთვის აღარ ფიქრობთო" და ხვალინდელ დღეზე ისევ ჭამა ახსენდება. რა ქნას? - მითხრა ბატონმა ჟანრიმ.

ლუარსაბს დღეს შეიძლება აიპოდი ეჭიროს ხელში, მაგრამ მაინც იგივე იქნება. რობერტ სტურუას ასეთი მიდგომა პერსონაჟისადმი ძალიან საინტერესოა. იცით, რას გეტყვით? ადამიანი არის საკრებულო! საკრებულოს რომ ახსენებენ, არ მაქვს განცდა, რომ მოქმედება მერიაში ხდება. საკრებულო ერთ ადამიანშია, რაკი მასში თავს იყრის უამრავი რამ: ინტელექტი, განსჯა, სიკეთე, დარდი, სიყვარული, სიზარმაცე... სპექტაკლში ამას ლუარსაბი გრძნობს. თუმცა, დიდი არეულობაა საკრებულოში...

- მსახიობობა რეჟისორზე დამოკიდებული ხელობაა, როგორ ეგუებით ამას?

- მსახიობობა დამოკიდებული კი არის, მაგრამ ყველაზე მეტად ილუზიურია. ამიტომაც ილუზიები უფრო მუშაობს ჩემში, ვიდრე ზუსტი ჰიპერრეალიზმი. ერთი რამ კი უნდა აღვნიშნო: არტისტული ილუზიური სამყაროდან რომ გამოდიხარ და \დაგხვდება ელექტროენერგიის ქვითარი, სხვა განაწესში ხარ, ცხოვრების ულმობელ რეალიზმს გრძნობ. ჩემი ცენზორი თეატრში რეჟისორი სტურუაა... მას ვენდობი და მივყვები... მხატვრობაში. კი თავად ვარ შემოქმედიც, გადამგდებიც და დამხევიც... რაც წლოვანებაში შევედი, გათავისუფლების გზებს ვეძებ. თუ გათავისუფლება გინდა, უწინარესად საკუთარი თავისგან უნდა გათავისუფლდე.

- რას გულისხმობთ საკუთარი თავისგან გათავისუფლებაში?

- მაგალითად, პარკში სხედან მოხუცები, თავს იტყუებენ და სიცოცხლის დღეს თუ საათებს იმატებენ. ეს ყველაფერი თმის ღერზეა ჩამოკიდებული და თან მარყუჟია. ისე არ გამიგოთ, თითქოს ჯანსაღ ცხოვრებას გავურბივარ... არ მინდა, ამაოდ ვცდილობდე იმის დაძლევას, რაც დაუძლეველია... ჯობს, ამისგან გათავისუფლდე და სხვა ღირებულებებით იცხოვრო. მთავარია, რომ ადამიანი ფიქრობს. ზოგჯერ გაგეცინებათ, ისეთ კითხვაზე ეძებს პასუხს. მაგალითად, ეკითხებიან, რომელი ფერი გიყვარსო და - ფიქრობს...

- ასეთ კითხვას თქვენც აუცილებლად დაგისვამდნენ.

- ადამიანი შენგან პასუხს რომ ელოდება, როგორ შეიძლება, არ უპასუხო. ყველაზე დიდი ბედნიერება ურთიერთობაა. რა მნიშვნელობა აქვს, რა ფერს დავასახელებ! მთავარია, სიტყვა-პასუხით შეგვიძლია გავალამაზოთ წამი. სიტყვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სიტყვით კაცი შეიძლება მოკლა, შეიძლება სნეული მოარჩინო... კაცი ხომ მოვლენების მარიონეტია. დაჰკრავ წიხლს - გადააგდებ, თითს დაუქნევ - შეშინდება, აჭმევ და - ნდომას აჰყვება. ყველაფრის ნდომა სად მიაქანებს კაცს, ესეც ვიცით. ყველაფერი ვიცით და მაინც ერთსა და იმავე შეცდომას ვიმეორებთ...

- დღეს რითი განსხვავდებით 30 წლის ჟანრისგან?

- დღეს მუხლში ძალა აღარ მაქვს. ახლა მირჩევნია სხვამ ილაპარაკოს და მე ვუსმინო. თამადობისას ადრე დიდი ლიტერატურული წიაღსვლები მქონდა, ახლა სადღეგრძელოს მოკლედ ვამბობ. ენერგიას არ ვხარჯავ. სიჩუმე მირჩევნია... მაგრამ სიჩუმე დაუწერელ თეთრ ფურცელს ჰგავს - რაღაცის სამზადისს...

- მგონია, თავს არ ზოგავთ, დილის პროგრამაში მონაწილეობთ, სპექტაკლებში თამაშობთ, ხატავთ, თქვენი პურმარილი ხომ განთქმულია.

- მერე რა?! ჯანმრთელი ხომ არ უნდა მოკვდე კაცი. ადამიანები ერთმანეთს საკუთარ დროს ვჩუქნით - ღმერთის ნაჩუქარ დროს... ადამიანი არ არის მხოლოდ მიწაზე მიჯაჭვული არსება. მასში ღმერთმა რომ ჩადო სიზმარი, ეს საოცრებაა. მისტიკა, რაც სიზმრის სახით დევს ადამიანში, კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მას. ამიტომაც ადამიანზე ფიქრით არ დავიღლები... ლუარსაბშიც არის მისტიკური ნაკადი - გახსოვთ კუდიან ვარსკვლავზე რომ მსჯელობს?

- თეატრის წინ ვარსკვლავი გაგიხსნეს. ვერ ვიტყვი, რომ თქვენი ცხოვრების მიზანი ასრულდა, მაგრამ თავისი მნიშვნელობა ამასაც ექნებოდა.

- ცხადია, აქვს მნიშვნელობა. მშიერს რომ მისცე ცხელი პური, ხომ არის მნიშვნელოვანი? ამქვეყნად უამრავი მნიშვნელოვანი რამ არის და რომელია უფრო ღირებული, თავად განსაზღვრეთ... იმერეთში იცოდნენ, პოტიკია ყველაფერიო... ამაოებაა ყველაფერი... თუმცა, რომ სუნთქავ, მშვენიერი რამ არის... ბუნების და სილამაზის შეგრძნება თუ გაქვს, წამიერი აღტაცება თუ შეგიძლია, ეს აშენებს ყველაფერს...