წყვილები: მერლინ მონრო და ჯონ კენედი - კვირის პალიტრა

წყვილები: მერლინ მონრო და ჯონ კენედი

არავინ იცის, როგორ წარიმართებოდა მისი ცხოვრება, ბუნებას რომ არ დაეჯილდოებინა მშვენიერი სხეულით, ლამაზი სახითა და საოცარი მომხიბვლელობით... და კიდევ... რომ არ ყოფილიყო ამერიკის პრეზიდენტის რჩეული, თუნდაც მცირე ხნით. მერლინ მონრო ამერიკის სექს-სიმბოლო, მილიონობით ქალის შურის ობიექტი და უამრავი მამაკაცის საოცნებო ზმანება, რომელიც 60-იან წლებში უცებ გაბრწყინდა, ტრაგიკული პიროვნება გახლდათ.

 

მისი ნამდვილი სახელი ნორმა ჯინ ბეიკერ მორტინსონი იყო. იგი 1926 წლის 1 ივნისს დაიბადა ლოს-ანჯელესში და ძალიან ახალგაზრდა, გაურკვეველ სიტუაციაში გარდაიცვალა. გაურკვეველში იმიტომ, რომ მისი სიკვდილის ათას ვერსიას ასახელებდნენ. დასკვნა კი ასეთი იყო - წამლის ზედოზირება. ოცი წელი იმუშავა საიდუმლო მასალებზე რობერტ სლეტცერმა, რომელიც მერლინთან მეგობრობდა. ბევრი მას მერლინის მეოთხე ქმრადაც მოიაზრებდა, თუმცა ეს მხოლოდ ვერსია იყო. რობერტი მონროს ერთგული მეგობარი გახლდათ. იგი ეჭვობდა, რომ მერლინის სიკვდილში სხვისი ხელი ერია... რობერტი დეტექტივთან ერთად საგულდაგულოდ იკვლევდა ვარსკვლავის გასაიდუმლოებულ სიკვდილს. სწორედ მისი წყალობით ეჭვქვეშ დადგა მონროს გარდაცვალების ოფიციალური ვერსია.

"პირველ რიგში ვცდილობ, დავარწმუნო საკუთარი თავი, რომ პიროვნება ვარ, შემდეგ ალბათ, შევეცდები დავარწმუნო თავი, რომ მსახიობი ვარ",-ამბობდა მერლინ მონრო, მაგრამ მიუხედავად დიდი მცდელობისა, ყველასთვის მაინც მაცდურ ლამაზმანად რჩებოდა, მისი მსახიობური ნიჭის დანახვა კი არავის უნდოდა.

ფილმებიც ამას ცხადჰყოფს - სექსუალურ ან ქარაფშუტა ქალს ასახიერებს. არადა, ბევრი რეჟისორი და მსახიობი, მათ შორის ლოურენს ოლივიე აღნიშნავდა, რომ მერლინის სამსახიობო ტალანტი უდავო იყო. თუმცა, მაინც არაფერი იცვლებოდა. მხოლოდ ერთხელ ითამაშა მერლინმა დრამატული როლი და ისიც მისი ბოლო ნამუშევარი აღმოჩნდა. ეს გახლდათ ფილმი "რესლესი". გადაღებიდან ძალიან მალე მერლინი გარდაიცვალა.

ლეგენდარულ მერლინ მონროს სამი ოფიციალური ქმარი ჰყავდა და მაინც, მის სახელს ყველაზე ხშირად ამერიკის პრეზიდენტთან აკავშირებენ. როგორი იყო მერლინის ცხოვრება მეუღლეებთან ან მათ გარეშე? იყო მწუხარებაც, გაურკვევლობაც, სიხარულიც, წარმატებაც და ბედნიერებაც...  მას შემდეგ კი, რაც ჯონ ფიცჯერალდ კენედი გაიცნო, ოცნებობდა, პირველი ლედი გამხდარიყო. სწორედ, ამ ოცნებამ შეიწირა...

მერლინი, უფრო სწორად, ნორმა ჯინ ბეიკერ მორტენსონი (მაშინ ხომ ჯერ არ ერქვა ლეგენდარული სახელი) 16 წლისა იყო, როცა ჯიმ დაგერტი შეუყვარდა. ვაჟი მხოლოდ 4 წლით იყო მასზე უფროსი, მაგრამ ყველანაირად ცდილობდა, საყვარელი გოგონასთვის არაფერი გაეჭირვებინა. იგი დაკრძალვის ბიუროში მუშაობდა. დაქორწინების  შემდეგ დაგერტმა სავაჭრო ფლოტში დაიწყო მუშაობა, ნორმამ კი-საავიაციო ქარხანაში, თან სამოდელო კარიერას შეუდგა. ცოლქმრული ცხოვრების მესამე წელს ეჭვიანმა ქმარმა ცოლს კატეგორიულად მოსთხოვა: ან მე, ან ჟურნალებიო. მაშინ ნორმამ თავი აარიდა პასუხის გაცემას, მაგრამ როცა დაგერტი შორეულ ნაოსნობაში გაემგზავრა, ნორმამ მას განქორწინებისთვის ყველა მოწმობა გაუგზავნა... განქორწინების შემდეგ ნორმამ ფოტოსამოდელო ბიზნესში დიდ წარმატებებს მიაღწია. ულამაზესი გოგონა რეჟისორებმაც უმალ შეამჩნიეს და ერთმანეთის მიყოლებით გამოვიდა ფილმები. მაშინ მას უკვე მერლინი ერქვა.

მერლინის მეორე ქმარი ბეისბოლის ვარსკვლავი, ჯო დი მაჯო გახლდათ. მას თავიდანვე არ მოსწონდა მერლინის საქმიანობა, განსაკუთრებით ფოტოსესიები. უკმაყოფილებამ მალე იჩინა თავი და ცოლ-ქმარი 9 თვეში დაშორდა. მიუხედავად ამისა, ჯო დი მაჯო მუდმივად ეხმარებოდა მერლინს. როგორც კი გაუჭირდებოდა, მაშინვე მის გვერდით ჩნდებოდა. მონროს დაკრძალვის ხარჯებიც მთლიანად მან გაიღო.

მესამე მეუღლე გახლდათ დრამატურგი არტურ მილერი. მათ ერთმანეთი ჰოლივუდში გაიცნეს, თუმცა გაცნობიდან მხოლოდ 5 წლის შემდეგ განაახლეს შეხვედრა და მალე მათი რომანი ყველასთვის ცნობილი გახდა. არტურმა დატოვა ცოლი-შვილი და მერლინი შეირთო. ეს 1956 წელს მოხდა. მერლინი ქმრით აღფრთოვანებული იყო, "ჩემს სიცოცხლეს" უწოდებდა, მაგრამ... ბედნიერებამ მხოლოდ 4 წელიწადს გასტანა, დაშორდნენ, მიზეზი კი ხასიათების შეუთავსებლობა იყო. განქორწინების შემდეგ მილერმა სპეციალურად მერლინისათვის დაწერა ნაწარმოები, რომელიც ფილმად გადაიღეს და იქ მერლინმა პირველად მის სიცოცხლეში სერიოზული როლი მიიღო.

KvirisPalitra.Geროცა მერლინის ცხოვრებაში გამოჩნდა პრეზიდენტი, ქალს იგი მართლაც ძალიან შეუყვარდა. მის გვერდით მერლინს აღარაფერი ახსოვდა, არც კენედი აკლებდა თურმე სიყვარულსა და ყურადღებას, მაგრამ მათი ურთიერთობა უცებ დასრულდა. აგორებულ ჭორებს, ოჯახის დანგრევით შექმნილ პრობლემებსა და პოლიტიკური კარიერის დაღმასვლას ვერ შეეგუებოდა პრეზიდენტი. არადა, ქალს უკვე ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ კენედი ცოლს გაშორდებოდა და პირველი ლედობაც ეღირსებოდა.

ასე არ მოხდა. დეპრესიაში ჩავარდნილმა მერლინმა გადაწყვიტა ყოფილი საყვარლის ერთ-ერთი ძმა, რობერტი მაინც ჩაეგდო ხელში. ეს მის ოცნებებს ნაწილობრივ მაინც შეასხამდა ფრთებს და რაც მთავარია, ჯონზეც შურს იძიებდა, რომელმაც კარიერის გამო ასე უცებ შეაქცია ზურგი ჰოლივუდის ყველაზე ლამაზსა და სექსუალურ ქალს. კენედებთან ურთიერთობა მერლინს სიცოცხლის ფასად დაუჯდა. 20-წლიანი კვლევა-ძიების შემდეგ ბევრ რამეს აეხადა ფარდა. როცა რობერტმაც შეანელა ყურადღება მონროს მიმართ, ქალმა დაშანტაჟება დაუწყო, იმუქრებოდა, რომ არა მარტო რობერტს (მაშინ იგი იუსტიციის მინისტრი იყო), არამედ პრეზიდენტსაც ამხელდა და მსოფლიოს გააგებინებდა, რომ იგი ორივე ძმის საყვარელი იყო.

იმ პერიოდში ძმები კარიერის ზენიტში იყვნენ, სკანდალი არ აწყობდათ... და ტრაგედიაც საკმაოდ ბუნებრივად მოხდა: ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს მიჩვეული მერლინი 1962 წლის 5 აგვისტოს, დილით, პოლიციამ კალიფორნიის მდიდრულ ვილაში მკვდარი იპოვა. ბევრს მიაჩნდა, რომ ეს მერლინის ბოჰემური ცხოვრების სრულიად ლოგიკური დასასრული იყო. მას ხომ  მოახლოებულ სიბერეზე ფიქრი გამუდმებით თან სდევდა. გარდა ამისა, მიუხედავად პოპულარობისა, მონროს მუდმივად დაუკმაყოფილებლობის გრძნობა ჰქონდა, სიყვარულშიც არ უმართლებდა. შვილებზე ოცნებობდა, მაგრამ არჩევანი მაინც კარიერაზე გააკეთა. ხალხს ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ეს ყველაფერი იყო მიზეზი მისი ნაადრევი სიკვდილისა, თუმცა წლების შემდეგ გამოძიების კვალმა კენედებთან მიიყვანა დეტექტივები. იმ სიყვარულმა, რომლითაც მერლინი ყველაზე მეტად აღფთრთოვანებული და ბედნიერი იყო, მისი სიცოცხლე შეიწირა.

(სპეციალურად საიტისათვისათვის)