სცენა ხალხის მისწრაფებათა გამომხატველია - კვირის პალიტრა

სცენა ხალხის მისწრაფებათა გამომხატველია

ვის არ ხიბლავს საუკუნეთა მანძილზე შექმნილი ქართული ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ძეგლები. ვის არ ატკბობს ქართული ხალხური მუსიკა თავისი წარმტაცი მელოდიებით, ვის არ აოცებს ჩვენი ხალხის გენიის გამომხატველი ხალხური პოეზიის საგანძური. გასაკვირიც არ არის, რომ ერს, რომელმაც თავისი უკვდავების ეს ძეგლები შექმნა, ამის შესადარი თეატრალური ხელოვნებაც ჰქონოდა.

 

საქართველო სანახაობითი კულტურის უძველეს კერას წარმოადგენს. ქართული თეატრალური ტრადიციები ჯერ კიდევ ანტიკური დროიდან მომდინარეობს. თეატრალური კულტურის დიდ ტრადიციას საქართველოში ადასტურებს უფლისციხის ნაგებობათა კომპლექსში დღემდე შემონახული სათეატრო შენობა, სასცენო დარბაზითა და ადგილებით, რომლებიც, როგორც მკვლევარები ფიქრობენ, ჩვენი წელთაღრიცხვის II-III საუკუნეებს მიეკუთვნებიან.

თეატრალური ტრადიცია ცოცხლობდა შუა საუკუნეებშიც, როცა შემუშავდა ქართული თეატრალური კულტურის თავისებური ფორმა _ „სახიობა“. მისი წარმოდგენები იმართებოდა სასახლეებში, საზეიმო დღეობებსა და საბაზრო მოედნებზე.

დღევანდელი თეატრალური აფიშის წინამორბედი მცირე ზომის ქაღალდი, პანკრატი გახლდათ. რომელსაც თეატრის შესასვლელთან აკრავდენენ. XVIII-XIX საუკუნეებში აფიშების შექმნის ხელოვნებამ მხატვრული კომპოზიციის დონეს მიაღწია.

დროთა განმავლობაში ვითარდებოდა ახალი შინაარსისა და ფორმის სანახაობითი კულტურა, _ მძაფრი სოციალური შინაარსით „ბერიკაობა“ და დიდი სალაშქრო, საკარნავალო სანახაობა _ „ყეენობა“. თეატრალური კულტურის ეს ხალხური ფორმები ქართველმა ხალხმა ჩვენს დრომდე შემოინახა.

1850 წლის 14 იანვარს, თბილისის გიმნაზიის დარბაზში დრამატურგ გიორგი ერისთავის პიესის „გაყრის“ დადგმით დაიწყო განახლებული ქართული თეატრის ისტორია. მალე, თბილისის გარდა პერიფერიებშიც შეიქმნა სცენისმოყვარეთა სექციები (დასები), რომლებიც წარმოდგენებს მართავდნენ, აღებულ თანხას კი თეატრისავე საჭირობისა და ქველმოქმედებისთვის იყენებდნენ. იმთავითვე, თეატრი მარტო გასართობი სანახაობა კი არა, უდიდესი აღმზრდელობითი ფუნქციის მქონე მოვლენა და ხალხთა შორის ურთიერთგაგების განმტკიცების საშუალება იყო.

ახალი ქართული თეატრის აღდგენას განსაკუთრებით შეუწყო ხელი მსოფლიოში მოწინავე რეალისტურ თეატრებთან მჭიდრო ურთიერთობამ. თეატრის აღდგენაში გადამწყვეტი როლი შეასრულეს  პროგრესულ წრეებთან დაკავშირებულმა ქართველმა მწერლებმა. მათი ნაყოფიერი მოღვაწეობის შედეგად, გიორგი ერისთავმა აღადგინა ქართული თეატრი, რომელიც ძველი ქართული თეატრალური კულტურის ტრადიციების გამგრძელებელი იყო. გიორგი ერისთავი ამავე დროს ქართული რეალისტური დრამატურგიის ფუძემდებელია. განახლებულ ქართულ თეატრს, არსებითი საფუძველი მისი პიესებით ჩაეყარა. თავის კომედიებში გიორგი ერისთავი რეალისტურად, მძაფრი სატირული სიმახვილით ასახავდა საქართველოს სინამდვილეს, ფეოდალური არისტოკრატიის დეგრადაციას, ახლად ფეხადგმული სავაჭრო–სავახშო კაპიტალის მახინჯ მხარეებს, მეფის მოხელეთა უმსგავსო მოქმედებას. ამის გამო მეფის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ქართული თეატრალური განვითარების შეფერხებისათვის ყველა ღონეს ხმარობდენენ, რაც 1856 წელს ერისთავის თეატრალური დასის დაშლის მიზეზად იქცა. 70–იანი წლების ბოლომდე, ქართველ დრამატურგთა პიესების დადგმები მხოლოდ მოყვარული თეატრების მიერ ხორცილედებოდა.

დასავლური დემოკრატიის იდეებზე აღზრდილმა ქართველმა მწერლებმა: ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა, ივანე მაჩაბელმა და თბილისის მოწინავე საზოგადო მოღვაწეთა ჯგუმა 1879 წელს კვლავ განაახლეს ქართული თეატრი და ის ნაციონალურ–განმათავისუფლებელი მოძრაობის კერად აქციეს. მათ ქართული თეატრი მიმართეს ბიუროკრატიული მონარქიისა და მისი კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ. ქართული სცენა ხალხის მისწრაფებათა გამომხატველად შეიქმნა.

1881 წლის 18 იანვარს დაფუძნდა დრამატული საზოგადოება, რომლის პირველ ყრილობაზე თავმჯდომარედ ილია ჭაჭავაძე, ხოლო მოადგილედ აკაკი წერეთელი აირჩიეს. ისინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ქართულ თეატრს, როგორც პროგრესული იდეებისა და ეროვნული თავისულებისთვის ბრძოლის სარბიელს. თეატრის საზოგადოებრივი როლის შესახებ, ილია წერდა : „თეატრი ადამიანს კულტურასა ჰძენს, კარგი აქტიორი, ნიჭიერი მაყურებელი, ცხოველი ოვაცია, აი თეატრი“.

ქართული სამსახიობო სკოლის ნაკვალევზე აღიზარდნენ გენიალური მსახიობები: ვასო აბაშიძე, მარიამ საფაროვ–აბაშიძე, ვალერიან გუნია, ტასო აბაშიძე, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, ვასო გოძიაშვილი, ვერიკო ანჯაფარიძე, სესილია თაყაიშვილი, უშანგი ჩხეიძე, აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე და სხვები, ყველა მათგანი ჩვენს      მახსოვრობაში აღბეჭდილნი არიან, როგორც უზადო ნიჭისა და ოსტატობის მსახიობები, რომელთაც სახელი გაუთქვეს ქრთულ სასცენო ხელოვნებას.

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო თეატრალური ხელოვნების განვითარების საქმეში დიდია ქართველი მსახიობებისა და რეჟისორების წვლილი. მათ არა მარტო ერთი და ორი ქართული სპექტაკლი უჩვენეს უცხოელ მაყურებელს, არამედ წარმატებით განასახიერეს საზღვარგარეთელ მწერალთა და დრამატურგთა ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი სცენიური სახეები.

დაუვიწყარია, ბრწყინვალე ნიჭის მქონე მოღვაწეთა სახელები: სანდრო ახმეტელი, შალვა დადიანი, მიხეილ თუმანიშვილი... , რომლებიც თავიანთი ინდივიდუალობით, პიროვნული და მოქალაქეობრივი თვისებებით შემოქმედის ეტალონად იქცნენ.

დღესდღეობით, განთქმული და სახელმოხვეჭილია ქართული თეატრი, ამ გარემოებას ხელი დიდად შეუწყო ქართული თეატრის რეფორმატორმა, სწორუპოვარმა კოტე მარჯანიშვილმა. ქართული თეატრების სცენებზე განხორციელებულმა მნიშვნელოვანმა დადგმებმა, როგორებიცაა: ფ.შილერის „ყაჩაღები“, უ.შექსპირის „ოტელო“, „ჰამლეტი“, ბ.ლავრენიევის „რღვევა“, ა.შტოკის „ღვთაებრივი კომედია“, კ.გუცკოვის „ურიელ აკოსტა“, სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“ დიდი როლი ითამაშეს საზოგადოების გემოვნების ჩამოყალიბებისა და დახვეწის საქმეში.

თეატრის სიყვარული უკურნებელი სენივითაა, თუ სულში ერთხელ ჩაგისახლდა, თავის მაგნიტურ არეში მოგიცავს. გასული საუკუნის სასცენო ხელოვნების ოსტატებმა შეგვაყვარეს თეატრი და მას შემდეგ ხელოვნების ეს დიდი ფაქტორი ჩვენი ცხოვრების განუყრელ ნაწილადაა ქცეული.

27 მარტს მსოფლიო თეატრის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ქართული თეატრის მნიშვნელოვანი წარსულის გახსენებაც ამ ფაქტმა განაპირობა.

შოთა პაპავა, 15 წლის

სამტრედია.