ვინ უფრო საშიშია - კოლაბორაციონისტი ინტელიგენტი თუ კოლაბორაციონისტი ქართველი გლეხი? - კვირის პალიტრა

ვინ უფრო საშიშია - კოლაბორაციონისტი ინტელიგენტი თუ კოლაბორაციონისტი ქართველი გლეხი?

რა უფრო სახიფათოა, კახელი გლეხის მიერ საკუთარი სახლის სახურავზე აღმართული რუსული დროშა, თუ ქართული ინტელიგენციის ერთი ნაწილის მიერ რუსეთის სახალხო არტისტის, სერგეი ბეზრუკოვის საქართველოში ჩამოსვლის მოთხოვნით გავრცელებული მიმართვა?

კიდევ უფრო თუ დავკონკრეტდებით, ვინ უფრო საშიშია ქართული სახელმწიფობრიობისათვის: ვაჩნაძიანელი არჩილ ნაპირელი და ახმეტელი გოგიტა სამუკაშვილი, თუ მომღერალი მამუკა ჩარკვიანი და მსახიობი ზურაბ ყიფშიძე?

პასუხი თითქოს მარტივია.

რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების მიერ გაჟღერებულ ყოველ სიტყვას მეტი წონა და ფასი აქვს, ამიტომაც ზოგადად, ცხადია, ინტელიგენციის კოლაბორაციონიზმი უფრო სახიფათოა, ვიდრე რომელიღაც რიგითი მოქალაქის მიერ საკუთარი პოლიტიკური შეხედულების საჯარო დემონსტრირება, მაგრამ ეს შესაძლოა მართალი იყოს სხვაგან, თუნდაც ინდოეთში და არა საქართველოში.

და აი რატომ...

სამწუხაროდ ქართული ინტელიგენციის უდიდესი ნაწილი იყო და დღემდე რჩება კონფორმიზმის ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულებად ჩვენს უახლოეს ისტორიაში.

მესმის, რომ ასეთი ტიპის განცხადებები უკიდურესად მტკივნეული და მიუღებელია პირველ რიგში თავად ინტელიგენციის ამ ნაწილისათვის. მამუკა ჩარკვიანიც და ზურაბ ყიფშიძეც მიუხედავად მათი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი პოზიციებისა, პირადად ჩემთვისაც იყვნენ და დარჩებიან ხელოვნებად, რომელთა შემოქმედება უდაოდ პატივისცემას იმსახურებს, მაგრამ რა ვუყოთ ფაქტებს, რომლებიც აშკარად მიუთითებს შემოქმედი ადამიანების ერთი ნაწილის უპრინციპობაზე ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტისას, საშინაო პოლიტიკასა თუ საგარეო გამოწვევების წინაშე.

მაგრამ ეს სულ სხვა თემაა. ამაზე საჯაროდ საუბრის გამო არაერთი დიდი ქართველი გაუკრავთ ჯვარზე საბჭოთა ინტელიგენციას და მასთან დაახლოებულ პოლიტიკურ ძალებს.

ამიტომაც ამას მეტ-ნაკლებად მივეჩვიეთ კიდეც და ერთგვარი იმუნიტეტიც გამოგვიმუშავდა.

მივეჩვიეთ, რომ სამოცდაათწლიანმა კომუნისტურმა რეჟიმმა შვა ინტელექტუალური ბაცილა, რომელიც იმდენად ღრმად არის გამჯდარი, რომ მის ამოძირკვა-ამოშანთვას ოცწლიანი დამოუკიდებლობა ვერ ეყოფოდა.

ეს ადამიანები დაიბადნენ და გაიზარდნენ საბჭოთა ქვეყანაში. მიიღეს საბჭოური განათლება. გამოდიოდნენ საბჭოთა სცენებზე. იღებდნენ საბჭოთა პრემიებს, პრიზებს, ჯილდოებს. იცნობენ და მეგობრობენ სხვა ყოფილი მოძმე რესპუბლიკების საბჭოთა ხელოვანებთან და შესაბამისად იყვნენ, დარჩნენ და გარდაიცვლებიან, როგორც საბჭოთა ხელოვანები.

რადგან ზოგადად კოლონიური ქვეყნის შვილობა არა ფიზიკური, არამედ სულიერი მდგომარეობაა. ამ მდგომარეობიდან ტრასფორმაცია კი მხოლოდ ისეთ მამულიშვილებს შეუძლიათ, როგორებიც ილია ჭავჭავაძე, მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდიაა.

გმირობას და სამშობლოსათვის სიკვდილს კი ყველას ვერ მოთხოვ.

და არც არის საჭირო.

გავა დრო. ეს ადამიანები წავლენ სცენიდან. მათ ადგილს ახალგაზრდა შემოქმედები დაიკავებენ, ვისთვისაც უცხო იქნება კოლაბორაციონიზმი. მოვა თაობა, რომელიც შესაძლოა ჯერ არც კი დაბადებულა, მაგრამ მანამდე მთავარია, მივაღწიოთ როგორმე.

მიღწევას კი პირველ რიგში ბრძოლა სჭირდება და არა ხელების ჩამოშვება.

ბრძოლით საქართველოში ყოველთვის გლეხკაცი იბრძოდა.

იბრძოდა მაშინაც, როცა ცალი ხელით ვენახს სხლავდა.

იბრძოდა მაშინაც, როცა ერთი ფეხი სამარეში ედგა.

იბრძოდა მაშინაც, როცა იცოდა, რომ დამარცხდებოდა.

რადგან იცოდა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

ამიტომაც არის საგანგაშო კახელი გლეხკაცის მიერ საკუთარი სახლის სახურავზე ოკუპანტის დროშის აფრიალება.

ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე.

ასეთ რამეს ვერ წარმოიდგენდნენ 9 აპრილს დაღუპული ჩვენი ძმები და დები.

ასეთი რამ არ უკადრიათ აფხაზეთიდან დევნილ, სახელმწიფოსგან დაუცველ, შეურაცხყოფილ ჩვენს თანამოქალაქეებს და მამა-პაპასეული მიწიდან ორგზის აყრილ სამაჩაბლოელებს.

ეს უკვე ერის საბოლოო გადაშენება-გადაგვარების გზაზე შედგომაა.

ეს ის ზღვარია, რომლის იქითაც სამშობლო მთავრდება.

ამიტომაც ამას მხოლოდ კანონების გამკაცრებით და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით ვერ უშველი.

ამის მკურნალი ისევ ბრძოლა შეიძლება იყოს.

ის რამაც აქამდე მოგვიყვანა ფიზიკურად და გადაგვარჩინა გადაჯიშებას.

ბრძოლა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე...

ამირან გიგუაშვილი

9 აპრილი 2014 წელი