ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობა თუ თვითმკვლელობა ? - კვირის პალიტრა

ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობა თუ თვითმკვლელობა ?

რეზონანსულ საქმეთა კრიმინალური საკითხავი.

"ამ საზარელ მკვლელობას პასუხი უნდა გაეცეს"-საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

"ჩემთვის პირადად გაუგებარია გიორგი მარგველაშვილის ეს განცხადება. მიმდინარეობს გამოძიება და დადგინდება, ეს იყო მკვლელობა თუ თვითმკვლელობა. დაველოდოთ გამოძიებას"-ვიცე პრემიერი კახა კალაძე.

"ეს იყო კლასიკური მიბჯენა, ლულის ანაბეჭდი პირდაპირ არის კანზე აღბეჭდილი, შეიძლება ითქვას, კანზე პირდაპირ ხატია ლულის კვალი თავისი ზომებით"-დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი

"2014 წლის 15 ივლისს, შემოვიდა შეტყობინება მასზედ, რომ ქალაქ თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, #37-ე "დ" კორპუსის მიწისქვეშა ავტოფარეხში გაჩერებულ ავტომანქანაში აღმოჩენილი იყო მამაკაცის გვამი. მითითებული შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (პიროვნების თვითმკვლელობამდე მიყვანა).-საქართველოს მთავარი პროკურატურის ოფიციალური განცხადება ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

მაინც რა მოხდა სინამდვილეში ?

წინასწარ მხოლოდ ერთი რამის მტკიცება შეიძლება.

ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტი, იმ რეზონანსულ საქმეებს მიემატება, რომელთა შესახებაც დღემდე არსებობს კითხვები საზოგადოებაში.

ამისათვის მრავალი ფაქტორი არსებობს. თავად ეროსი კიწმარიშვილის მრავალმხრივი ბიზნეს და პოლიტიკური ინტერესები, საზოგადოების მიდრეკილება შეთქმულების თეორების მიმართ და რაც მთავარია, ჩვენი პოლიტიკური ისტებლიშმენტის დიდი ნაწილის ზღვარგადასული ამორალიზმი, ნებისმიერ ფასად მოიპოვონ დივიდენდები, საკუთარი მერკანტილური მიზნების განსახორციელებლად.

მიუხედავად ამისა, როგორც იურისტი შევეცდები რამდენიმე ყველაზე აქტუალურ კითხვას მაინც გავცე შეძლებისდაგვარად კომპეტენტური და ობიექტური პასუხი.

კითხვა ნომერი პირველი-სწორად მიენიჭა თუ არა კვალიფიკაცია გამოძიების მიერ მოცემულ საქმეს?

პასუხი-ყველა სისხლის სამართლის საქმეს გამოძიების დასაწყისშივე უნდა მიენიჭოს კონკრეტული მუხლი ე.წ. სამუშაო კვალიფიკაცია. ძიების პროცესში, როგორც კი რამდენიმე შერჩეული ვერსიიდან, რომელიმეს სასარგებლოდ მოხდება მტკიცებულებების დამაგრება, პროკურორი მოვალეა მოახდინოს მუხლის გადაკვალიფიცირება დასაბუთებული ვარაუდისათვის საჭირო კრიტერიუმის სტანდარტით.

რაც შეეხება დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს. ეს არის ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც მოცემული სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა ერთობლიობით დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს დანაშაულის ნიშნების არსებობის შესახებ დასკვნის გამოტანისთვის (იხ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი).

მკითხველისათვის უფრო ნათელი რომ იყოს მთელი ეს პროცესუალური წიაღსვლები, მარტივად ასე შეიძლება ითქვას: წინასწარი გამოძიების ეტაპი, იმიტომაც არის წინასწარი, რომ წარდგენილი კვალიფიკაცია მხოლოდ სამუშაო ვერსიაა. რაც შეეხება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლს, გავრცელებული პრაქტიკით, როდესაც გვამს პოულობენ იზოლირებულ სივრცეში, რომელსაც ძალადობის აშკარა ნიშნები არ აღენიშნება და მით უფრო როდესაც იქვე მასზე გაფორმებულ იარაღს აღმოაჩენენ, სტანდარტულად გამოძიება სწორედ ამ მუხლით იწყება. ასე იყო სააკაშვილის დროსაც, შევარდნაძის დროსაც და თქვენ წარმოიდგინეთ საბჭოთა კავშირის დროსაც კი. ასე რომ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების მიერ საწყისი კვალიფიკაცია სწორად იქნა შერჩეული და მთავარი ის კი არ არის რა მუხლით დაიწყო გამოძიება, მთავარია რა მუხლით დასრულდება ეს საქმე, ან საერთოდ დასრულდება თუ არა.

კითხვა ნომერი მეორე- როგორ უნდა დადგინდეს თვითმკვლელობა იყოს ეს ფაქტი, გაუფრთხილებლობა თუ მკვლელობა?

პასუხი - ამისათვის საჭიროა ჩატარდეს სრულფასოვანი და ამომწურავი გამოძიება. სამედიცინო, კრიმინალისტიკური, დაქტილოსკოპიური, ბიოლოგიური და სხვა სახის ექსპერტიზები. ამოღებული იქნეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. სატელეფონო ჩანაწერები. პერსონალური კომპიუტერის მონაცემები. პირადი მიმოწერა. გადამოწმდეს კავშირები და ინტერესები უახლოეს წარსულში. დაიკითხოს ყველა პირდაპირი და ირიბი მოწმე. ოჯახის წევრები, მეგობრები. შეფასდეს და გაანალიზდეს მიღებული ინფორმაცია, მოპოვებული მტკიცებულებები და მხოლოდ ამის შემდეგ დადგინდება მაღალი ალბათობით რა მოხდა სინამდვილეში. მანამდე გაჟღერებული ყველა ვერსია, განსაკუთრებით პოლიტიკოსების მხრიდან მინიმუმ არაპროფესიონალიზმია, მაქსიმუმ დემაგოგია.

კითხვა ნომერი მესამე - შეეძლო თუ არა კიწმარიშვილს თავი მოეკლა?

პასუხი - მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაზე აქტუალური კითხვაა, იგი ცხადია იურისპრუდენციის ფარგლებს ცდება. ჩემი სუბიექტური დამოკიდებულების გათვალისწინებით და პროფესიული გამოცდილებით შემიძლია გულწრფელად განვაცხადო, რომ არა მხოლოდ ეროსი კიწმარიშვილს, თითოეულ ჩვენგანს, გარკვეულ ტრაგიკულ მოვლენათა თანხვედრისას შეუძლია გადადგას ეს საბედისწერო ნაბიჯი. ასე ყოფილა აქამდე, ასე იქნება მომავალშიც. ჩემი პროფესიული გამოცდილება ასევე იმასაც ადასტურებს, რომ ყოველ ადამიანს, გარდა საზოგადოებისათვის ნაცნობი სახისა, მეორე მე, ანუ სხვა ცხოვრებაც გააჩნია, რომელსაც იგი ყველასგან, ხშირ შემთხვევაში საკუთარი ოჯახის წევრებისგანაც კი საგულდაგულოდ მალავს და რომლის გამჟღავნებასაც ზოგჯერ ტრაგიკულ შედეგებამდე მივყავართ.

კითხვა ნომერი მეოთხე - ეყოფა თუ არა ნება ხელისუფლებას ბოლომდე მიიყვანოს გამოძიება ლოგიკურ დასასრულამდე და საზოგადოებას სრული სიმართლე უთხრას. თუნდაც ეს სიმართლე მწარე იყოს ოჯახის წევრებისთვის ან თავად ხელისუფლების იმიჯისთვის?

პასუხი - რაც უფრო შეეცდება ხელისუფლება სიმართლის დამალვას, მით უფრო მეტად დაზარალდება იგი. ეროსი კიწმარიშვილი გამორჩეული ხასიათის, მიღწევების და გეგმების მქონე ადამიანი იყო, შესაბამისად მისი გარდაცვალების ფაქტი მუდმივად აქტუალური იქნება. საზოგადოება მანამდე არ მოისვენებს, ვიდრე მეტ-ნაკლებად დამაჯერებელ არგუმენტებს არ იხილავს. როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ძიების საბოლოო შედეგები, ის აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს. ამ ხელისუფლებას მაგალითად აქვს წინა ხელისუფლების შეცდომები, როდესაც გარკვეული პოლიტიკური კონიუნქტურის თუ საკუთარ მაღალჩინოსნებზე ხელის დაფარების მოტივით, რეზონანსული საქმეების მიჩქმალვამ, მტკიცებულებების გაყალბებამ თუ პრივილიგირებულ დამნაშავეთა მიმართ გამოვლენილმა ლოიალობამ, საბოლოო ჯამში ძალაუფლების დაკარგვა გამოიწვია. ასეთივე შედეგი ექნება ამ ხელისუფლებასაც თუ გამოძიებას საკუთარ პოლიტიკურ ნებას დაუქვემდებარებს. საკითხი ასე დგას. საზოგადოებაც და ეროსი კიწმარიშვილის ოჯახიც იმსახურებს იმას, რომ სიმართლე იცოდეს. როგორი მწარეც არ უნდა იყოს ეს სიმართლე.

ამირან გიგუაშვილი

ადვოკატი

16 ივლისი 2014 წელი