ფარისევლები VS კაზანტიპი - კვირის პალიტრა

ფარისევლები VS კაზანტიპი

მამულიშვილებმა განგაშის ზარები დაარისხეს.

დიდი განსაცდელის ჟამი დაგვიდგა ძმანო და დანო!

ჟამთა სიავეთა და უკეთურთა ბევრის მნახველია ქართველი ერი, მაგრამ იმ გაუგონარ უბედურებას, რაც ამჯერად დაგვატყდა თავს, ქუდზე კაცის გამოსვლა სჭირდება.

ერთად უნდა დავდგეთ სამშობლოს სადარაჯოზე!

ათასობით უცხოტომელნი, ქალნი და კაცნი აპირებენ ჩვენს მზიან ზღვისპირეთზე შემოსევას და სურთ ქართველობა წაგვართვან.

300 დიჯეი დაუკრავს მუსიკას.

10 საცეკვაო მოედანი გაიმართება.

30 რესტორანსა და ბარში დღისა და ღამის განმავლობაში გაიყიდება საჭმელ-სასმელი.

ასიათასობით ლარს დახარჯავენ ათობით ქვეყნიდან ჩამოთესლილი უცხოტომელები.

იქნება ბევრი მუსიკა, ზღვა, მზე, ალკოჰოლი, ნაკროტიკები (კი გვეუბნებიან არ იქნებაო მაგრამ მაინც) და გართობა.

მუსიკისგან, სიყვარულისგან, ალკოჰოლისგან და ნარკოტიკებისგან გაბრუებული ნახევრად შიშველი ქალები და კაცები ათასგვარ ცოდვას მიეცემიან, თავდავიწყებამდე დატკბებიან ამა ცხოვრების წარმავალი სიამეებით, არ იფიქრებენ ყოველდღიუროების ამაოებაზე, იმქვეყნიურ განკითხვაზე და ვინ იცის იქნებ სექსითაც კი დაკავდნენ ჩვენს წმინდათაწმინდა, ჯერ ისევ პირველყოფილი ხელთუქმნელობით შეურყვნელ პლაჟებზე (აქ ფუი ეშმაკს!).

მოკლედ დღეს, როგორც არასდროს ერთად დგომა და მტერთან გამკლავება გვჭირდება მამულიშვილნო!

მხოლოდ ასე თუ გადავარჩენთ ჩვენ შვილების ხვალინდელ დღეს და დავიცავთ უფლისგან კურთხეულ ჩვენს ქვეყანას, რომლის წართმევასაც ათასწლეულებია ამაოდ ცდილობენ ათასი ჯურის და ჯილაგის მომხდურები.

მაშ, ეხლაც ნუ შეუშინდებით ვერაგ მტერს!

გახსოვდეთ უფალი არ მიატოვებს თავის რჩეულ ერს!

ღმერთს ებარებოდეთ ქართველებო!

დაახლოებით ასეთია მართლმადიდებელ ერისკაცთა (ასე უწოდებენ საკუთარ თავს) პოზიცია კაზანტიპის ფესტივალთან დაკავშირებით, რომელიც სულ რამდენიმე კვირაში უნდა გაიმართოს ანაკლიაში.

სიმართლე გითხრათ დიდად ალბათ არც დავინტერესდებოდი, რა ღონისძიების გამართვას აპირებს ვინმე გამჭრიახი ბიზნესმენი ნიკიტა მარშუნოკი გაგანია აგვისტოს თვეში ცივილიზაციისგან მიტოვებულ ანაკლიის სანაპიროზე, სადაც მზის გულზე წამოწოლილს შეიძლება დინჯად მოსეირნე ღორებმა ნაგვით მოსვრილი დინგიც გაგკრან მეგობრულად ფეხის გულზე, მაგრამ ერისკაცების ატეხილმა განგაშის ზარებმა მეც შემაშფოთეს და განმარისხეს.

აქეთ ვეცი, იქით ვეცი. გადავქექე ეშმაკისგან მოგონილი ინტერნეტი. იუთუბზე კაზანტიპის კლიპებს ვუყურე და მათ შესახებ საიტზე განთავსებულ ინფორმაციასაც გავეცანი. დავუკავშირდი ჩემს უკრაინელ მეგობრებს და დაწვრილებით გამოვკითხე, როგორ ერთობოდნენ ფესტივალის დღეებში სასტიკი უფლისგან დასჯილი ყირიმის მიწაზე. გავეცანი საქართველოს ხელისუფლების გამყიდველ პოზიციას, რომელიც ტურიზმის განვითარების და ინვესტიციების შემოსვლის სანაცვლოდ მზად არის თვით ლუციფერსაც კი შეეკრას. ვისარგებლე მივლინებით, გავიარე ანაკლიაში და გავიგე შეცდენილი ადგილობრივი მოსახლეობის დადებითი განწყობები ტურისტების მოსალოდნელი სიმრავლის შესახებ, გონების თვალი გადავავლე ჩვენს ბედკრულ წარსულს, ტანჯულ აწმყოს, ბუნდოვან მომავალს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი: არაფერი გვეშველება!

პირადად ჩემთვის იესო ქრისტეს ცხოვრება და აღსასრული, პირველ რიგში, საინტერესოა, როგორც ადამიანის ცხოვრება და აღსასრული. მისი ამქვეყნიური სახე, რომლითაც იგი ფარისევლებისა და სადუკველების მიერ მართულ ქვეყანაში განკაცდა. იცხოვრა როგორც უბრალო მოკვდავმა, ევნო როგორც ჩვეულებრივი ადამიანი და სიცოცხლის ფასად გაცემული ზნეობრივი თავისუფლების მაგალითით დაანგრია იმ დროინდელ მსოფლიოში არსებული კონფორმისტული წესრიგი.

მანამდეც და მას შემდეგაც ადამიანური ბუნების მუდმივი საზრუნავი თავისუფლებისკენ ლტოლვაა. თავისუფლებისათვის იწყებოდა ომები, თავისუფლებისათვის წყუროდათ ძალაუფლება, სხვათა დამონება, სიმდიდრე, გავლენის მოპოვება.

განმათავისუფლების სახელით მოდიოდნენ ამ ქვეყნად ყველაზე სისხლისმსმელი დიქტატორები. იპყრობდნენ მეზობელ სახელმწიფოებს, აჩანაგებდნენ ქალაქებს, სპობდნენ მილიონობით ადამიანის სიცხოცხლეს, აშენებდნენ გულაგებს, საკონცეტრაციო ბანაკებს, გაზის კამერებში გუდავდნენ ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს და მათი შიმშილისგან ნაწამები, უსულო სხეულიდან საპონს ადნობდნენ. თავისუფლების სახელით...

კაზანტიპის რესპუბლიკის კონცეფციაც თავისუფლების კონცეფციაა. ეს არის ვირტუალური ქვეყანა, რომელში მოხვედრაც ყოველგვარი ვალდებულებისგან გათავისუფლებთ და მაშასადამე უსაზღვრო თავისუფლებას მოგანიჭებთ.

კაზანტიპის რესპუბლიკაში არ არსებობენ უფროსები და უმცროსები, კეთილები და ბოროტები, მდიდრები და ღარიბები, გამარჯვებულები და დამარცხებულები, ჭკვიანები და უგნურები, ცოდვილები და უცოდველები.

აქ ყველა თანასწორია. თანასწორად ცოდვილი, თანასწორად უცოდველი და მაშასადამე ყველა ბედნიერია.

აქ არის ბევრი მუსიკა, ზღვა, ალკოჰოლი, ნარკოტიკი და სექსი.

ეს არის მიწიერი სამოთხე. ვირტუალური, დროებითი, მაგრამ მაინც სამოთხე, რომლითაც შეგიძლიათ თქვენს ყველაზე ფარულ, ვერგამხელილ ზრახვებს გასაქანი მისცეთ.

კაზანტიპის პრეზიდენტმა და დამაარსებელმა, ნიკიტა მარშუნოკმა იცის როგორ გააკეთოს ფული. ბევრი ფული. ის ადამიანის ცოდვებს ყიდის, ოღონდ სხვა ნაკლებად გამჭრიახი ბიზნესმენებისგან განსხვავებით ადამიანის ცოდვებს მარკეტინგული შეფუთვით თავისუფლებას არქმევს.

შესაბამისად მთავარი კითხვაც აქ ჩნდება.

ვინაიდან ნიკიტა მარშუნოკი კაზანტიპის დამაარსებელი და ყველაზე ცნობილი მოქალაქეა, რითი სჯობია მას, მაგალითად ასევე ყველაზე ცნობილი და საერთაშორისო მასშტაბის ქართველი ფარისეველი თამარ ივერი?

ვინც არ იცის შევახსენებ (თუმცა არა მგონია ვინმეს შეხსენება სჭირდებოდეს), ეს ის ქალბატონია, რომელმაც იაფფასიანი ქულების დაწერის მიზნით, ჯერ აბსოლიტურად უცერემონიო, ურაპატრიოტული და კაცთმოძულეობით აღსავსე წერილი გამოაცხო, შემდეგ ასევე უცერემონიოდ მოიხადა ბოდიში, შემდეგ კიდევ უფრო უცერემონიოდ გადააბრალა საკუთარი ჰომოფობიური ნააზრევი მეუღლეს და ახლა სავსებით უცერემონიოდ აპირებს ნოემბერში საერთაშორისო "ქამინგ აუთის" (დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის დღე) მხარდაჭერას და კონცერტის ჩატარებას.

რა თქმა უნდა, თამარ ივერის ასეთ მდაბიო არაგულწრფელობას მხოლოდ ერთი სახელი, ფარისევლობა შეიძლება ეწოდოს და ოპერის სცენიდან მის მიერ თუნდაც მაღალი ოსტატობით შესრულებული პარტიები ამაღლებულ გრძნობებზე და მარადიულ სიყვარულზე იმდენადვე ამაზრზენია, რამდენადაც ყალბი.

ამიტომაც ჩემთვის ნიკიტა მარშუნოკიც და თამარ ივერიც იმ მონეტის ორი მხარეა, რომელთა მოსახვეჭადაც ასე გამალებით იღწვიან ისინი მთელი საკუთარი შეგნებული ცხოვრება.

ისევე როგორც არაფრით განსხვავდება კაზანტიპის ვირტუალური სამყაროს მოქალაქე ერისკაცობაზე პრეტენზიის მქონე საქართველოს იმ მოქალაქისგან, რომელიც წარმოსახვითი მტრების წინააღმდეგ ხმალამოღებული ილაშქრებს, ცხრასართულიან ტრაპეზებზე გულზე მჯიღს იცემს, რეალური მტრები კი მისი მამა-პაპის საფლავებს არიან დაპატრონებულები. იმ "მორწმუნე პატრიოტისგან" ვისაც სტალინი მართლმადიდებლობის მხსნელად, ერთმორწმუნე რუსეთი სტრატეგიულ მოკავშირედ, ქართველების სისხლით ყელამდე სავსე პუტინი კი ბრძენკაცად მიაჩნია.

კაზანტიპი რა თქმა უნდა საუკეთესო ადგილი არ არის მორწმუნე ქრისტიანისთვის.

ვერც სულიერ ამაღლებას და ღვთიური სასუფევლის მოპოვებას შეძლებთ, თუ რამდენიმე დღით ამ ილუზორული რესპუბლიკის საზღვრებს გადააბიჯებთ.

და ცხადია ვერც კაზანტიპის პრეზიდენტი ნიკიტა მარშუნოკი გახდება ახალი მესია თქვენი ცოდვილი სულებისათვის.

მაგრამ მთავარი მთელს ამ რწმენის და ურწმუნოების, ცოდვის და მადლის, რეალობის და არამქვეყნიურობის აურზაურში ეს სულაც არ არის.

კაზანტიპი წარმოსახვითი ქვეყანაა. ის სულ რამდენიმე იარსებებს და გაქრება. ეს ქვეყანა კი ცოდვებისგან, ძმათა მკვლელებისგან, უმეცრებისგან, ფსევდოპატრიოტიზმისგან, ყალბი მორწმუნეებისა და ყალბი მოძღვრებისგან, შურისა და გაუტანლობისგან დამძიმებული, ათასწლეულებია არსებობს და დღეს, ამ გადასახედიდან, საკითხავი ის კი არ არის ვინ და რამ გადაგვარჩინა აქამდე, საკითხავი ის არის ვინ და რა გადაგვარჩენს ხვალ?

ვიარსებებთ თუ არა როგორც ერი, როგორც სახელმწიფო და ვიმსახურებთ თუ არა ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე ცხოვრებას?

როდის გაბრწყინდება ივერია?

ან საერთოდ როგორ უნდა გაბრწყინდეს თანამედროვე ფარისევლებისა და სადუკეველების ქვეყანა?!

ვფიქრობ მთავარი საფიქრალი დღეს სწორედ ეს არის.

ამირან გიგუაშვილი

29 ივლისი 2014 წელი