ამას ღორობას ეძახიან, ბატონო პრეზიდენტო! (ღია წერილი მიხეილ სააკაშვილს) - კვირის პალიტრა

ამას ღორობას ეძახიან, ბატონო პრეზიდენტო! (ღია წერილი მიხეილ სააკაშვილს)

ბატონო პრეზიდენტო,

გადაჭარბებულ მაღალფარდოვნებაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ჩემი ცხოვრება და მსოფლმხედველობა ისე აეწყო, რომ პროფესიიდან გამომდინარე, ყოველთვის დამარცხებულის მხარეს ვარ. მე, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფო ინსტიტუტებთან ბრძოლაში დამარცხებულ ადამიანებს ვგულისხმობ.

დამარცხებული ადამიანი ყოველთვის უფრო სუსტია და ამიტომაც ერთ ძველ ჭეშმარიტებას თუ გავიხსენებთ, წესიერი კაცის ადგილი ყოველთვის უფრო სუსტისა და დაუცველის მხარეს არის, ვიდრე ძლიერის და გამარჯვებულის.

სწორედ ამიტომ არ გიჭერდით მხარს ჯერ კიდევ 2007 წლიდან, რადგან ვთვლიდი, რომ ჩემი ადგილი იქ იყო, სადაც თქვენზე და ჩემზე სუსტები იდგნენ ან უნდა მდგარიყვნენ. იმ სამოქალაქო საზოგადოებაში, რომელსაც თქვენი ხელისუფლება ასეთი აგდებით და ცინიკურად ეპყრობოდა წარმატებებით და წარუმატებლობით სავსე თქვენი ყბადაღებული 9 წლიანი მმართველობის პერიოდში.

ამის გამო არ გიჭერდით მხარს არც 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო

და მით უმეტეს, არც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

და რაც მთავარია, სწორედ უმცირესობის არსებობის უფლების გათვალისწინებით, გიჭერთ მხარს 2013 წლის 28 ოქტომბრიდან, ანუ თქვენი ამ პოლიტიკურ ციკლში საბოლოოდ დამარცხების მეორე დღიდანვე.

რა თქმა უნდა მე თქვენი პოლიტიკური თანამოაზრე არ ვიყავი, არ ვარ და სავარაუდოდ არც არასდროს ვიქნები.

ისევე, როგორც არც ივანიშვილის პოლიტიკური მხარდამჭერი ვყოფილვარ და არ ვიქნები არასდროს.

მე უბრალოდ პოლიტიკოსების არ მჯერა.

მაგრამ მე მჯერა დამარცხებულთა უფლებების არსებობის, ან თუ გნებავთ დამარცხებულების არსებობის უფლებისა ამ ქვეყანაზე.

უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, მე ადამიანთა შორის სოლიდარობის მჯერა.

ამიტომაც დღეს, თუნდაც ამ წუთას, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია განვაცხადო, რომ მზად ვარ ვიბრძოლო თუნდაც საკუთარი თავისუფლების დაკარგვის ფასად, რათა დავიცვა თქვენი და თითოეული თქვენი თანამოაზრის, როგორც მოცემულ ეტაპზე უფრო სუსტი პოლიტიკური ჯგუფის არსებობის და გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში.

ყოველთვის მჯეროდა და მჯერა, რომ უმრავლესობა ყოველთვის მართალი არ არის.

ასე იყოს ორი ათასი წლის წინ, პონტოელი პილატეს სასახლესთან უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისას.

ასე არის ამჟამადაც, როდესაც ჭეშმარტების ცოდნაზე პრეტენზიის მქონე თანამედროვე  სადუკეველები, ოხროხინეები და ციციკორეები ცდილობენ დომინანტური მდგომარეობის მოპოვებას ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ასე იქნება მომავალშიც, ვიდრე იარსებებენ უფრო სუსტები და უფრო ძლიერები, უმრავლესობა და უმცირესობა, გამარჯვებულები და დამარცხებულებები.

და მაინც,

სწორედ უმცირესობის მიმართ სოლიდარობის გამო, ასევე არ შემიძლია ჩემი პოზიცია არ გამოვხატო, თქვენი როგორც ერთ დროს ყველაზე ძლიერი პერსონის და სახელმწიფო მოხელის დამოკიდებულების მიმართ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვასთან დაკავშირებით.

არ გეგონოთ პროკურატურის საბრალდებო ვერსიებზე ან ოცნების პოლიტიკური ლიდერების ხშირ შემთხვევაში არაპროფესიონალურ და გამაღიზიანებელ ვარაუდებზე გესაუბრებოდეთ.

არც  ამერიკელი სენატორები და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიმაჩნია თქვენს მიერ მოსყიდულ მეგობართა კლუბის წევრებად.

და თქვენ წარმოიდგინეთ მუცლითმეზღაპრე მასაჟისტ დოროთი შტეინზე და მკერდითმხატვარ მერედით ოსტრომზეც კი მზად ვარ ჩუმად ვიყო.

მაგრამ არის საკითხები, რომელთა მიმართაც ჩემს უკიდეგანო კაცთმოყვარეობასაც საზღვარი აქვს.

ფაქტები გინდათ?

კი ბატონო!

მე, როგორც იურისტს, რასაკვირველია მხოლოდ არგუმენტებით მიყვარს საუბარი.

აი მაგალითად:

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2013 წლის განმავლობაში, ანუ მაშინ, როდესაც პრინციპში რეალური ძალაუფლება უკვე აღარ გაგაჩნდათ და არც განსაკუთრებული მნიშვნელობის ოფიციალურ სახელმწიფო ვიზიტებს ახორციელებდით, 112 კალენდარული დღის განმავლობაში იმყოფებოდით მივლინებაში საზღვარგარეთ.

განსაკუთრებით საინტერესოდ გამოიყურება თქვენი ვიზიტები საბერძნეთში, ავსტრიაში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, სინგაპურში, აშშ-ში და იტალიაში.

ყველაზე საინტერესო კი ამ მივლინებებში, თუ გნებავთ საქმიან ვიზიტებში სასტუმროს ცხოვრების ხარჯებია.

უფრო სწორედ ამ ქვეყნების ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროებში არცხოვრების ხარჯები.

ფაქტებისთვის ბევრი კვლევა-ძიება სულაც არ გვჭირდება.

მაგალითად 2013 წელს აშშ-ში ვიზიტისას თქვენ 9 დღის განმავლობაში ცხოვრობდით მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო სასტუმროში (ჩავთვალოთ, რომ მუშაობდით) Peninsula New York-ში, რომლის ერთი ნომრის ღირებულებაც ღამეში 3500 აშშ დოლარს შეადგენდა, მაგრამ იმის გამო, რომ თქვენ სასტუმროდან გამოსვლა ანუ  check out დაგაგვიანდათ (ანუ ჩავთვალოთ, რომ დაგეძინათ), დამატებით კიდევ იქნა გადახდილი ერთი დღის საფასური 3500 აშშ დოლარი.

ამავე 2013 წელს თქვენ ხუთჯერ (?) იმყოფებოდით არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, საიდანაც მხოლოდ ორი ვიზიტის სასტუმროს ხარჯმა 4 დღის მანძილზე 58 000 აშშ დოლარი შეადგინა (ჩავთვალოთ, რომ მუშაობდით), ხოლო ნომრიდან დაგვიანების გამო, დამატებით გადახდილი იქნა კიდევ ერთი დღის საფასური 2800 აშშ დოლარი (ჩათვალოთ, რომ დაგეძინათ).

ამის შემდეგ თქვენ ერთი კვირით სინგაპურში გაემგზავრეთ, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 41 000 აშშ დოლარი გამოიყო, სასტუმროში ერთი ნომრის ღირებულებამ კი ღამეში 3000 აშშ დოლარი შეადგინა (ჩავთვალოთ, რომ მუშაობდით). თუმცა გაუთვალისიწინებელ ხარჯებს აქაც ვერ ავცდით და დამატებითი ხარჯების სახით სასტუმრო  Mandarin Oriental Singapore“- ში ამჯერად 4500 აშშ დოლარი გადავიხადეთ.

აი რომში ვიზიტისას კი კვლავ დაგეძინათ და დაგვიანებითი check out -ის გამო 1900 აშშ დოლარი გადაგვახდევინეს, ისევე როგორც დაგეძინათ ავსტრიაში, რაც ქართველ ხალხს (როგორ არ მიყვარს ეს განზოგადება, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა გზა არ მაქვს, ფაქტი სახეზეა) დამატებით 2100 აშშ დოლარი დაუჯდა.

ამ სიის გაგრძელება კიდევ და კიდევ შეიძლება, მაგრამ ვფიქრობ, ამ წერილისთვის ესეც სავსებით საკმარისია.

საკმარისია იმისათვის, რომ დავასკვნათ, როგორი არასოლიდარული იყავით თქვენივე ქვეყნის იმ თანამოქალაქეების მიმართ, რომელთა ოფლისა და სისხლის ფასად შევსებული ბიუჯეტის ხარჯზეც უვლიდით გარშემო მსოფლიოს. ცხოვრობდით (გნებავთ მუშაობდით) ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროებში, ყიდულობდით ძვირფას პერანგებს, პიჯაკებს, საათებს, საჩუქრებს, სპა მომსახურებებს. დუბაის პრინცის შესაფერის ფუფუნებაში აცხოვრებდით თქვენი პოლიტიკური გუნდის ელიტარულ წევრებს. ერთი პატარა გოგოს გამო ცვლიდით კონსტიტუციას და რაც ყველაზე მთავარია, როგორ ფეხებზე გეკიდათ თქვენი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქის პირადი პასუხისმგებლობა სხვა თანამოქალაქეების მიმართ, რომელთა უმრავლესობა თქვენი პრეზიდენტობის დროსაც და სამწუხაროდ, მის შემდეგაც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს.

ან როგორ გეძინათ, მაშინ როდესაც ყველაზე მთავარი ომი წააგეთ თქვენს ცხოვრებაში და დედაქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში ოკუპანტის ტანკები დგანან.

მე მაპატიეთ არაპოლიტკორექტულობა, მაგრამ უბრალო ადამიანების ენაზე, სწორედ იმ ადამიანების ენაზე, რომელთა კუთვნილი ფულითაც თქვენ გართობისა თუ მუშაობისგან დაღლილს, მშვიდად გეძინათ სინგაპურის ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროს ნომერში, მარტივად ღორობას ეძახიან, ბატონო პრეზიდენტო.

ხოლო ერთი ცნობილი გამონათქვამის პერიფრაზი რომ გავაკეთოთ: ღორობა ყველგან ღორობაა, საქართველოშიც და ჩვენს მეგობარ ევროპა-ამერიკაშიც!

რა ვქნა,

არსებობს სიტუაციები, როდესაც დამარცხებულის დაცვაც კი უფრო ნაკლებადმნიშვნელოვანია, ვიდრე ჭეშმარიტება.

სამწუხაროდ ეს სწორედ ის საგამონაკლისო შემთხვევაა ბატონო პრეზიდენტო!

მიიღეთ ჩემი სინანული...

პატივისცემით

ამირან გიგუაშვილი

ადვოკატი

14 აგვისტო 2014 წელი