არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური დევნილი? - კვირის პალიტრა

არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური დევნილი?

(ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და წინასწარი პატიმრობის გაუქმება ექს-პრეზიდენტისთვის)

მიხეილ სააკაშვილი სისხლისმსმელი დიქტატორია, რომელიც უნდა გასამართლდეს - ქოცის ლოგიკა.

მიხეილ სააკაშვილი აღმშენებელი რეფორმატორია, რომლის მიმართაც პუტინის დავალებით ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ დევნას ახორციელებს-ნაცის ლოგიკა.

საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის და მისი ოჯახის წევრების ქონება დააყადაღა.

უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა და მართლმსაჯულების ორმა ინსტანციამ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი არგუმენტაცია გაიზიარა.

ნებისმიერი საშუალოზე დაბალი დონის იურისტისთვისაც კი, მიუხედავად იმისა, იცნობს თუ არა საქმის მასალებს, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ზემდგომ ინსტანციაში შემოწმდა, აბსოლიტურად საკმარისი უნდა იყოს ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური შემადგენელის გამოსარიცხად. ასეა სამართლებრივად მეტ-ნაკლებად ყველა განვითარებულ ქვეყანაში, მაგრამ არა საქართველოში. ამ ქვეყანაში არ მოიძებნება თუნდაც ერთი, ყველაზე საღად მოაზროვნე ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერიც კი, რომელიც აღიარებს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამართლიანად და რაც მთავარია, კანონის შესაბამისად არის მიცემული პასუხისგებაში.

მეტსაც გეტყვით, არა მხოლოდ საქართველოში, ჩვენს მეგობარ ქვეყნებშიც სულ უფრო მცირდება იმ პოლიტიკოსთა რიცხვი, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მიმართ მიმდინარე გამოძიების ობიექტურობისა სჯერა. ეს მოსაზრება კიდევ უფრო გაამყარა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის უკანასკნელმა განცხადებამ, სადაც ღია მწვავე აქცენტებია გაკეთებული ყოფილი მაღალი თანამდებობის პირთა წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებში პოლიტიკური მოტივაციის არსებობის შესახებ. მართალია უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე ამტკიცებს, რომ ამ მხრივ "არაფერი "ჩეპე" არ ხდება (მისი ტერმინია), მაგრამ პასუხად ნაცების ტერმინი რომ გამოვიყენოთ, ასეთი არაადეკვატური, ქოცური შეფასებებები ცხადია რეალობას არ შეესაბამება. აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდება საქართველოს დემოკრატიული ძალების გაერთიანების შესახებ, სულ მცირე ყვითელ ბარათს ნიშნავს საქართველოს ხელისუფლებისათვის.

და მაინც, არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური დევნილი?

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სამართალში თავად ტერმინის პოლიტპატიმრის და პოლიტდევნილის ზუსტი დიფერენცირება დღემდე საკამათოა, ევროპის საპარალმენტო ასამბლეის 2012 წლის 03 ოქტომბრის რეზოლუციით ცალსახად არის განმარტებული ის მინიმალური კრიტერიუმები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შეიძლება კონკრეტულ პირს ან პირთა ჯგუფს პოლიტპატიმრის, პოლიტდევნილის ან შესაძლო პოლიტპატიმრის/პოლიტდევნილი სტატუსი მიენიჭოს.

ზედმეტი კაზუისტიკა რომ თავიდან ავიცილოთ, ამ კრიტერიუმებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი სამართლიანი, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებაა.

თვით ისეთი ავტორიტეტული უფლებადამცველი ორგანიზაციაც კი როგორიც არის "Aმნესტყ Iნტერნატიონალ"-ი, დღესდღეობით უკვე თავს იკავებს წინასწარი დასკვნის გამოტანისგან, განხორციელდა თუ არა პირის მიმართ პოლიტიკური დისკრიმინაცია და უმთავრესი, რასაც იგი ითხოვს სავარაუდო დამრღვევი სახელმწიფოსგან, სანდოობის მაღალი ხარისხის მქონე სასამართლო პროცესებია.

ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანაში არსებულ რთულ სამართლებრივ და პოლიტიკურ სიტუაციაში, რაც ე.წ. სამართლიანობის აღდგენის თუ დამკვიდრების პროცესებს უკავშირდება, ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების და რა თქმა უნდა უპირველესად ყოფილი პრეზიდენტის მიმართაც ამოსავალი წერტილი, სწორედ სამართლიანი მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა უნდა იყოს.

ამავე დროს ჩნდება ლოგიკური კითხვა: როგორ უნდა განხორციელდეს სწრაფი, ეფექტური და გამჭვირვალე სასამართლო პროცესი ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რომლისადმი სანდოობის ხარისხი მეტნაკლები ალბათობით თანაბრად განაწილდება ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის?

ამ გადასახედიდან ჩვენი კანონმდებლობის ჩარჩოების გათვალისწინებით ყველაზე ოპტიმალურად და მიმზიდველად ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი გამოიყურება.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არსებობს ნორმა, რომლის თანახმადაც ზოგიერთი თანამდებობის პირის და მათ შორის პრეზიდენტის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლებრივი დევნის საქმეებზე განსასჯელის თანხმობით საქმის განხილვა შესაძლებელია ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით.

ვფიქრობ, ისეთ პოლიტიზირებულ საქმეზე, როგორიც არის ექს-პრეზიდენტის ბრალდება, ერთ ცალკე აღებულ მოსამართლეს უდავოდ გაუჭირდება სამოსამართლეო დამოუკიდებლობის შენარჩუნება და ამხელა ტვირთის მხოლოდ საკუთარ თავზე აღება.

მნიშვნელოვანია, რომ თავად ნაფიცი მსაჯულების დაკომპლექტება მოხდეს არა წინასწარ ანგაჟირებული, საზოგადოებისთვის ცნობილი პირებისგან, არამედ შემთხვევითი კენჭისყრით შერჩეული საქართველოს რიგითი მოქალაქეებისგან, რომელთა ვინაობაც გადაწყვეტილების მიღებამდე მაქსიმალურად კონფიდენციალური იქნება, ხოლო უსაფრთხეობის გარანტიები სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურების მიერ სათანადო დონეზე იქნება უზრუნველყოფილი.

რაც შეეხება უშუალოდ ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობას აღნიშნულ პროცესებში.

ქართველი ხალხი იმსახურებს, ხოლო ყოფილი პრეზიდენტი ვალდებულია წარდგეს თავისუფალი სასამართლოს წინაშე და თანაბარი შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით დაამტკიცოს საკუთარი სიმართლე.

აღნიშნული პირდაპირ უკავშირდება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნას სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების შესახებ და ვინაიდან საქართველოს სახელმწიფო ცნობს ამ ხელშეკრულების იურისდიქციას, მოქმედი ხელისუფლება ვალდებულია მისცეს ყველაზე მაღალი გარანტიები ექს-პრეზიდენტს, რომ მინიმუმ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე მის მიმართ პატიმრობა არ იქნება გამოყენებული. თუ ხელისუფლება ასეთ შეთავაზებას (ან რამე სხვა ალტერნატიულ შეთავაზებას) არ გაუკეთებს ყოფილ პრეზიდენტს, ჩვენ, უფლებადამცველებს გვექნება სრული საფუძველი კიდევ უფრო გაგვიღრმავდეს ეჭვები მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის პოლიტიკური მოტივების შესახებ, ხოლო იმ შემთხვევაში თუ თავად მიხეილ სააკაშვილი იტყვის უარს ასეთი შესაძლებლობის გამოყენებაზე, შემდგომ უკვე მას გაუჭირდება ამტკიცოს, რომ მის მიმართ წარდგენილი ბრალდებები მხოლოდ პოლიტიკური ანგარიშსწორება და როგორც თავად უყვარს ხოლმე ხაზგასმა, ბიძინა ივანიშვილის ხელით განხორციელებული პუტინის პირადი შურისძიებაა.

სამართლიანი სასამართლოს უფლება ის განსაკუთრებული, საერთაშორისოდ აღიარებული უფლებაა, რომლის შეზღუდვის შემთხვევაში თვით სისხლისმსმელი დამნაშავეც კი შეიძლება პოლიტიკურ პატიმრად გადაიქცეს, რადგან მართლმსაჯულება უპირველეს ყოვლისა მტყუანისა და მართალის გარკვევას ნიშნავს და არა აუცილებლად სასჯელს.

თუმცა ეს ალბათ უკვე სულ სხვა ბლოგის თემაა...

ამირან გიგუაშვილი

ადვოკატი, პოლიტიკის და სამართლის ცენტრის თავმჯდომარე.

22.09.2014