ნაციონალების დაბრუნება (მოდელირებული ბლოგი, ანუ რაზე ოცნებობენ ნაციონალები) - კვირის პალიტრა

ნაციონალების დაბრუნება (მოდელირებული ბლოგი, ანუ რაზე ოცნებობენ ნაციონალები)

2016 წლის 01 ოქტომბერი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი.

ვაშინგტონი-თბილისის ჩარტერული რეისით ჩამოფრენილი თვითმფრინავიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოჩენას ელოდებიან. თვითმფრინავის ტრაპთან უამრავი ჟურნალისტია შეკრებილი. ყველაზე წინ რუსთავი 2-ის მიკროფონით ხელში ნანუკა ჟორჟოლიანი დგას და ტელეეკრანებთან მიჯაჭვულ მილიონობით მაყურებელს მოვლენების განვითარების შესახებ პირდაპირ ეთერში აწვდის ინფორმაციას:

-მაშ ასე, თვითმფრინავი ვაშინგტონიდან ეს წუთია დაეშვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და ჩვენ ველოდებით საქართველოს პრეზიდენტის (ნანუკამ იცის, რომ მოცემულ მომენტში სწორედ ასე უნდა თქვას) მიხეილ სააკაშვილის გამოჩენას. აეროპორტის ცენტრალურ გასასვლელთან ათასობით ადამიანია შეკრებილი. თქვენ ალბათ გესმით მათი შეძახილები: მიშა, მიშა!!! როგორც იქნა მოხდა ის, რასაც მთელი ოთხი წელიწადი ელოდა ქართველი ხალხი და რუთავი 2, ისევე როგორც 2003 წელს, დღესაც გამარჯვებული ხალხის ტელევიზიაა.

და აი, მე მეუბნებიან, რომ თბილისში მოვლენები ელვის სისწრაფით ვითარდება. დაუზუსტებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისის აეროპორტიდან კერძო თვითმფრინავით საქართველო უკვე დატოვა. ქვეყანა ასევე დატოვეს ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა ოჯახის წევრებმა. უცნობია, სად იმყოფებიან ყოფილი უმრავლესობის წევრები გიორგი ვოლსკი და ეკა ბესელია. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე დაპატიმრებულია. დაპატიმრებული არიან ასევე სხვა ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები. ქვეყანაში დესტაბილიზაციის თავიდან აცილების მიზნით, თავდაცვის სამინისტროს მიერ მობილიზებულია სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფები. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ახლადარჩეულ პარლამენტს სასწრაფოდ შეკრებისკენ მოუწოდებს. პრეზიდენტი მარგველაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას ვერ ხედავს და იმედს გამოთქვამს, რომ დაპირისპირებულ ძალებს ეყოფათ გონიერება და შეთანხმებას მიაღწევენ, რათა კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბონ. პრეზიდენტ მარგველაშვილისვე საგანგებო შეწყალების საფუძველზე ციხიდან გათავისუფლდნენ ბაჩო ახალია, ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა, რომლებიც სწორედ ახლა მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად მოემართებიან.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სხვადასხვა რადიკალურმა დაჯგუფებებმა ნაციონალური რეჟიმის დაბრუნების წინააღმდეგ ხალხს შეიარაღებული ამბოხისკენ მოუწოდეს. შეიქმნა ალტერნატიული, დროებითი მთავრობა, რომლის თავმჯდომარედაც ირმა ინაშვილი აირჩიეს. ჩვენს ხელთ არსებული ცნობებით თვითგამოცხადებული მთავრობის მხარდამჭერები თბილისში პარლამენტის შენობის წინ იკრიბებიან და აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ არჩევენების გაყალბების გზით მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას და რომ ყველაფერში დამნაშავე უნიათო ოცნების ხელისუფლებაა, რომელმაც თავის დროზე არ გაასამართლა ნაციონალური მოძრაობა, როგორც პირსისხლიანი რეჟიმი. პარლამენტის წინ იკრიბებიან ყოფილი პოლიტპატიმრები და სასულიერო პირები. ირმა ინაშვილი ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და მიმართავს საქართველოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, აქტიურად ჩაერიოს შექმნილ დრამატულ ვითარებაში. მისი განცხადებით, ამ გადამწყვეტ ჟამს ქვეყნის ხსნა სამოქალაქო დაპირისპირებისგან მხოლოდ პატრიარქს შეუძლია.

და აი, მე მეუბნებიან, რომ ყველაფერი მზად არის. მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სენატორთან ჯონ მაკკეინთან და სხვა რამდენიმე კონგრესმენთან ერთად ტრაპზე ეშვება. ჩვენ ეხლა შევეცდებით ექსკლუზიური ინტერვიუ ავიღოთ საქართველოს პრეზიდენტისგან, მიხეილ სააკაშვილისგან.

მიხეილ სააკაშვილი (ოდნავ მოსუქებული და შეჭაღარავებული, მაგრამ კვლავინდებურად მომღიმარი) ენერგიული ნაბიჯებით ჩამორბის კიბეებზე. ეხვევა დიდი ხნის უნახავ პარტიულ თანამოაზრეებს. განსაკუთრებით ჩიორა თაქთაქიშვილს, ჩუქნის მას ვაშინგტონიდან საგანგებოდ ჩამოტანილ ვარდების თაიგულს და შემდეგ ჟურნალისტებისკენ ტრიალდება:

-როგორ მომენატრეთ ხალხო - იძახის გაბრწყინებული სახით - აი, რაღაცნაირი დეჟავუს შეგრძნება მაქვს. როგორც მაშინ, პირველი ვარდების რევოლუცის დროს. მინდა გითხრათ, რომ ეს ახალი, მეორე ვარდების რევოლუციაა და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამჯერად ჩვენ უკვე ვეღარავინ დაგვამარცხებს. ვეღარავინ გვაიძულებს დავბრუნდეთ ბნელ წარსულში. უძრაობაში, უსაქმურობაში, მეოცნებეობაში და არაფრის კეთებაში. ქართველი კაცი სიზმარა კი არ არის, რომელიც მხოლოდ ტახტზე წამოგორებული ბუზებს ითვლის და ამთქნარებს. ქართველი კაცი ნაცარქექიაა, გამჭრიახი და გონიერი, რომელიც თუ საჭიროა ბაყბაყდევს კისერზე შემოახტება და მდინარეს ისე გადალახავს. მორჩა ოცნებები და ბუზების თვლა. საქმის კეთების დრო დადგა.

ამ სიტყვების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის სახეზე ღიმილი ქრება და მრისხანე, შეუვალ გამომეტყველებას იღებს.

-ნანუკა, მინდა ჩემი საყვარელი რუსთავი 2-დან მივმართო ჩემს საყვარელ ქართველ ხალხს. ჩვენ ეხლა ვიწყებთ ფაქტობრივად სრულიად ახალი ქვეყნის მშენებლობას. გაასმაგებული ძალით მოგვიწევს იმის გამოსწორება, რაც ამ მავნებელმა პუტინის ქვეშევრდომებმა გააფუჭეს განვლილ ავადმოსაგონარ ოთხ წელიწადში.

მე, როგორც მომავალი მთავრობის ხელმძღვანელი, აქედანვე მივმართავ ყველა ძალოვან უწყებას და სამინისტროს. ყველა პოლიციელს და ჯარისკაცს. რიგითიდან დაწყებული ხელმძღვანელი პირებით დამთავრებული. გონს მოეგეთ და დროულად დადექით ხალხის მხარეს. არ დაემორჩილოთ უკანონო ბრძანებებს. ჩვენ უმოკლეს ვადაში დავნიშნავთ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს და ვერავინ გაბედავს ქვეყანაში არეულობის მოწყობას. ირმა ინაშვილს და მის ირგვლივ შეკრებილ დესტრუქციულ ელემენტებს კი მივმართავ თბილისში ჩემს ჩამოსვლამდე დაიშალონ და წავიდნენ სახლებში. ან აქვთ მეორე გზა, დროულად შემოახტნენ იმ მატარებელს, რომელიც ახლა იძვრება და ერთად ავაშენოთ ეს ქვეყანა. სხვა არჩევანი მათ არა აქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინიც ისტორიის სანაგვეზე და გისოსებს მიღმა აღმოჩნდებიან.

ასევე მივმართავ პრეზიდენტად დანიშნულ გიორგი მარგველაშვილს. არავითარი კოალიციური მთავრობა არ იქნება. ქართველმა ხალხმა ნაციონალური მოძრაობა ერთხმად აირჩია და ჩვენ ეს ნდობა უნდა გამართლოთ.

გაუმარჯოს ქართველ ხალხს და მის ბრძნულ არჩევანს!

ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ამერიკელ სტუმრებთან ერთად მანქანაში ჯდება და მისი ესკორტი აეროპორტის ტერიტორიას ხალხის გამაყრუებელი ოვაციების ქვეშ ტოვებს.

ნანუკა ჟორჟოლიანი ბედნიერი სახით მაყურებელს დროებით ემშვიდობება.

ტელეეკრანებზე ჩნდება გიორგი გაბუნია, რომლის საავტორო გადაცემის სტუმრებიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს და მის მოულოდნელ თუ მოსალოდნელ შედეგებს შეაფასებენ.

შოუ დაიწყო...

2016 წლის 02 ოქტომბერი.

ქვეყანაში ნულოვანი ტოლერანტობა გამოცხადდა...

ამირან გიგუაშვილი

24 ოქტომბერი 2014 წელი.