რა ღირს თქვენი პირადი ცხოვრება?
რა ღირს თქვენი პირადი ცხოვრება?
სულ რამდენიმე დღის წინ ფლორიდის სასამართლომ მორალური ზიანისათვის 115 მილიონი აშშ დოლარი დააკისრა ერთ-ერთ ცნობილ ყვითელ ინტერნეტგამოცემას, რომელმაც რესლინგში მსოფლიოს თორმეტგზის ჩემპიონის ჰალკ ჰოგანის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაავრცელა.

ნაფიცმა მსაჯულებმა ჩათვალეს, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას სიტყვის თავისუფლებაც კი ვერ გადასწონის, თუნდაც ერთ მხარეს იდგეს ცნობილი სპორტსმენი, შოუმენი და მსახიობი, რომლის მიმართ ცხადია განსაკუთრებული საჯარო ინტერესი არსებობს, ხოლო მეორე მხარეს ყვითელი პრესა, რომელიც პროფილურად სწორედ ასეთი ადამიანების ცხოვრების
You must have Flash Player installed in order to see this player.
პიკანტური დეტალების გამჟღავნებით არის დაინტერესებული.

იმ კადრებში ჰალკ ჰოგანი საუკეთესო მეგობრის ცოლთან სექსით არის დაკავებული, რაც ცხადია პურიტანული ამერიკული ოჯახებისათვის (და ნაფიცი მსაჯულები როგორც წესი საზოგადოების ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან ხოლმე) უკიდურესად გასაკიცხ ქმედებას წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, ამ შემთხვევაში სხვისი პირადი ცხოვრება ნაფიცმა მსაჯულებმა საკუთარ მორალურ ღირებულებებზე მაღლა დააყენეს.
ასევე რამდენიმე დღის წინ, ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანის ერინ ანდრეუსის სასარგებლოდ ნეშვილის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა მორალური ზიანის საკომპენსაციოდ 55 მილიონი აშშ დოლარი დააკისრეს მარიოტის სასტუმროების ქსელს, რადგან 2008 წელს სწორედ ამ სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში მოახერხა რომელიღაც პაპარაციმ ერინ ანდრეუსის ფარულად ჩაწერა, როცა იგი აბაზანიდან გამოსული, შიშველი იდგა სარკის წინ და თავს იწესრიგებდა.

ნაფიცმა მსაჯულებმა მიიჩნიეს, რომ სასტუმროს მენეჯმენტი ვალდებული იყო უზრუნველეყო მისი მობინადრის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, ვინაიდან როცა თქვენ ქირაობთ სასტუმროს ნომერს, თავშესაფრის და კომფორტის მოლოდინის
გარდა, ასევე გიჩნდებათ კანონიერი ნდობა, რომ თქვენი პირადი სივრცე სრულად იყოს დაცული. მოცემულ შემთხვევაში კი მარიოტის მენეჯმენტმა მომხმარებლის ასეთი მოლოდინები ვერ გაამართლა.

"თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამდენად დიდი დროა ოთხი წუთი, როდესაც სრულიად შიშველი დგახართ მთელი ქვეყნის წინაშე"- მიმართა ერინ ანდრეუსმა ნაფიც მსაჯულებს და სწორედ ამ ემოციურმა მიმართვამ გადაწყვიტა სასამართლო დავის ბედი.

ნაფიცმა მსაჯულებმა დაასკვნეს, რომ რაც უფრო ძლიერია ორგანიზაცია, მით უფრო მეტია მისი პასუხისმგებლობა მოქალაქეების წინაშე. ეს არის დემოკრატიის რეალური ფასი.

რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელის მეშვეობით ქართველი პოლიტიკოსების ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით მთავარი კითხვა, რომელიც რეალურად აქტუალურია, არის არა ამ კადრების გავრცელების მორალური და ეთიკური მხარე, არამედ ის თუ ვინ უნდა აგოს პასუხი მსხვერპლების წინაშე.

- ფაქტობრივად, უკონტროლო სოციალურმა ქსელმა?

- ადგილობრივმა მედიამ, რომელმაც ირიბად, მაგრამ მაინც ხელი შეუწყო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას?

- თუ სახელმწიფომ, რომელმაც ვერ დაიცვა კონსტიტუციით გარანტირებული პოზიტიური ვალდებულება ქვეყნის თითოეული მოქალაქის პირადი ცხოვრების დაცვის შესახებ?


პასუხი ამ კითხვებზე არ არის მარტივი.

სამართალი არ არის სტატიკური მეცნიერება. ტექნოლოგიური პროცესების განვითარებამ და გლობალიზაციამ წარმოშვა დანაშაულების სახეები, რომელთა გამოვლენა და პრევენცია უპირველესად სწორედ სახელმწიფოს მხრიდან მყისიერი და ადეკვატური ღონისძიებების გატარების აუცილებლობას გულისხმობს.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მოქმედი ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობთ იმას, რომ კადრების გავრცელება ხელისუფლების დაკვეთით ან თუნდაც ირიბი თანხმობით მოხდა.

ამ შემთხვევაში როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს ეს გადამწყვეტი სულაც არ არის.
თუ ჩვენ დავუბრუნდებით სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების ცნებას, აღნიშნული გულისხმობს, რომ როდესაც თქვენ ხართ იმ ქვეყნის მოქალაქე, სადაც ადგილი ჰქონდა სისტემურ დანაშაულებს, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ფარულ ჩაწერას, წამებას, გაუპატიურებას და არაადამიანურ მოპყრობას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, მაშასადამე გაქვთ იმის მოლოდინიც, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მოხდება არა ამ სისტემის მეისრეთა მსჯავრდება და სამართლიანობის აღდგენის თუ დამკვიდრების იდეის პროფანაცია, არამედ წარმოდგენილი იქნება კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა შეწყდეს ერთხელ და სამუდამოდ მოქალაქეების პირადი ცხოვრებით შანტაჟი, უკანონო მოსმენები, თვალთვალი და როგორ უნდა განხორციელდეს ძალოვანი უწყებების, მართლმსაჯულების რეალური დეპოლიტიზაცია.

და რაც მთავარია, როგორ უნდა მოხდეს სისტემის მსხვერპლთა მორალური და მატერიალური კომპენსაცია.


მოქმედმა ხელისუფლებამ ეს ვერ მოახერხა. უფრო ზუსტად კი არ მოახერხა, ვინაიდან ქვეყნის არაფორმალური მმართველობა თავისთავად წარმოშობს უფროსი ძმის მიერ საკუთარი თანამოქალაქეების თვალთვალის აუცილებლობას.

იქ, სადაც არ არის რეალური დემოკრატია, ვერ ჩამოყალიბდება უსაფრთხო გარემო.

სწორედ ამ უსაფრთხო გარემოს არ არსებობაზეა პასუხისმგებელი მოქმედი ხელისუფლება და მინიმუმ სწორედ ამიტომ ხდება იგი ყოფილი ხელისუფლების სისტემური დანაშაულების თანამონაწილე.

ასეთი იქნებოდა სარჩელი, რომელიც ალბათ არასოდეს შევა ქართულ სასამართლოში. ვინაიდან ამ ქვეყანაში მორალისტები ჯერ ისევ უმრავლესობაში არიან და მათ პირველებს შეუძლიათ ესროლონ ქვა საკუთარ მეგობრებს, ნაცნობებს თუ უბრალოდ თანამოქალაქეებს, რომლებიც სიცოცხლის ბოლომდე ჯვარცმისთვის არიან განწირულები სასტიკი რეალობის მიერ.

რეალობის, რომლის გააზრებისთვისაც სულ ერთი წამით უნდა დახუჭოთ თვალები და წარმოიდგინოთ, რომ:
გუშინ თქვენ ნელი სიკვდილით მოგკლეს!

ამირან გიგუაშვილი
ადვოკატი, პოლიტიკის და სამართლის ცენტრის თავმჯდომარე
25 მარტი 2016 წელი

მკითხველის კომენტარი (12)
ერთგული მკითხველი
10 აპრილი 2016 19:27
ძალიანაც კარგი თუკი მოღალატე ადამიანები გადაიღეს. ვერ ვიქნები სიმპათიით განწყობილი ცოლის მოღალატე კაცისადმი, რაც უნდა დიდი საზოგადო მოღვაწე იყოს, იგივე ქალის მიმართაც. უღირსი ადამიანი ყველაფერში უღირსია!
ხოლო თუკი იმ შეყვარებულების თუ საყვარლების ურთიერთობა დააფიქსირეს, რომლებიც ქორწინებაში არ იმყოფებიან - როგორც ეს გრიგოლიას შემთხვევაში მოხდა- აქ შანტაჟის საფუძველს ვერ ვხედავ.
ფისო
30 მარტი 2016 18:15
ეს რა დღეში ვართ, ხალხნო. ვიღაც მრუშობს, და ახლა იმასაც დაგიწესებენ, რომ ფული უხადო უწესო ცხოვრებისათვის.
გაასამართლონ კადრების გადამღები ხელისუფლება, ან, გაასამართლონ და ფულიც გადაახდევინონ,იმას ვინც იფარავს წინა ხელისუფლებას.
ზურა
30 მარტი 2016 16:27
"პროფანაცია"-რომელი ქართული სიტყვაა,ავტორმა თუ იცის მისი ნამდვილი მნიშვნელობა
Verisimus
28 მარტი 2016 03:31
რა ვერ გაიგეთ ამ ჟურნალისტებმა, რომ ვიღაც რესლინგერი, რომელიც მხოლოდ ართობს ხალხს, არაა საგარეო საქმეთა ან თავდაცვის მინისტრი და შანტაჟის ქვეშ ვერ დაუშავებს სახელმწიფოს ვერაფერს.
მართალი დაწერა აქ ერთმა ქალბატონმა, სექსი არაა ერთადერთი კომპრომატი. ზოგიერთ შემთხვევაში კომპრომატიც არაა დავამატებდი მე. იქნებ ნარკოტიკებს ეხება, იქნებ სადღაც რაღაც მოიპარა, იქნებ ვიღაცის მკვლელობას ცდილობდა, ან სხვა რამეს და ეს ვიღაცას დაფიქსირებული აქვს შემთხვევით და იყენებს?
როდესაც ასეთი ფაქტი გამოვლინდა, რატომ არ შეისწავლეს "მსხვერპლი" ქალბატონის საქმიანობა, იქნებ ის კი არა, ჩვენ ვართ მსხვერპლი იმის, რაც იმ ქალბატონმა ჩაიდინა შანტაჟის ქვეშ? ვიცით ეს ჩვენ?
ასეთ შემთხვევაში ის ქალბატონი უკვე მსხვერპლი კი აღარ იქნება, თუნდაც შანტაჟის ქვეშ ჩაედინა სხვა დანაშაული, არამედ დამნაშავე და იქნებ სახელმწიფო დამნაშავეც!!
მით უმეტეს, მაგ ქალბატონის საეჭვო ურთიერთობებზე და ქცევაზე გერმანული ჟურნალებიც კი წერდენ მაშინ, როცა მინისტრი იყო. კაზინოებში ფულის წაგება და რუსეთის ელჩისგან სესხის აღებაზე.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები