"ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ორ პოლუსიანი არჩევნები ჩაატაროს" - კვირის პალიტრა

"ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ორ პოლუსიანი არჩევნები ჩაატაროს"

"მე ალბათ იმ იშვიათ გამონაკლისებს მივეკუთვნები, ვისაც ეყო გამძლეობა და ეს წერილი თავიდან ბოლომდე წაიკითხა"

"შეუსრულებელი დაპირებები, პოლიტიზებული სასამართლო და პროკურატურა, ბუტაფორიად ქცეული სამართლიანობის აღდგენის იდეა და რაც მთავარია, გაჩერებული ქვეყანა. "

ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილზე, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე და ქვეყანაში შექმნილ სამართლებრივ გარემოზე, "კვირის პალიტრა" პოლიტიკის და სამართლის ცენტრის თავმჯდომარეს, ადვოკატ ამირან გიგუაშვილს ესაუბრა:

- ბატონო ამირან, როგორ შეაფასებთ ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილის ძირითად გზავნილებს. რამდენად ობიექტურად არის შეფასებული ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და რა მოლოდინები უნდა ჰქონდეს საზოგადოებას ამ წერილის შინაარსიდან და სამომავლო ხედვებიდან გამომდინარე? - მე ალბათ იმ იშვიათ გამონაკლისებს მივეკუთვნები, ვისაც ეყო გამძლეობა და ეს წერილი თავიდან ბოლომდე წაიკითხა. საერთოდ ეპისტოლარული ჟანრი, თანამედროვე ტექნოლოგიურ ეპოქაში, ერთგვარ ანაქრონიზმად გამოიყურება, თუმცა ეს გემოვნების საკითხია. მთავარი აქ შინაარსია და არა ფორმა. შინაარსი კი დამაიმედებლად სულაც არ გამოიყურება. რჩება შთაბეჭდილება, რომ სამწუხაროდ ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნოდ კვლავ ცდილობს ორ პოლუსიანი გარემოს ჩამოყალიბებას. ძირითადი გზავნილი ამ წერილიდან ეს არის. ის კვლავაც მიხეილ სააკაშვილის მტრის ხატის შექმნით ცდილობს ამომრჩევლის მობილიზებას და ფიქრობს, რომ ამით გადაფარავს იმ იმედგაცრუებას, რაც ოცნების ხელისუფლების ოთხწლიან მმართველობას უკავშირდება. შეუსრულებელი დაპირებები, პოლიტიზებული სასამართლო და პროკურატურა, ბუტაფორიად ქცეული სამართლიანობის აღდგენის იდეა და რაც მთავარია, გაჩერებული ქვეყანა. სწორედ ეს არის მწარე რალობა და არა ის ციფრები თუ ოცნებები, რომლებიც ამ წერილში უხვადაა. ბიძინა ივანიშვილი გვთავაზობს 2030 წლამდე დაველოდოთ როდის გავიმართებით წელში, ჩვენ კი ამის დრო ნამდვილად არ გვაქვს. ჩვენ პროგრესი და კეთილდღეობა გვჭირდება ხვალ და არა 15 წლის შემდეგ, როცა დღევანდელ ამომრჩეველთა დიდი ნაწილი შესაძლოა ცოცხალიც აღარ იყოს.

- თქვენ პოლიტიზებული სასამართლო და პროკურატურა ახსენეთ. ბიძინა ივანიშვილს ერთ-ერთ მთავარ მიღწევად კი სწორედ თავისუფალი სასამართლო მიაჩნია. როგორც მოქმედი ადვოკატი ფიქრობთ, რომ დღეს უარესი სასამართლო გვაქვს ვიდრე ნაციონალური ხელისუფლების დროს იყო? - ოცნების ხელისუფლების და რაც მთავარია ჩვენი საზოგადოების უმთავრესი პრობლემა სწორედ ის არის, რომ შედარებას ვაკეთებთ წარსულთან. ვცდილობთ დავკმაყოფლდეთ იმით, რომ გვაქვს ცუდი, მაგრამ რაც მთავარია არა უარესი იმაზე, რაც იყო. ეს არის დანაშაულებრივი შეცდომა. ასე ქვეყანა ვერასოდეს განვითარდება. ჩვენ არ გვაქვს იმის დრო, რომ წარსულზე ვაკეთოთ სწორება. ოთხი წლის შემდეგ, გარდა ანალიტიკოსებისა, ვის აინტერესებს რა იყო ნაციონალური ხელისუფლების დროს? ჩვენთვის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს პროგრესი და ხვალინდელი დღე. რაც შეეხება სასამართლოს თავისუფლების ხარისხს. მოვლენების განვითარება გვაჩვენებს, რომ ამ არჩევნების შემდეგ, თუ ოცნება ხელისუფლებას შეინარჩუნებს დაიწყება ე.წ. "ჭანჭიკების" მოჭერის პროცესი. ამის გამოძახილია ყველა ის გახმაურებული სასამართლო, სადაც ხელისუფლების უშუალო ინტერესები აშკარად ჩანს. აბსოლიტურად დარწმუნებული ვარ, რომ თუ ჩვენ მოსამართლეებს არ მივცემთ ძალიან მყარ პოლიტიკურ გარანტიებს და არ შევუქმნით უფრო ღირსეულ სამუშაო გარემოს, ის პოზიტივიც გაქრება, რაც ნაციონალური ხელისუფლების შემდეგ გაჩნდა. თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ გვჭირდება არა წარსულთან შედარება, არამედ მომავალი ხედვები და კვალიფიციური რეფორმები ყველა მიმართულებით. უპირველეს ყოვლისა კი მართლმსაჯულების სისტემაში.

- რამდენად თანასწორი სამართლებრივი გარემოა წინასაარჩევნოდ და ექნება თუ არა ყველა საარჩევნო სუბიექტის შესაძლებლობა მოახერხოს საკუთარი გზავნილის მიტანა ამომრჩევლამდე? - კორცხელის ინციდენტმა ორი რამ დაგვანახა. პირველი, ხელისუფლება ყველა ხერხს მიმართავს ძალაუფლების შესანარჩუნებლად და მეორე, ეს იქნება არა პოზიტივზე, არამედ ნეგატივზე აგებული საარჩევნო კამპანია. ოცნების მთავარი პარტნიორი და გამწევი ძალა ამ არჩევნებში ნაციონალური მოძრაობაა, ისევე როგორც ნაციონალურ მოძრაობას სასიცოცხლოდ ჭირდება ეს ხელისუფლება და მასთან ყველაზე ნეგატიურ ფორმატში დაპირისპირება. შეიძლება ითქვას ისინი ამ თვალსაზრისით პარტნიორები არიან. ვფიქრობ საზოგადოება ამ ანკესზე აღარ უნდა წამოეგოს. ქვეყნის განვითარებას და ხვალინდელ დღეს ჭირდება ახალი იდეები და ახალი ხალხი, რომლებიც აქცენტებს წარსულზე კი არ გააკეთებენ, არამედ მომავალზე. რაც შეეხება სამართლებრივ სივრცეს, აქ უპირველს ყოვლისა საჭიროა პოლიტიკური სუბიექტების მეტი კომპენტენცია, რათა თავისი უფლებების ჯეროვნად დაცვა შეძლონ. არჩევნებს იგებს არა კარგი ან ცუდი კანონი, არამედ მკაფიო პოლიტიკური მესიჯები და ხალხის ნება. ასეთია ისტორიული კანონზომიერება და ჩვენი უახლოესი წარსული გამოცდილება.