ხალხს რიგითი "ავტოხულიგანი" ეგონა, ის კი ფენომენი იყო... - კვირის პალიტრა

ხალხს რიგითი "ავტოხულიგანი" ეგონა, ის კი ფენომენი იყო...

"დრიფტის მეფის", გიორგი თევზაძის სამძიმარზე უამრავი ისეთი ადამიანი მოვიდა, გიორგი მხოლოდ youtube-ს მეშვეობით რომ ჰყავდა ნანახი"

"ვინც მას არ იცნობდა, მხოლოდ "სტრიტრეისერი" ან ქუჩის ხულიგანი ეგონა"

"დადიოდა და ეძებდა გაჭირვებულ ხალხს. ბევრი იცით, ვისაც 26 წლის ასაკში საქველმოქმედო ორგანიზაციის დაფუძნების სურვილი გასჩენია?!"

გიორგი თევზაძე 23 ივნისს ბათუმში მომხდარ ავტოკატასტროფას ემსხვერპლა. ბედის ირონიით, ცნობილი ექსტრემალი და დრიფტერი მაშინ დაიღუპა, როცა მისი BMW M5-ის საჭესთან გიორგის მეგობარი იჯდა - ავტომანქანამ მართვა დაკარგა და ხეს შეეჯახა... ეს სწორედ ის M5-ია, თბილისის ქუჩებში გიჟური რბოლის კადრებით youtube რომ დაიპყრო... ინტერნეტში ატვირთული კადრები სამ მილიონზე მეტმა მომხმარებელმა ნახა, თუმცა, გიორგის, მეტსახელად "თევზს" არც კრიტიკოსები მოჰკლებია... "დრიფტის მეფე", გიორგი თევზაძე მხოლოდ "ავტოხულიგანი" ან სტრიტრეისერი არ ყოფილა. ძალიან მორწმუნე, განათლებული, თბილი ბიჭი იყო, ახალმოყვანილი მეუღლე და უამრავი განუხორციელებელი გეგმა დატოვა... გიორგი თევზაძის გახსენება მის მეგობრებს ვთხოვეთ.

გოგა თოლორაია: - გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე, გიორგი მეგობრებთან ერთად მოსკოველ სტუმრებს დახვდა ბათუმში, საიდანაც მერე მთელი საქართველო უნდა შემოევლოთ... გიორგი თამადა იყო და ღამით, რესტორნიდან რომ წამოვედით, საკუთარი ავტომანქანის საჭესთან დაჯდომა მეგობარს სთხოვა...

ვინც არ იცნობდა, მხოლოდ სტრიტრეისერი ან "ქუჩის ავტოხულიგანი" ეგონა. არადა, ნამდვილი ფენომენი იყო. საჭეს ხომ არაბუნებრივად სრულყოფილად ფლობდა და ავტომანქანის შესახებ თეორიულადაც ყველაფერი იცოდა. ძალიან განათლებული, ერთგული, ღვთისმოშიში ბიჭი იყო. მხოლოდ საკუთარ თავზე არასდროს ლაპარაკობდა - Needfordrive-ში ისეთი ბიჭები მყავს, რასაც მე ვაკეთებ, მათაც შეუძლიათო... არადა, თავად ისეთი რაღაცების გაკეთება შეეძლო, ვერავინ გაიმეორებს. რამდენიმე თვის წინ დაოჯახდა, მისი მეუღლე თიკა ოქტომბერში გოგონას ელოდება...

დავით მიქაია: - თავად არასდროს დაუმტვრევია ავტომანქანა. ჩემს BMW-ს ყველაფრის გაკეთება შეუძლია, ოღონდ ერთი ნაკლი აქვს, მცირე შეცდომასაც კი არ გაპატიებსო... სწორედ ეს მოსწონდა - არ მიყვარს, ჩემი და ავტომობილის "ურთიერთობაში" დამცავი სისტემები რომ ერევაო... რისკავდა, მაგრამ ისე, რომ დარწმუნებული იყო, არაფერი შეეშლებოდა. ყველა დეტალი წინასწარ ჰქონდა გათვლილი, მართვისას ყველაფერს აკონტროლებდა, ისე იყო მობილიზებული, რომ გამოლაპარაკებოდი, შეიძლება, არც კი ეპასუხა...

ბევრი გვაკრიტიკებდა... თავადაც ვიცით, ქალაქში ასე სიარული რომ არ შეიძლება და სულ ასე არც ვმოძრაობდით. ის ორი ვიდეოფირი იმიტომ გადავიღეთ, ყურადღება რომ მიგვექცია, Needfordrive.com-ი პოპულარული გამხდარიყო, სპონსორები დაგვეინტერესებინა... საპატრულო პოლიციასაც კი ვთხოვეთ, დაგვხმარებოდა, ამ ყველაფრისთვის ლეგალური სახე რომ მიგვეცა. გიორგის ბევრი გეგმა ჰქონდა, დრიფტისა და ექსტრემალური მართვის სკოლის გახსნას აპირებდა. გადაცემის გადაღებაც დავიწყეთ, საპილოტე გადაცემა ჩავწერეთ კიდეც. საკმაოდ რეიტინგული საზღვარგარეთული არხები იყვნენ დაინტერესებული, რაც ძალიან ახარებდა. გადაცემის დასახელება - "ჯი დრაივიც" თავად მოიფიქრა. სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი გადაცემის ჩაწერა მოვასწარით. აუცილებლად გავაგრძელებთ.

ლევან რამიშვილი: - ამბობდა ხოლმე, მანევრს იმდენად სწრაფად ვაკეთებ, წინა ავტომანქანის მძღოლმა ჩემი დანახვა ვერ მოასწროს, შეშინებულმა არასწორი მოძრაობა რომ არ გააკეთოსო. საჭესთან ყოფნისას იმასაც ვგრძნობ, როგორ ეხება საბურავი ასფალტსო... კვირას გარდაიცვალა, არადა, გიოსთვის ორშაბათს უნდა დაებრუნებინათ უსამართლოდ ჩამორთმეული მართვის მოწმობა. მართლაც უსაფუძვლოდ ჰქონდა ჩამორთმეული და ეს მოსამართლემაც დაუდასტურა. რა თარიღზეც ედავებოდნენ, იმ დღეს საერთოდ არ ყოფილა იმ მანქანით ქალაქში... ამის გამო, ცოტა არ იყოს, გული გაუტყდა. ხომ ასე უყვარდა თავისი საქმე, საბოლოოდ, ავტომანქანა მაინც ჰობი იყო. გიოსთვის მთავარი ოჯახი და მეგობრები იყო. დილით გაღვიძება უჭირდა, თორემ მერე მზად იყო, ყველას დახმარებოდა...

დავით მიქაია: - ეძებდა ხოლმე გაჭირვებულ ადამიანებს, რომ დახმარებოდა. ბევრი იცით, ვისაც 26 წლის ასაკში საქველმოქმედო ორგანიზაციის დაფუძნების სურვილი გასჩენია?! ამხელა სამეგობრო ვართ, თვეში 50 ან თუნდაც 20 ლარი არავის დაგვაქცევს, რაღაც თანხა შეიკრიბება და ერთ გაჭირვებულ ოჯახს მაინც შევეხიდებითო... იმ ხალხის ფოტოებიც კი ჰქონდა გადაღებული, ვისაც უნდა დახმარებოდა. გუშინ ფული არ მქონდაო და მეორე დღეს ორი საათის განმავლობაში ეძებდა ერთ ხეიბარ მათხოვარს, ფული რომ მიეცა... ძალიან გაწონასწორებული, განათლებული, მორწმუნე ბიჭი იყო, მისგან ბილწსიტყვაობა არასდროს გაგვიგია. ნებისმიერი მარკის ავტომანქანაზე, მათ ისტორიაზე ყველაფერი იცოდა, მის სახლში დღემდე სათუთად არის შენახული ბავშვობის დროინდელი საავტომობილო ჟურნალები. ოღონდ არ გეგონოთ, მხოლოდ მანქანები აინტერესებდა - ნებისმიერ თემაზე დაგელაპარაკებოდათ...

გოგა თოლორაია: - ექსკლუზიური, მცირეტირაჟიანი ავტომობილები უყვარდა. რაც ჰქონდა, ის Mercedes-Benz S600L 7.0 AMG სულ 25 ეგზემპლარი არსებობს, იგივე ძრავა აქვს, რაც Pაგანი ძონდა-ს. მის "მერსედესს" გიოსავით მოვუვლით და გავუფრთხილდებით. საბედისწერო M5-საც აღვადგენთ და ორივე ავტომანქანა ერთად იქნება ავტოფარეხში მის სახელზე...

ლევან რამიშვილი: - სახლიდან გასვლისას რამდენიმე წუთი ლოცვებს კითხულობდა მანქანაში. ოღონდ აუცილებლად მარტო უნდა ყოფილიყო... ავტომანქანას ძალიან უფრთხილდებოდა. ქვაზე თუ ჩამოჯდებოდი, მანქანაში აღარ ჩაგსვამდა (იცინის). საბარგული ერთჯერადი ხელსახოცებით ჰქონდა სავსე... საჭეს ისე ვატრიალებ, ბეჭედი რომ არ შეეხოს და არ გააფუჭოსო, სამრეცხაოს სამმაგ თანხას უტოვებდა - სამი მანქანის დრო დაახარჯეთ და კარგად გარეცხეთო. ჯერაც ვერ გავაცნობიერეთ, ცოცხალი რომ აღარ არის, სასაფლაოზე რომ მივდივართ, მაშინ თუ ვგრძნობთ... იმდენი სითბო და სიყვარული დატოვა, სრულიად უცნობი ხალხიც კი დიდი გულისტკივილით ლაპარაკობს მასზე. მის სამძიმარსა და სასაფლაოზე უამრავი ისეთი ადამიანი მოვიდა, გიორგი მხოლოდ youtube-ს მეშვეობით რომ ჰყავდა ნანახი, მისი სახელიც კი არ იცოდნენ...