"ახლანდელი ავტომანქანები უკვე წარსულია!" - 25 წლის ქართველი ავტოდიზაინერი
"ახლანდელი ავტომანქანები   უკვე წარსულია!" - 25 წლის ქართველი ავტოდიზაინერი
"იქნება ერთგვარი ავტონომიური რობოტი, რომელიც თავად წაგიყვანს იქ, სადაც დაგჭირდება!"

საზღვარგარეთ გაცილებით უკეთ იცნობენ, ვიდრე სამშობლოში. მისი სადიპლომო ნამუშევარი Mahindra Bee ტურინის საავტომობილო მუზეუმშია გამოფენილი - ბოლო 25 წლის საუკეთესო ნამუშევრებს შორის. Bee-ს გარდა, გაკეთებული აქვს Hirundo C-ს, Ferrari Quattroporte-ს, Maserati Borა-ს, Alfa Romeo 6C-ს, Jaguar E-Type-ს, Lamborghini Concept-ის დიზაინი... 25  წლის ქართველი ავტოდიზაინერი ალექსანდრე იმნაძე ამჟამად ტურინში ცხოვრობს და Alfa Romeo-ში მუშაობს. ავტომანქანების დიზაინთან ერთად, კომპიუტერულ თამაშებსა და კოსმოსურ გმირებსაც
You must have Flash Player installed in order to see this player.
ქმნის, მომავალში კი საქა­რ­თველოში დაბრუნებას და... პოლიტიკოსობას აპირებს!

- პატარა ვიყავი, მშობლები რომ გარდაიცვალნენ და დეიდამ გამზარდა... მანქანებისა და რობოტების ხატვა ბავშვობიდან მიყვარდა. ვფიქრობ, ეს ჯორჯ ლუკასის„"ვარსკლავური ომების"“ზეგავლენის ბრალიც არის. სკოლის შემდეგ (თბილისის მე-19 საჯარო სკოლაში ვსწავლობდი), ინტერნეტკაფეში გავრბოდი ხოლმე  F1-ისა და Counter Strike-ს სათამაშოდ. 16 წლისამ  3D max შევისწავლე, მოგვიანებით კი  Autocad/Archicad-ში მუშაობაც დავიწყე. გარკვეული დროის შემდეგ, ერთ-ერთ კლიენტს ჩემი ნამუშევრები მოეწონა და 3D დიზაინერად და ვიზუალიზატორად მუშაობა შემომთავაზა სახელგანთქმული იტალიელი არქიტექტორის, მასიმილიანო ფუქსასის პროექტ Delisi Shopping Center-ზე. დაუფიქრებლად დავთანხმდი!

-
იტალიაში როგორ მოხვდით?

- 17 წლისამ თბილისის სამხატვრო აკადემიის
არქიტექტურის ფაკულტეტზე გადავწყვიტე ჩაბარება. თუმცა, საბოლოოდ, ქართულ-ევროპულ ჰუმანიტარულ-ტექნიკურ უნივერსიტეტში აღმოვჩნდი, რადგან ეს უნივერსიტეტი საუკეთესო სტუდენტს უფასოდ გზავნიდა ევროპის ერთ-ერთ პრესტიჟულ და ძვირად ღირებულ უნივერსიტეტში. გამიმართლა და ორი კურსის შემდეგ,  სწავლა რომის უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე გავაგრძელე. რა გასაკვირია, სწორედ იტალიაში რომ განმიახლდა“ავტომანქანების სიყვარული, მე ხომ ავტოდიზაინის მექაში მოვხვდი - Pininfarina, Bertone, Alfa romeo, Maserati, Ferrari ჩემგან ერთ ნაბიჯზე იყო...

- ათასობით დიზაინერს შორის რომ შეგამჩნიონ, იღბალიც საჭიროა...
- სწავლის პერიოდში ჩემი ნამუშევრები რამდენიმე ლექტორს მოეწონა, ერთ-ერთმა კი მირჩია, მონაწილეობა მიმეღო საერთაშორისო კონკურს Creative Diary-ში, სადაც 36 გრანტი ნაწილდებოდა ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტის სამაგისტრო-საბაკალავრო პროგრამებზე. ამ 36 გრანტიდან მხოლოდ ორი ფინანსდებოდა სრულად: ფეშენდიზაინი - მილანში და სატრანსპორტო დიზაინი - ტურინში... 1000 კონკურსანტს შორის  გამარჯვების იმედი არ მქონია, მაგრამ... გავგზავნე პროექტი და აღარც გამხსენებია. ერთ მშვენიერ დღეს კი ელექტრონულ ფოსტაზე მოსული წერილით შევიტყვე, რომ 100%-ით დამიფინანსეს სწავლა  ტურინის დიზაინის  ინსტიტუტში!

- Alfa Romeo-ში როგორ აღმოჩნდით?

- ტურინში სწავლის დასრულების შემდეგ, საკმაოდ რთულ ვითარებაში აღმოვჩნდი - იტალიაში ჯერ კიდევ კრიზისი იყო და სამსახურის შოვნა ჭირდა, თან ჩემს ვიზასაც გასდიოდა ვადა... ისევ გამიმართლა და მოვხვდი საავტომობილო დიზაინის ერთ-ერთ უძველეს კომპანიაში Centro Stile Bertone, რომელიც მუშაობს კონცერნებთან  Alfa Romeo, Aston Martin, Citroen, Ferrari, Fiat, Lamborghini, Mercedes Benz, Opel, Volvo და ა.შ.„ბერტონეში ორთვიანი სტაჟირების შემდეგ,  Alfa Romeo-ში გადავედი და უკვე წელიწადია, მისი მოდელების ინტერიერებზე ვმუშაობ.

- Mahindra, Ferrari, Maserati, Lamborghini, Alfa-romeo - თქვენ მიერ გაკეთებული ყველა ეს კონცეპტი სადიპლომო ნამუშევარია?
- Mahindra Bee სადიპლომო ნამუშევარია. ყოველ წელს,  IED Torino-ს სტუდენტები ცნობილი ბრენდებისთვის რეალურ საავტომობილო კონცეპტებს ამზადებენ. იმ წელს ეს ინდური კომპანია Mahindra-სთვის გავაკეთეთ, კურატორობას კი გვიწევდა  BMW Group-ის ყოფილი შეფდიზაინერი კრის ბენგლი! 4 თვის განმავლობაში კლასი 2-3-კაციან ჯგუფებად იყო დაყოფილი, საბოლოოდ კი მხოლოდ სამი პროექტი უნდა აერჩიათ, რადგან თითოეული მაკეტის დამზადებას 12-16 ათას ევრომდე სჭირდება! არ მქონდა იმედი, რომ 27 სტუდენტს შორის არჩევანს ჩემს პროექტზე შეაჩერებდნენ და გადავწყვიტე, მარტო მემუშავა. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი ბედნიერი ვიყავი, როცა ბენგლმა პირველივე პრეზენტაციაზე შეაქო ჩემი ნამუშევარი, საბოლოოდ, ჩემი Mahindra Bee  სამ გამარჯვებულს შორის მოხვდა! ამჟამად, Bეე  ტურინის საავტომობილო მუზეუმშია გამოფენილი ბოლო 25 წლის საუკეთესო ნამუშევრებს შორის!  Alfa Romeo 6C-ს პროექტით კი ძალიან ვამაყობ, რადგან მასზე მუშაობისას ჩემი ხელმძღვანელი იყო ფელიქს კილბერტუსი - მაშინ  Pininfarina-ს სენიორდიზაინერი და BMW Gran Lusso-ს ერთ-ერთი დიზაინერი, ამჟამად კი Fiat-ის ექსტერიერების დიზაინერი.

- რომელი ნამუშევრით ამაყობთ გამორჩეულად?
- განსაკუთრებულად  მიყვარს Hirundo C (ჰირუნდო მერცხალს ნიშნავს და იმნაძის მოდელიც ძალიან ჰგავს ამ ფრინველს.  - ავტ.).

- საით მიდის თანამედროვე ავტოდიზაინი, რა არის დღეს აქტუალური?
- თანამედროვე ავტოდიზაინში განსაკუთრებულად აქტუალურია ხელოვნება, სკულპტურა, მოდა... მომავალში ავტომობილი ამჟამად არსებული სახით აღარც იარსებებს - იქნება ერთგვარი ავტონომიური რობოტი, რომელიც თავად  წაგიყვანს იქ, სადაც დაგჭირდება!

- გასაგებია, რომ Mahindra Bee ფუტკარმა შთაგაგონათ. სხვა დროს?
- წინასწარ უნდა განსაზღვრო, რა ტენდენციები იქნება 5-6 წლის შემდეგ. მხოლოდ ამის შემდეგ იწყება დიზაინზე მუშაობა. დღევანდელი ავტომანქანები უკვე წარსულია! მაგალითად,  BMW-ს დახურულ ცენტრებში უკვე იციან, რას გააკეთებენ 20 წელიწადში, ბევრი მოდელი უკვე გაკეთებულიც აქვთ!

- როცა დიზაინერი თუნდაც კონცეპტის დონეზე ქმნის მასერატი-ს ან Ferrari-ს მოდელს, თვითონ რა მანქანას უნდა მართავდეს, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა რომ არ დარჩეს?
- Maserati-ს ან Ferrari-ს! მე, ჩემდა სამწუხაროდ, მართვის მოწმობა არა მაქვს. ჯერაც ვერ გამოვნახე  დრო და შესაძლებლობა მართვის სასწავლად (იცინის). თუმცა, ამ ყველაფერს დადებითი მხარეც აქვს - ველოსიპედი და ცხოვრების ჯანსაღი წესი!

- ავტოდიზაინის გარდა, ფანტასტიკური იარაღის, აბჯრის, კოსმოსური არსებების ჩანახატებსაც აქვეყნებთ. ესეც სამუშაოა თუ მხოლოდ ჰობი?
-  ავტომანქანები ძალიან მიყვარს, მაგრამ ასეთი ჩანახატებისა“და კომპიუტერული თამაშების შექმნაზე უარს ვერასდროს ვეტყვი თავს!

- ტურინში ცხოვრობთ - "იუვენტუსი" თუ "ტორინო"?
- სიმართლე გითხრათ, ფეხბურთის ფანი არა ვარ - რალი და "ფორმულა-1"  უფრო მომწონს!

- რით ერთობა ახალგაზრდა კაცი ტურინში?

- მუშაობით. მიყვარს კითხვა - განსაკუთრებით ომების, რევოლუციების ისტორიის, პოლიტიკის შესახებ. ასევე, ფენტეზი და დეტექტივები... მიყვარს მეგობრებთან ერთად ყოფნა და მოგზაურობა.

- საქართველოში დაბრუნებას როდის აპირებთ?

- ჯერ არ ვიცი, მაგრამ იმედია, მალე გავხდები ღირსი, ჩემი ცოდნა სამშობლოს მოვახმარო! შესაძლოა, სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ მომავალში, მსურს, პოლიტიკოსი გავხდე. აი, მერე  კი გაცილებით მეტს გავაკეთებ!
მკითხველის კომენტარი (8)
ნკუშა
15 ოქტომბერი 2015 08:43
პოლიტიკას არ გაეკარო და არ შეცდე საქართველოში არ დაბრუნდე დაიკარგები.შნ ნიჭს საქარტველოში ვერ გამოიყენებ,გამორიცხულია.დარცი მანდ და უფრო განვითარდები.

ava
12 ოქტომბერი 2015 02:44
კარგია გენაცვალე წარმატებებს გისურვებ,ერთ რჩევას მოგცემდი დაანებე თავი პოლიტიკას და ისევ მანქანებს მიხედე,ამიტომ ვართ ასეთ დღეში რომ ყველა პოლიტიკაში მიძვერება.
22 აგვისტო 2015 14:23
ძალიან კარგი ამბავია... კარგია ასეთი ნიჭიერი ხალხის ნიჭი რომ არ იკარგება, წარმატებები...
რეზო
30 მარტი 2015 11:55
წარმატება დაიღბალი არ მოგაკლოს!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1