"ღვედების რევოლუცია" გარდაუვალია? - კვირის პალიტრა

"ღვედების რევოლუცია" გარდაუვალია?

"2-3 წელიწადში "სითი-პარკის" მიერ დაწესებული პარკირების წლიური გადასახადი 160 ლარამდე გაიზრდება!"

ბოლო დროს მძღოლები აქტიურად ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ მალე ავტომანქანებში ახალი ტიპის ფოსფორირებული უსაფრთხოების ღვედების გამოყენება იქნება სავალდებულო. კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება და რაკი "კვირის პალიტრის" მკითხველებიც ხშირად მოგვმართავენ კითხვით, მართალია თუ არა ეს ინფორმაცია, ვითარებაში გასარკვევად არასამთავრობო ორგანიზაცია "მძღოლი, გზა, სამართლის" პრეზიდენტ რობერტ იანტბელიძეს მივმართეთ:

- მართლაც ამბობენ, რომ ავტომობილებში მოყვითალო, ფოსფორის შემცველი ღვედების დამონტაჟება იქნება აუცილებელი, რათა პატრულის თანამშრომლებმა ღამითაც ადვილად დაინახონ, უკეთია თუ არა მძღოლს უსაფრთხოების ღვედი. ვერ გეტყვით, სიმართლეა თუ არა ეს, თუმცა, ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. მით უმეტეს, ამბობენ, რომ ასეთი ღვედის კომპლექტის ღირებულება 80 ლარამდე იქნება. თუ ეს ამბავი გამოგონილია, საიდან მოვიდა ეს ციფრი? ქართველმა მძღოლებმა ბევრი რამ უსიტყვოდ "გადაყლაპეს", მათ შორის, პარკირების გადასახადის უსინდისოდ გაორმაგება, საწვავის გაძვირება და ა.შ. მაგრამ თუ ასეთი ნოვაცია ჩვენთან მართლაც შემოიტანეს, გარწმუნებთ, საქართველოში "ღვედების რევოლუცია" გარდაუვალია...

რადგან გაძვირება ვახსენე, საკმაოდ სანდო წყაროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციასაც გაგიმხელთ: 2-3 წელიწადში "სითი-პარკის" მიერ დაწესებული პარკირების წლიური გადასახადი 180 ლარამდე გაიზრდება!

- რომელიმე ქვეყანაში თუ არსებობს "მანათობელი ღვედების" დანერგვის პრეცედენტი?

- მსოფლიოში ასამდე საავტომობილო მარკა არსებობს, საავტომობილო საკითხებზე სპეციალური კვლევითი ინსტიტუტები მუშაობენ და ფოსფორირებული ღვედები რომ საჭირო და პრაქტიკული იყოს, რომელიმე ქვეყნის ინჟინრებს არ მოუვიდოდათ აზრად თუნდაც ერთ მოდელზე მისი დამონტაჟება?

- ე.ი. ასეთ ღვედებს ქართველი ავტომფლობელებისთვის სპეციალურად დაამზადებენ?

- ასეთი ღვედები სერიულად ნამდვილად არ იწარმოება, ამიტომაც, თუ შემოიღებენ, მის დასანერგად სპეცშეკვეთა იქნება საჭირო. ბევრ მძღოლს ნამდვილად არა აქვს შესაძლებლობა, ვიღაცის ახირებაში 80 ლარი გადაიხადოს. ზოგიერთი პრინციპულად არ დაამონტაჟებს, რადგან სხვაგან არსად არის და ეს სიახლე სერიოზული უკმაყოფილების საგანი გახდება. ყოველ წუთს რომ გვიყიჟინებენ, შეიკარი ღვედიო, ვინმეს თქმა რად მინდა? საბჭოთა კავშირი 1975 წელს შეუერთდა ვენის კონვენციას ღვედის გამოყენების აუცილებლობის შესახებ, ასე რომ, ეს ახალი არ არის. დღეს ხალხს ვენახებსა და ორღობეებში სიარულისას ავალდებულებენ ღვედის გაკეთებას. კი, ბატონო, გამიწიე რეკომენდაცია, მირჩიე, მაგრამ რატომ მავალდებულებ? ბევრი ვიცი ისეთი ადამიანი, ვისაც არ შეუძლია შეკრული ღვედის ატანა, ისეთი შეგრძნება აქვთ, რომ იხრჩობიან.

ნაცვლად იმისა, უკანა საქარე მინის დაბურვა აეკრძალათ, ავტომფლობელებს ნება დართეს, თუ უნდათ, "შავი საღებავი" გადაუსვან უკანა მინას, რაც დანაშაულის ტოლფასია. თურმე, მთავარი ის ყოფილა, პატრულმა წინა და გვერდითი მინებიდან დაინახოს, რა ხდება მანქანის სალონში, უკან მიმავალი ავტომობილის მძღოლზე კი არავინ ფიქრობს. გვეუბნებიან, სამუხრუჭე მანძილი დაიტოვეთო, თუმცა, თავადაც კარგად იციან, ეს რომც სცადო, უკან იმდენი მანქანა ატეხს პიპინს, თავი ქორწილში გეგონება.