ავტოკურიოზები - კვირის პალიტრა

ავტოკურიოზები

საქართველოში უკვე ძალიან იშვიათია ავტომანქანის გატაცების ფაქტები. აი, ყოფილი საბჭოეთის ქვეყნებზე კი იმავეს თქმა გაგვიჭირდება - მანქანებს კვლავაც პანტაპუნტით იტაცებენ.

თუმცა, მოპარვაც არის და მოპარვაც - ზოგიერთი "ჭკვიანი" ჯერ იპარავს და მხოლოდ ამის შემდეგ ფიქრობს, რა უნდა უყოს გატაცებულ ავტომობილს.

რამდენიმე დღის წინ ყაზახმა სამართალდამცავებმა ქალაქ პავლოდარში მცხოვრები 27 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელმაც... კატაფალკა პირდაპირ სასაფლაოდან გაიტაცა! შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მიცვალებული მანქანიდან გადმოასვენეს. სარიტუალო ავტომანქანის მძღოლი კი ავტომობილიდან გადმოვიდა, რათა ჭირისუფლებს კუბოს საფლავამდე მიტანაში დახმარებოდა. მძარცველმა ამით ისარგებლა, კატაფალკაში ჩახტა და მიიმალა. ბუნებრივია, პოლიციას დამნაშავის პოვნა არ გასჭირვებია და ის "ცხელ კვალზე", იმავე დღეს დააკავეს.

ძნელი წარმოსადგენია, რას უპირებდა ყაზახი ყმაწვილი მოპარულ ავტომანქანას, მით უმეტეს, არა მგონია, პავლოდარში მის მიერ გატაცებული კატაფალკის გარდა სხვაც ყოფილიყო, მაგრამ ერთი რამ ცხადია - ჭირისუფლებისგან მას ნამდვილად ეკუთვნის მადლობა, სარიტუალო ავტომობილი მიცვალებულიანად რომ არ გაიტაცა...

არანაკლებ კურიოზული შემთხვევა მოხდა ხარკოვშიც. თუმცა, იქ "დანაშაული" "საპატიოც" გახლდათ: ნასვამმა მამაკაცმა ტროლეიბუსი გაიტაცა,  სანამ ტროლეიბუსის მძღოლი სადისპეტჩეროში იმყოფებოდა, გამტაცებელი ცარიელ ტროლეიბუსში ავიდა და "სახლში გაემგზავრა". თუმცა, 50 მეტრის გავლაც ვერ მოასწრო, რომ ხეს შეეჯახა. ყაზახი "კოლეგის" მსგავსად, ბრალად მასაც "სატრანსპორტო საშუალების უკანონოდ დაუფლება" წაუყენეს. ისე კი, საინტერესოა, საწყალ ხარკოველს ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვისაც ხომ არ "მიაკრეს" ჯარიმა?