ჰიბრიდული "პაპომობილი" - კვირის პალიტრა

ჰიბრიდული "პაპომობილი"

სექტემბრის ბოლოს რომის პაპი ბენედიქტ XVI აპირებს, მშობლიურ გერმანიას ესტუმროს.  ამ ღირსშესანიშნავი დღისათვის გერმანელები საპატიო სტუმარს საჩუქარს - ახალ "პაპომობილს" უმზადებენ, რომელიც ზინდელფინგენში გასაიდუმლოებულად იწყობა.

თავდაპირველად, ბენედიქტ XVI-ისთვის, რომელიც გარემოს დაცვას დიდ ყურადღებას უთმობს, ელექტრომობილის დამზადება იყო განზრახული. უსაფრთხოების ზომების გამო ამ იდეაზე ვატიკანმა თქვა უარი, რადგან პაპზე თავდასხმის შემთხვევაში, ავტომანქანის სწრაფად ასაჩქარებლად ელექტროძრავების სიმძლავრე შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს. ამიტომაც ახალი "პაპომობილი" ჰიბრიდული ძრავით იქნება აღჭურვილი.

ბენედიქტ XVI-ის ახალ ავტომობილს 2012 წლის სამოდელო რიგის M კლასის ყველგანმავლის ბაზაზე ააწყობენ. მას ისეთივე ძრავა ექნება, როგორიც კონცეპტ  Mercedes-Benz Visio S500 Plug-in Hybrid-ს. 3,5 ლიტრი მოცულობის ბენზინის ძრავასთან ერთად, ავტომანქანას 60-ცხ.ძალიანი ელექტრომოტორიც აქვს. საერთო ჯამში, მათ ერთობლივად 300 ცხ. ძალის განვითარება შეუძლიათ.

აღსანიშნავია, რომ ტყვიაგაუმტარი მინის კაბინის გამო ავტომობილის წონა თითქმის ხუთ ტონას აღწევს. შერეულ რეჟიმში მუშაობისას, 100 კილომეტრზე  S500-ს მხოლოდ 3,2 ლიტრი საწვავი სჭირდება. 100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად მას მხოლოდ 5,5 წამი ჰყოფნის, მაქსიმალური სისწრაფე კი 250 კმ/სთ-ია. ლითიუმიონური ელემენტის დასატუმბად, რომელიც ელექტროძრავას კვებავს, 60 წუთია საკმარისი, რის შემდეგაც მხოლოდ ელექტრული გამწევის მეშვეობით "პაპომობილი" 30 კილომეტრის გავლას შეძლებს.