რა ”დაიკიდეს” უნივერსიტეტის რემონტის დროს? - კვირის პალიტრა

რა ”დაიკიდეს” უნივერსიტეტის რემონტის დროს?

გუშინ მეილზე წერილი მომივიდა. ეტყობა ამდენი ხანი რომ არაფერზე ვიბუზღუნე, მკითხველმა იფიქრა, ეს კაცი ყველაფრით კმაყოფილია და საბუზღუნო თემას მე გავუგზავნიო. დიდი მადლობა მას!

წერილი თსუ-ს ერთ-ერთი სტუდენტის მიერ აღმოჩნდა შედგენილი. ახალგაზრდა გოგონა უნივერსტეტის პირველ კორპუსში ჩატარებულ რემონტზე მწერდა და აღშფოთებას ვერ მალავდა განხორციელებული ცვლილებებით.

წერილში იმდენად ცუდი ფაქტები იყო მოყვანილი, პირდაპირ ვერ გამოვაქვეყნე და გადასამოწმებლად დილიდანვე უნივერსიტეტს ვეწვიე.

საბედნიეროდ, ყველაფერი ისე მძიმედ არ აღმოჩნდა როგორც წერილის წაკითხვის შემდეგ მეგონა, თუმცა რემონტის დამკვეთ-შემსრულებელ-ჩამბარებელზე ჩემი უკმაყოფილო შეხედულება მაინც ჩამომიყალიბდა.

პირველი, რამაც გამაკვირვა, ზრდილობიანი დაცვა იყო (არა მგონია, სპეციალურად შეერჩიათ, ეტყობა აურა მოქმედებს...) სხვა დაწესებულებებში ასეთი პრეცედენტები იშვიათად გვხვდება.

მეორე გაკვირვება თბილმა დერეფნებმა გამოიწვია, არადა "რევოლუციამდე" საყინულე იყო ხოლმე... მართლაც სასარგებლო გამოგონებაა მეტალოპლასტმასი, მით უმეტეს, თუ ხის ფერია და ძველი ფანჯრების მონახაზს უცვლელად გაიმეორებს...

დერეფნებში პარკეტიც ნორმალურად არის მოხვეწილი... კედლებიც შეღებილი და სუფთაა... აუდიტორიებთან ახალი, თანამედროვე საინფორმაციო დაფები, მეტალისფერი ფირნიშები კიდია. ყველაფერი თითქოს კარგია, მაგრამ მაინც ისეთი გრძნობა გამიჩნდა, რომ შენობას რაღაც დააკლდა.

ძველი დრო და უნივერსიტეტში გატარებული წლები მხოლოდ კიბეზე ასვლისას გამახსენდა. კიბეზე ასულმა გავიფიქრე - კარგი ქნეს რომ ხელი არ ახლეს და მარმარილო, გრანიტი თუ სხვა მარადიული მასალები თანამედროვე ჰაიტექით არ შეცვალეს-მეთქი.

ამის გაფიქრება და თვალის ახელა ერთი იყო. უნივერსიტეტის შენობაში სიძველე, ფუნდამენტურობა და საიმედოობა დამაკლდა: მარმარილოს იატაკი მეტლახ-კაფელმა შეცვალა; ხის ფანჯრები მეტალოპლასტმასმა; აუდიტორიის მძიმე, მასიური ხის კარებები მსუბუქმა ხელოვნურმა მასალამ; ხისჩარჩოიანი მძიმე საინფორმაციო დაფები თანამედროვე მსუბუქმა კორპის "Board"-ებმა და ასე შემდეგ.

არ მინდა ვინმემ იფიქროს რომ სიახლის, ან რომელიმე თანამედროვე ტექნოლოგიის მოძულე ვარ. არავითარ შემთხვევაში. უბრალოდ მგონია, რომ უნივერსიტეტს, რომელსაც ასწლიანი ისტორია აქვს, სწორედ ამ კუთხითაც სჭირდება მოფრთხილება და წარმოჩინება.

მთელ მსოფლიოში, რაც უფრო ძველია განათლების კერა მით უფრო ფასობს. ეს არა მხოლოდ საგანმანათლებლო ტრადიციებს, ექსტერიერსაც და ინტერიერსაც, მოკლედ გარემოსაც ეხება.

ვისაც არ აქვს ძველი ტრადიციები ისინი აგრძელებენ გენეალოგიურ ხეს და მეტი სარწმუნოებისთვის იგონებენ საკუთარი ისტორიის არარსებულ დეტალებს, ამკობენ ძველებური ნივთებითა და დეტალებით. ჩვენ კი საკუთარ, რეალურ ისტორიას ვაახლებთ და ხშირად გაუაზრებლად ვაუფასურებთ ფასდაუდებელ და განუმეორებელ საგნებს.

1918 წელს დაარსებულ უნივერსიტეტშიც ასე მოხდა. მოვაშთეთ ხის საგნები და ტექნოლოგიური სიახლეებით შევცვალეთ. ავყარეთ მარმარილოს ფილები იატაკზე და მეტლახი დავაგეთ...  შტაბეჭდილება იქმნება რომ მაქსიმუმ 70-იანების პირმშოა...

რატომ? იმიტომ რომ იაფია? ყველამ ვიცით, რომ თუნდაც მარმარილოს ფილა ოც ასეთ მეტლახს "მოინელებს".

აბა რაშია საქმე? ვინმეს ასე ურჩევნია? ვინმემ ფული მოტეხა? თუ უბრალოდ არავინ იფიქრა იმაზე, რა უფრო მნიშვნელოვანია - იაფად გაკეთებული რემონტი (თუნდაც ხარისხიანი) თუ წლობით შეძენილი და დაღვინებული ტრადიცია და დაძველებული ნივთები, რომლებსაც ჩვენი გენიალური (ზოგიც ნაკლებად გენიალური) წინაპრები, პედაგოგები და მეცნიერები 1918 წლიდან შეხებიან? ან იფიქრეს და რაიმე მიზეზის გამო ”დაიკიდეს”? არ ვიცი...

მართალია არ ვყოფილვარ და არც მინახავს, მაგრამ არა მგონია, სორბონაში, ოქსფორდში ან კოლუმბიის უნივერსიტეტში მსგავსი რამ მომხდარიყო.

მეტიც, დარწმუნებული ვარ, მსოფლიოში უცნობილეს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტშიც, მიუხედავად ფართო შესაძლებლობებისა, დიდ პატივს სცემენ ტრადიციებსა და საკუთარ ისტორიას...

შეიძლება ვცდები, - კომენტარები გვაჩვენებს.

პ.ს. კომენტარებს რაც შეეხება. მადლობა ყველას ვინც არ დაიზარა და ჩემ ნაბუზღუნარს ყურადღება მიაქცია.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ”ვბუზღუნებ” იმაზე, რაც არასწორად მიმაჩნია და არა იმიტომ, რომ ვინმეს ჯინი მჭირს.

ვიცი რომ ამ ქვეყანაში საბუზღუნო ისევ ბევრია და შეიძლება რამე თვალთახედვიდან გამომრჩეს. ამიტომ მომწერეთ მეილზე თქვენი თემები და მოხარული ვიქნები თუ თქვენს გასაჭირს ან გულისნადებს დღის სინათლეზე გამოვიტან. იქნებ რამეს ეშველოს კიდეც.

ჩემი მისამართია buzguna@palitra.ge