მეტეხის ხიდთან მტკვარი იმდენად ბინძური იყო, რომ ნებისმიერ ტურისტთან "გვასახელებდა" - კვირის პალიტრა

მეტეხის ხიდთან მტკვარი იმდენად ბინძური იყო, რომ ნებისმიერ ტურისტთან "გვასახელებდა"

ხუთშაბათ დილას ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის "შეფების" სამაგალითო და უსაყვარლესი ქალაქის ტურისტულ ცენტრში მტკვარმა იმდენი ნაგავი ჩამოატარა, გლდანის ნაგავსაყრელს შეშურდებოდა...

სხვისი არ ვიცი, მაგრამ მაშინვე ისეთი გრძნობა გამიჩნდა, რომ ცივ ზამთარში ჩემ მიერ გადახდილ, დენზე მიბმულ "ნაგვის" გადასახადს დასუფთავების სამსახური წყალს ატანს... არა გადატანითი, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით...

იხილეთ ვიდეო

დარწმუნებული ვარ, რომ დენზე მიბმის შემდეგ მილიონები მოგროვდა დასუფთავების გადასახადის სახით. თბილისი სისუფთავის ქალაქიაო ამტკიცებს ჩვენი მერი და მეც ძალიან მიხარია...  მაგრამ...

უბრალოდ, მიამიტურად მეგონა რომ მტკვარიც თბილისის ნაწილი იყო და თურმე, "სადა ბანაობ"...

ასეთ მტკვარში ვინ იბანავებს არ ვიცი, მაგრამ მეთევზეები რომ ყოჩაღად იყვნენ და ნაგვის მორევებიდან ფართხალ-ფართხალით ამოჰყავდათ "ქაქიჭამია" თევზები - ფაქტია... სამწუხაროდ მერიის სასადილოში არ მოხვდება ეგ თევზი, თორემ უეჭველად "შეერგებოდათ"...

მცდელობის მიუხედავად, ვერ მოვასწარი იმის გადაღება, როგორი გაკვირვებული სახეები ჰქონდათ მეტეხის ხიდზე მოსეირნე ხელი-ხელჩაკიდებულ უცხოელ ტურისტებს, როდესაც ხიდის ქვეშ მღვრიე მასას უყურებდნენ... მხოლოდ აბანოთუბნისკენ წასულების დაფიქსირება შევძელი... იმედია, გაწვრთნილი ექსკურსიამძღოლი ისეთ რამეს აჩვენებდა იქ, რომ ბინძურ მტკვარს დაავიწყებდა...

ეს პოსტი მოკლეა, ანდა რა დავწერო? ფოტოებზე ყველაფერი კარგად ჩანს...

ყველა ვიხდით "ნაგვის ფულს", ყველა ვხედავთ ამ ნაგავს ჩვენს გარშემო და არავინ არ იღებს ხმას...

ვინ არის დამნაშავე? ის, ვინც ფულს იღებს და არაფერს აკეთებს, თუ ის, ვინც ფულს ცხვარივით მორჩილი იხდის და არავისგან არაფერს მოითხოვს სამაგიეროდ?

პირველის "საჩკაობის" ლოგიკას ვხვდები... მეორის უმოქმედობისას ვერა...

შეიძლება ვცდები, - კომენტარები გვაჩვენებს.

პ.ს. კომენტარებს რაც შეეხება. მადლობა ყველას ვინც არ დაიზარა და ჩემ ნაბუზღუნარს ყურადღება მიაქცია.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ - "ვბუზღუნებ" იმაზე, რაც არასწორად მიმაჩნია და არა იმიტომ, რომ ვინმეს ჯინი მჭირს.

ვიცი რომ ამ ქვეყანაში საბუზღუნო ისევ ბევრია და შეიძლება რამე თვალთახედვიდან გამომრჩეს. ამიტომ მომწერეთ მეილზე თქვენი თემები და მოხარული ვიქნები თუ თქვენს გასაჭირს ან გულისნადებს დღის სინათლეზე გამოვიტან. იქნებ რამეს ეშველოს კიდეც.

ჩემი მისამართია  buzguna@palitra.ge

იხილეთ ვიდეო: ნაგვით სავსე მტკვარი - ორი ქვეყნის ეკოლოგიური პრობლემა

TOP.GE