კათხა ლუდი და შებოლილი ლეშა ვიღაცის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ფასად
ლუდი მიყვარს. მიყვარს ზამთარშიც, ზაფხულშიც, სიცივეშიც და პაპანაქება სიცხეშიც. სხვა სასმელსაც სიამოვნებით მივირთმევ, მაგრამ ლუდს თავისი ადგილი აქვს ყოველთვის და ალბათ არაფერში გავცვლი...
არ მესმის იმ ხალხის, ვინც გაზაფხულის თბილი დღეების დადგომისთანავე ამბობს ლუდის სეზონი დაიწყოო და მტკვრის ცნობილ მარცხენა სანაპიროს მიაშურებს ხოლმე. სხვა დროს კი საერთოდ არ სვამენ...
ბოდიში, ასეთები სიტყვა ლუდის მაგივრად ძირითადად "პივას" იყენებენ. მაგრამ ამაზე კი არ მინდოდა დამეწერა...
მოკლედ, წელს სანაპიროზე "პივის სეზონი" ცოტა გვიან დაიწყო, სამაგიეროდ ერთდროულად ბევრი "პივისტი" მიაწყდა ერთ-ერთი ქართული კომპანიის ლუდის ქარხანას და მდინარე მტკვრისა თუ მარცხენა სანაპიროს დაბინძურებაში საკუთარი წვლილის შეტანას აქტიურად შეუდგნენ.
ლუდის ქარხნის სახელს არ ვამბობ, ვინც საკითხში ერკვევა, მშვენივრად იცის. ვინც არ იცის, ვეტყვი - ქარხანა არ უნდა იყოს მაინცდამაინც დამნაშავე იმაში, რაც მის მახლობლად ხდება. მეტიც, ხეებზე გამოკრული ფირნიშები, რომლებიც ტერიტორიის დაბინძურებისგან თავშეკავებისკენ მოწოდებთ, სწორედ მელუდეების გაკეთებული მგონია. თან ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქის უმსგავსი საქციელის გამო, წარმოებას ხომ არ გააჩერებენ... სანაპიროზე ლუდის გაყიდვას რაც შეეხება - ალბათ ამასაც ვერ შეზღუდავენ.
უმსგავსობა კი მართლა ბევრია: გამოყენებული პლასტმასის ჭურჭელი, თევზისა თუ სხვა საკვები პროდუქტების ნარჩენები, რომელიც ქართულ ენაში ერთ სიტყვად - "ნაგვად" ერთიანდება, ყოველ დღე გროვებად რჩება "პივისტების" ღრეობების შემდეგ. ჩემი აზრით, სწორედ ამ ღრეობების შეზღუდვაა საჭირო.
ზოგიერთნი, სანამ ფხიზლები არიან, შეგნებულად იქცევიან. ცდილობენ ნარჩენები ცელოფანის პარკში მოაგროვონ, მაგრამ თითქმის(!!!) ყოველთვის დგება მომენტი, როდესაც ეს პარკი პირველად დანიშნულებას კარგავს და უკეთეს შემთხვევაში, გადავსებული ბუნკერის გვერდზე, ტროტუარზე რჩება, უარსეში კი - მტკვრის მღვრიე ტალღებში ამოყოფს ხოლმე თავს... ამას ისიც დაუმატეთ, რომ ლუდის სმა, როგორც წესი, შარდის ბუშტის დაცლის სურვილსაც აღძრავს ხოლმე...
ეს ხალხი მარტო ამ ქარხნის მიმდებარე ტერიტორიას რომ აბინძურბდეს, კიდევ ჰო. ბოლო-ბოლო მარტო ჩემი თანამშრომლების მიერ გადახდილი დენზე მიბმული დასუფთავების გადასახადი დაფარავს იმათი ნამოქმედარის ალაგების ხარჯებს. მაგრამ ხშირად "პივისტების" გათვლა არასწორია, იმაზე ნაკლებ ლუდს ყიდულობენ, ვიდრე დალევა შეუძლიათ და იმის მაგივრად რომ კათხების დაცლის შემდეგ შინ მშვიდობით გაემართონ, "დამატებისთვის" ერთი ტროტუარიდან მეორეზე გადარბიან და მანქანების ნაკადს სრულ იგნორირებას უკეთებენ.

გადარბიან რა, - სანამ ფხიზლები არიან გადარბიან, მერე გადადიან და ბოლოს მიბანცალებენ. ტემპი, ორიენტირება და "ბანცალიზაციის" ხარისხი, როგორც ხვდებით, ლუდის წინა, უკვე დალეულ დოზაზეა დამოკიდებული.
თუ ეს ყოველივე დღის სინათლეზე ხდება, სანაპიროზე უხვად მოძრავ ავტომობილისტებს კიდევ აქვთ შანსი დროზე შეამჩნიონ დაბრკოლება და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ. ხოლო თუ ეს "დაგონკაზე" მონადირე პივისტები საღამოს ბინდ-ბუნდში ან დაღამებულზე გადაადგილდებიან, მაშინ მათი შემჩნევა ძალიან ძნელია.
გუშინ სწორედ ასეთ მომენტს შევესწარი. შევესწარი კი არა, მონაწილეც გავხდი. ჩემი მანქანით საკმაოდ ნელა მივდიოდი და ამიტომ როდესაც გზაზე მუქი ჩრდილების ჯგუფი დავლანდე, დამუხრუჭება და მანქანის გაჩერება არ გამჭირვებია.
მე კი დავამუხრუჭე, მაგრამ საინტერესო მერე მოხდა... ორმა ახალგაზრდამ მანქანას წინ გადაურბინა, ყურადღება საწინააღმდეგო ნაკადზე ჰქონდათ გამახვილებული და მე საერთოდ არ შევუმჩნევივარ. მესამემ, რომელიც მეგობრებს ოდნავ ჩამორჩა, უკნიდან მომიარა, ხოლო მეოთხე, რომელიც ცალკე შავი ტანისამოსის და ცალკე თვალებში შემონათებული "ვსტრეჩნის" შუქების გამო საერთოდ ვერ შევამჩნიე, ჩემი გაჩერებული მანქანის საბარგულს გვერდიდან შეეჯახა, რაღაც ჩაიბურტყუნა და ისევ ტროტუარზე დაბრუნდა.

როგორც ჩვეულებრივმა, ნორმალურმა მძღოლმა გემრიელად შევუკურთხე, გაბმული სიგნალი მივაყოლე და გზა გავაგრძელე.
პირველივე შუქნიშანზე გაჩერებულმა დავიწყე მომხდარზე ფიქრი...
როგორც წესი, დაშვებული სიჩქარის მაქსიმუმით დავდივარ ხოლმე. ამიტომ, დაღლილი რომ არ ვყოფილიყავი და ნელა არ მევლო, დამუხრუჭებას ვერ მოვასწრებდი. იმაზე ფიქრიც კი მზარავს, რა შეიძლებოდა მომხდარიყო.
შინ მისულმა, გეგონება განგებ "გამიჩალიჩესო", კურიერში დიდი სიუჟეტი ვნახე ავტოავარიების და მათ გამო დაღუპულთა რაოდენობების შესახებ. თურმე სტატისტიკით, დაღუპულთა მესამედი ქვეითად მოსიარულეები არაინ. ავარიები ძირითადად მათი უადგილო ადგილზე გადასვლის გამო ხდება...
ფიქრები უფრო მუქი გახდა... ხომ შეიძლებოდა, იმ ბიჭებიდან რომელიმესთვის სასიკვდილო ჭრილობა მიმეყენებინა. ვერაფერი ნუგეში იქნებოდა ჩემთვის, რომ ის ნასვამი, გზაზე უადგილო ადგილას გადმომხტარი და მაშასადამე ბრალეული იქნებოდა. როგორც ვიცი, ავარიის დროს ამას არც კანონი ითვლისწინებს.
ნაცნობების მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე ვიცი, რომ რაც არ უნდა დამნაშავე იყოს ფეხით მოსიარულე, მძღოლი მაინც ისჯება. თან ერთია ფულადი ან ციხის სასჯელი და მეორე იმის შეგნება რომ ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმე. იმაზე გამუდმებით ფიქრი, რომ შეგეძლო ასე ჩქარა არ გევლო, სხვა გზით წასულიყავი, ან უფრო ყურადღებით ყოფილიყავი. კოშმარები ძილში და ასე შემდეგ...
ამაზე ფიქრით ძალიან დავიზაფრე და მერე გავბრაზდი, ბოლოს გავმწარდი კიდეც. რატომ? რატომ უნდა იყოს ასე?
ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთი უმთავრესი საგზაო არტერიის გასწვრივ, ყოველ დღე და გვიან ღამემდე, მთვრალი ხალხი საკუთარ თავსაც და სხვებსაც საფრთხეში აგდებს.
თავი დავანებოთ ნაგავს, შარდის გუბეებს, გინებას, საცობებსა და ნერვების შლას. თუ ვინმეს "ქაქიჭამია" თოლიების საზოგადოებაში ლუდი დალევა მოსწონს, ღმერთმა შეარგოს. მაგრამ აქ ხომ სხვა რამეა - ყოველ დღე ვიღაცა რისკავს კათხა "პივის" და შებოლილი სკუმბრიის ნაჭრის ფასად... სასწორის პინაზე დებს საკუთარ და უბრალო გამვლელის ჯანმრთელობას, თავისუფლებას, სიცოცხლეს!
ამ ყველაფერს ზოგი მანქანიდან ვუყურებთ, ზოგიც კათხით ხელში გადაშარდული ტროტუარიდან და... ხმას არავინ იღებს...
ვერ ვართ ჩვენ ნორმალურები...
შეიძლება ვცდები, - კომენტარები გვაჩვენებს.
პ.ს. კომენტარებს რაც შეეხება. მადლობა ყველას ვინც არ დაიზარა და ჩემ ნაბუზღუნარს ყურადღება მიაქცია.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ - "ვბუზღუნებ" იმაზე, რაც არასწორად მიმაჩნია და არა იმიტომ, რომ ვინმეს ჯინი მჭირს.
ვიცი რომ ამ ქვეყანაში საბუზღუნო ისევ ბევრია და შეიძლება რამე თვალთახედვიდან გამომრჩეს. ამიტომ მომწერეთ მეილზე თქვენი თემები და მოხარული ვიქნები თუ თქვენს გასაჭირს ან გულისნადებს დღის სინათლეზე გამოვიტან. იქნებ რამეს ეშველოს კიდეც.
ჩემი მისამართია buzguna@palitra.ge