თბილისი - საცხოვრებლად არასასურველი ქალაქი
მსოფლიოს 400 ქალაქს შორის თბილისი საცხოვრებლად ერთ-ერთ არასასურველ ქალაქად დაასახელეს. ECA International-ის კვლევის თანახმად, საქართველოს დედაქალაქმა 199-ე ადგილი დაიკავა და ევროპულ ქალაქებს შორის მურმანსკზე (189-ე ადგილზეა) უარესი მაჩვენებლები აჩვენა. საუკეთესო ქალაქების სიაში პირველი ადგილები შვეიცარიის ქალაქმა ბერნმა და დანიის კოპენჰაგენმა დაიკავეს. ათეულში შვეიცარიის კიდევ ორი ქალაქი მოხვდა - ჟენევა (მე-4 ადგილი) და ბაზელი (მე-7 ადგილი). პარიზსა (23-ე ადგილი) და ლონდონს (31-ე ადგილი) გერმანულმა ფრანკფურტმა, ჰამბურგმა, ბერლინმა, შტუტგარდტმა და მიუნხენმა გაუსწრეს. ვარშავასა და კიევისთვის, ბევრი სხვა უარყოფითი მაჩვენებლის გარდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ენობრივი ბარიერი აღმოჩნდა. ადგილობრივებს თურმე თითქმის არ შეუძლიათ უცხო ენაზე საუბარი. ვარშავა 67-ე, ხოლო კიევი 113-ე ადგილზე მოხვდა. რეიტინგის ბოლო ადგილებზე ბაღდადი, ქაბული და კარაჩი განთავსდნენ.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ცხოვრების პირობების მიხედვით, თბილისი სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგით აუტსაიდერია. ადამიანური რესურსების კონსულტირების, კვლევებისა და საგამოძიებო მომსახურების გლობალური კომპანია Mercer-ის რეიტინგში, რომელშიც 221 ქალაქი შევიდა, თბილისი 214-ე პოზიციაზე, ანუ ბოლოდან მერვე ადგილზე. Mercer-ის კვლევის თანახმად, ევროპასა და საზოგადოდ, მსოფლიოში, ცხოვრების ყველაზე მაღალი დონე ვენაშია, მეორე და მესამე ადგილებზე კი ციურიხი და მიუნხენი დასახელდა. Mercer-ი ცხოვრების დონეს შემდეგი კრიტერიუმებით აფასებს: პოლიტიკური და სოციალური გარემო, ეკონომიკური გარემო, სოციალურ-კულტურული გარემო, სამედიცინო და ჯანდაცვის პირობები, სკოლა და განათლება, ბუნებრივი გარემო, საჯარო მომსახურება და ტრანსპორტი, რეკრეაცია, სამომხმარებლო საქონელი, ყოფითი პირობები. რაც შეეხება ECA International-ს, ქალაქების რეიტინგის შედგენისას ორგანიზაციამ უსაფრთხოების, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვისა და განათლების განვითარების დონე, აგრეთვე ჰაერის სისუფთავე შეისწავლა.
გიორგი გაჩეჩილაძე, მწვანეთა პარტიის გენერალური მდივანი: "ბუნებრივია, ეს საერთაშორისო კვლევები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რეალურად ასახავს იმ ვითარებას, რომელიც დღეს საქართველოს დედაქალაქშია. ეს შედეგები წინააღმდეგობაში მოდის ხელისუფლების მიერ გაპიარებულ ფაქტებთან, რომელსაც ნაციონალური არხებით ვისმენთ. თავად ის ფაქტი, რომ ქალაქების რეიტინგში თბილისი 199 ადგილზე მოხვდა, კატასტროფული შედეგია და პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ თბილისში ცხოვრება უსაფრთხო არ არის. ეკოლოგიური მდგომარეობა, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვის პირობები - ეს ის ძირითადი პარამეტრებია, რითაც საცხოვრებლად სასურველი ქალაქების რეიტინგი დგება. სხვათა შორის, ამ მონაცემების გადამოწმება თბილისში სტუმრად ჩამოსული უცხოელებისგან ინტერვიუებითაც ხდება.
საინტერესოა, რომ ჩვენში დაბალია განათლების ინდექსი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ თბილისის მოსახლეობაში ძალიან დაბალია უცხო ენების ცოდნის დონე. აღმოჩნდა, რომ თბილისის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა აღარც რუსული იცის და არც ინგლისური. მაშინ, როცა ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაზეა ლაპარაკი, უცხო ენების ცოდნა, თუნდაც მომსახურების სფეროში დასაქმებულთათვის, ძალიან მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება ეკოლოგიურ მდგომარეობას, ამას დიდი შეფასება არც სჭირდება. ისეთი რეალობა შექმნეს ქალაქში, რომ მწვანე საფარი ფაქტობრივად განახევრებულია. არადა, მას ეკოლოგიური თვალსაზრისით დაცვითი ფუნქცია ჰქონდა. მწვანე საფარი, განსაკუთრებით კი ფოთლოვან ხეებს აქვთ უნარი ტოქსიკური ნივთიერებების ნეიტრალიზებისა, ამცირებს ქარების სიჩქარეს დაახლოებით ორჯერ და ზაფხულის პერიოდში სიცხისგან გათანგული ადამიანისთვის საჩრდილობელია. გამოდის, მწვანე საფარის განადგურებით თბილისს ხელოვნურად შეუქმნეს ეკოლოგიური პრობლემები და ის გახდა ქარიანი და მტვრიანი ქალაქი, ატმოსფერულ ჰაერში გაიზარდა ტოქსიკური ნივთიერებების ოდენობა. საქართველოში ძალიან უხარისხო საწვავი შემოდის და რაც უნდა უარყონ ეს, ვერსად გაექცევიან იმ ფაქტს, რომ აზერბაიჯანიდან შემოტანილი საწვავი არის ეთილირებული - ტყვიას შეიცავს.
ეს ყველაფერი კი იძლევა ძალიან მძიმე ეკოლოგიურ სურათს. ყოველივე ეს კი აისახება აქ მცხოვრებთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომელიც, როგორც ინდექსი, მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქალაქების რეიტინგების შედგენისას. ფილტვების დაავადება, ალერგიები - დაავადებები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ეკოლოგიურ სურათთან, ბოლო დროს ზრდის მკვეთრი მაჩვენებლებით გამოირჩევა.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, როგორც შეფასების ერთ-ერთ პარამეტრს, მისი განსაზღვრა მოხდა ქალაქში ტრანსპორტის ნაკადის მიხედვით და სატრანსპორტო საშუალებითYქალაქში გადაადგილების პირობებით. ასობით მილიონი დაიხარჯა ქალაქში გზების რეაბილიტაციისთვის, ესტაკადების მოსაწყობად, მაგრამ საცობების პრობლემა თბილისში მაინც ვერ მოიხსნა, პირიქით, გაუარესდა კიდეც. ლაპარაკი არ არის პიკის საათზე, დღისა და ღამის ნებისმიერ დროს თბილისის ქუჩებში ავტოტრანსპორტით სიარული შეუძლებელი გახდა. ბუნებრივია, ეს დაკავშირებულია უგუნურ პოლიტიკასთან, ინფრასტრუქტურის უგუნურ დაგეგმვასთან.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ყოველ წელს აქვეყნებს ტურიზმის თვალსაზრისით ქვეყნების კონკურენტუნარიანობას, რომლის მიხედვითაც საქართველო ფაქტობრივად არაკონკურენტუნარიანი ქვეყანაა როგორც ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ასევე მომსახურე პერსონალის მომზადებითა და ეკოლოგიური მდგომარეობით".
(სპეციალურად საიტისთვის)