მერიის ფონდებში გადარიცხული 288 მილიონის ბედი გაურკვეველია! - კვირის პალიტრა

მერიის ფონდებში გადარიცხული 288 მილიონის ბედი გაურკვეველია!

რა აკავშირებთ უგულავას ჩინოვნიკებს რუსეთში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენთან?

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული ფონდების ფინანსური საქმიანობა შეისწავლა. კვლევა შეშფოთების საფუძველს ნამდვილად იძლევა, ვინაიდან დედაქალაქის ბიუჯეტიდან ფონდებში გადარიცხულ 288 მილიონს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. გვესაუბრება კვლევის ავტორი, ახალგაზრდა იურისტი სულხან სალაძე:

- ბოლო წლებში როგორც დედაქალაქში, ასევე ბათუმსა და ქუთაისში თვალში საცემი გახდა ინფრ ასტრუქტურული პროექტების განხორციელება. დავიწყეთ მოკვლევა, თუ რა თანხები იხარჯებოდა საამისოდ, როგორ არჩევდნენ პასუხ ისმგებელ კომპანიებს, გამჭვირვალე იყო თუ არა სახელმწიფო თანხის ხარ ჯვა. ასეთი ვითარება გამოიკ ვეთა: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ქმნიდნენ ფონდებს (თბილისის მერიის შექმნილი ფონდების ასპროცენტიანი მეწილეა დედ ქალაქის მთავრობა, ასევეაქუთაისსა და ბათუმშიც), რომლებიც ხშირად ასხვისებდნენ ამ თუ იმ ტერიტორიას მასზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით და გასაყიდ ფასსაც თავად განსაზღვრავდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის მერია პირდაპირი გაყიდვის წესით მეტ ფულს მიიღებდა, ე. ი. მეტად შეივსებოდა ბიუჯეტი. დავინტერესდით, თვითმმართველობის ორგანოებმა რა მოცულობის თანხები და სახელმწიფო ქონება გადასცეს ფონდებს. ფონდი ვალდებულია წელიწადში ერთხელ წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. თბილისის მერია ამ დოკუმენტებს არ გასცემს, რაზეც სასამართლო დავა გვაქვს. ის მაინც შევიტყვეთ, რომ თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებულ ფონდებში, განსაკუთრებით ქალაქის განვითარების ფონდებში (სულ 2 ფონდია, ერთ-ერთი უკვე ლიკვიდირებულია) დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2005-2011 წლებში 288 მილიონ ლარზე მეტია გადარიცხული . იკვეთება კორუფციული გარემოებები.

- ყველაზე მსხვილი კორუფციული ფაქტი რომელია?

- ანგარიშში, რომლის შესწავლაც კონტროლის პალატას მოვთხოვეთ, საეჭვო კორუფციულ გარიგებებზეა ლაპარაკი. ოფიციალურად არც კონტროლის პალატამ მოგვცა პასუხი, რატომ ვერ შეამოწმა ამდენი ხნის განმავლობაში ფონდების ფინანსური საქმიანობა.

თბილისის მერიის ჩამოყალიბებულ ფონდებში ხელმძღვანელებად თითქმის ერთი და იგივე პირები, გამგებლები, მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი, ვიცე-მერები გვევლინებიან.

დედაქალაქის მთავრობამ ძალზე საეჭვო გარიგება დადო შპს ”ახალ რიყესთან”, რომელიც თვე-ნახევრის შექმნილი იყო და მხოლოდ 200-ლარიანი საწესდებო კაპიტალი ჰქონდა. მერიამ ფონდის მეშვეობით იაფად გაასხვისა რიყის ტერიტორიის 43,350 კვმ ფართობი. მოგვიანებით ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების  ფონდის საშუალებითვე უკან საკმაოდ ძვირად გამოისყიდა. შედეგად, დედა ქალაქის ბიუჯეტი დაზარალდა. ტერიტორიის გაყიდვასა და ყიდვას შორის სხვაობამ 15.764.500 ლარი შეადგინა.

თანაც, შპს ”ახალ რიყეს” ხელშეკრულებით განსაზღვრული ნასყიდობის საგნის ღირებულება სამ თვეში უნდა დაეფარა. ”ახალ რიყეს” ამ ტერიტორიაზე რეაბილიტაცია ევალებოდა, ასევე სასტუმრო ობიექტების, საოფისე ფართობის, სავაჭრო ცენტრებისა და სკვერების მოწყობა, თუმცა საამისო თანხა არ აღმოაჩნდა. ამიტომ 80%-იანი წილი რუსეთში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენს დავით იაკობაშვილს მიჰყიდა, ნასყიდობის ხელშეკრულებაში კი წილის გაყიდვის მიზანი ჩაიწერა, - მერიის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულება.

შპს ”ახალი რიყე” შპს ”ჯი-ემ-სი ჰოლდინგმა” და ფიზიკურმა პირმა ნიკოლოზ მახარაშვილმა დააფუძნეს. თითოეულის წილი კომპანიაში 50-50%-ით განისაზღვრა, საწესდებო კაპიტალი კი - 200 ლარით. თავის მხრივ, შპს ”ჯი-ემ-სი ჰოლდინგის” დამფუძნებელი და (2005 წლის 12 იანვრიდან დღემდე) დიდი ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე დარეგისტრირებული ”ნიუკომ ესოშ იეიშენ ლიმითედია”.

- ეჭვობთ, რომ ოფშორული ზონებში დარეგისტრირებული კომპანიის უკან ისევ ქართველი ჩინოვნიკები დგანან?

- ამის დაზუსტება ძნელია, ვარაუდისგან თავს შევიკავებ. მოვუწოდებ შესაბამის სტრუქტურებს, ეს საქმე შეისწავლონ. ჩვენს ხელთ არსებული მასალა დიდი კორუფციული გარიგების შთაბეჭდილებას ტოვებს.

სანამ ”შესაბამისი სტრუქტურები” ამ საქმეს შეისწავლიან, ჩვენ ვეცდებით რამე კიდევ გავიგოთ და ”კვირის პალიტრის” უახლოეს ნომერში ამ თემის გაგრძელებას იხილავთ.

(სპეციალურად საიტისთვის)