...მაინც მხნედ დაიწყო ყურძნის ჭყლეტა! - კვირის პალიტრა

...მაინც მხნედ დაიწყო ყურძნის ჭყლეტა!

როდესაც თბილისის ხელისუფლებამ დედაქალაქის დღესასწაული ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას დანიშნა, ითქვა, რომ "ნაციონალები" არჩევნებში გამარჯვებას წინასწარ ზეიმობდნენ და 6-7 ოქტომბერი თბილისობისთვის იმიტომ შეარჩიეს, რომ ლხინი მოეწყოთ და საარჩევნო ტრიუმფის აღსანიშნავად ისეთი კიჟინა აეტეხათ, რომ ცას მისწვდენოდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებში დამარცხდა, თბილისის მერი გიგი უგულავა კი გახმაურებული ფოტოსესიით ორგიებში ამხილეს, ითქვა, რომ თბილისობის დღესასწაული უგულავას გარეშე ჩაივლიდა.

თბილისელებს სკანდალური ფოტოების ნახვის შემდეგ ეჭვი გაუჩნდათ, რომ მათი არჩეული მერი დაირცხვენდა და მისი აღვირახსნილობის მამხილებელი ფოტოების გამო ხალხში თავი აღარ გამოეყოფოდა, მაგრამ ნურას უკაცრავად, თბილისელების პროგნოზი არ გამართლდა, უგულავა ჩვეული რიხით გამოჩნდა "საკუთრებად" მიჩნეულ დედაქალაქში და საწნახელშიც მხნედ დაიწყო ყურძნის ჭყლეტა. ამ ამბავს მყისვე მოჰყვა გამოხმაურება სოციალურ ქსელებში. "ფეისბუკზე" ერთ-ერთი რიგითი თბილისელი, პროფესიით ისტორიკოსი ზურაბ დათუაშვილი ამ ფაქტს ლექსით გამოეხმაურა.

"ეს ყოვლად უზნეო და უპრინციპო ადამიანი ამ ბოლო ნაციონალურ თბილისობაზე სირცხვილით არ უნდა გამოჩენილიყო, მაგრამ როგორც ჩანს, უგულავა და სირცხვილი, არათავსებადი ცნებებია. ამაში კიდევ ერთხელ დამარწმუნა გავრცელებულმა ფოტოებმა, სადაც მისი ორგიული თავგადასავლებია აღბეჭდილი სტრიპტიზიორებთან და სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებთან, ცოლთან და დავით კეზერაშვილთან ერთად. სხვისი ბინძური თეთრეულის მხილება და სხვის ნაგავში ფათური ჩემი ჰობი არაა, მაგრამ როცა საქმე საჯარო მოხელეს ეხება, აქ თავის შეკავება ძნელია. ვფიქრობ, მოქმედ მერს ბევრ "ჩინოვნიკურ" ცოდვაზე მოუწევს პასუხის გაცემა, თუნდაც ქალაქის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე, რაც, სხვათა შორის, მის მეუღლესაც ეხება (მხედველობაში მაქვს გავრცელებული ინფორმაცია მისი პლასტიკური ოპერაციის ბიუჯეტიდან დაფინანსების თაობაზე). თბილისი უღირს მერს არ იმსახურებს და მის ადგილზე პირველი ოქტომბრის შემდეგ ნებისმიერი თავმოყვარე ადამიანი გადადგებოდა. აი, ლექსიც.

ვუძღვნი ყურძნის მწურავებს "თბილისობა 2012-ის საწნახელში"

რიყეზე დიდი დაიწყო წურვა,

მარანში სუფევს მრავლობა გვამთა,

თუმც აწერიათ სახეზე ურვა

მოახლოებულ სამსჯავროს კართან.

ყროლმა გასენა მეტეხთან სივრცე,

რიყეზე გვამთა სუფევს მრავლობა

და სულ ჰკიდიათ ორივე წიხლზე -

რას იტყვის მათზე შთამომავლობა.

ვითვლი საათებს, წუთებს და წამებს,

მეტეხზე ისევ რეკენ ზარები,

გმადლობ, უფალო!

რადგან დასრულდა ვალპურგის ღამე,

ნადიმი ბილწი ბალთაზარების".

ვალპურგის ღამე

ნორვეგიული ტრადიციით ვალპურგის ღამე მიჩნეულია დაცემულთა ზღუდედ. ძველი გერმანული ხალხური მითების მიხედვით, პირველი მაისის წინა ღამით, ჰარცის მთის უმაღლეს მწვერვალზე იმართება კუდიანებისა და ჯადოქრების დღესასწაული, ღრეობა. კოცონს ანთებენ იმისთვის, რომ მოიშორონ მკვდარი და ქაოსური სულები, რომლებიც ცოცხლებს შორის დახეტიალებენ.