ბოლო პერიოდის არქიტექტურულ ნაგებობათაგან ყველაზე მეტად რომელი არ უხდება თბილისს? - კვირის პალიტრა

ბოლო პერიოდის არქიტექტურულ ნაგებობათაგან ყველაზე მეტად რომელი არ უხდება თბილისს?

საპრიზო გამოკითხვა-რეიტინგის შედეგების მიხედვით, ჩვენი გაზეთისა და საიტის მკითხველმა ბოლო პერიოდის  არქიტექტურულ ნაგებობათაგან ყველაზე მიუღებლად დაასახელა "შანგრილა".

საკონცერტო დარბაზი რიყის პარკში

ბუდა ბარი რიყეზე

ველოსიპედი "ვარდების მოედანზე"

მშვიდობის ხიდი

გმირთა მოედნის მონუმენტი

იუსტიციის სახლი

შსს-ის საგანგებო სიტუაციათა მართვის ცენტრი "112"

ჩვენს საიტზე: www.kvirispalitra.ge ამ თემას  დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:

TVALSAZRISI: მართვის ცენტრს "- "112"" კიდევ არა უშავს, მაგრამ დანარჩენებისგან არც ერთი არ უხდება თბილისს.

რას ერჩით ხიდს და იმას კიდევ, რაც აშენებულა? ერთადერთი, რაც მართლა დასანგრევია, "შანგრილაა"!!!

N: მშვიდობის ხიდს ხელი არ ახლო ბიძინააააა!!!!!!!!!!!! ჯერ უკეთესი ააშენეთ და მერე სხვისი აშენებული დაიწუნეთ, მე არ მომწონს ივანიშვილის შუშის სიმახინჯე, რა ვქნათ, დავანგრიოთ?!

NONA: ეს ბუდა ბარი და "შანგრილა" რაღა ჭირი და სიმახინჯეა. იუსტიციის სახლი ჩინური ოცნებაა და ჰგავს კიდევაც 100 პროცენტით მაგათ ნაციონალურ ქუდებს.

საკონცერტო დარბაზი და ე.წ მონუმენტი გმირთა მოედანზე არის ჩვენი უძველესი ერის სირცხვილი. ამ საზიზღრობების ნახვაზე ველოსიპედი, ავადსახსენებელი ხიდი და ნარიყალაზე მიმავალი საბაგირო გზაც კი დამავიწყდა...

555: გმირთა მოედნის მემორიალი, ჩემი აზრით, უეჭველად შესაცვლელია (ყველა სხვა ნაკლოვანებასთან ერთად, დაუმთავრებლადაც გამოიყურება). რაც შეეხება იმ ხალხს, არაფერი ახალი რომ არ მოსწონთ, მაინტერესებს, იქნებ ჩამოგვითვალონ, თუნდაც ბოლო ასი-ორასი წლის მანძილზე რა არქიტექტურულად ღირებული ძეგლებით დამშვენდა თბილისი?

TATA:საკონცერტო დარბაზი რიყის პარკში - ამაზე საშინელი არაფერია!!!!

DAVID67: მაინტერესებს, ბუდა ბარში თუ დადის ვინმე? სანამ კარგად არ დავაკვირდი, მანქანების სამრეცხაო მეგონა. ეს საკონცერტო დარბაზი კი გათბობის "ტრუბას" ჰგავს. მართვის ცენტრი -  მფრინავ თეფშს. ხიდი და მონუმენტი რასაც ჰგავს, ისედაც ყველამ იცის... ეს ველოსიპედი პრიმიტიული ქანდაკებაა, რაც ქალაქის ცენტრში არ უნდა იდგეს. მოკლედ ყველა ასაღებია.

JONDI: დანგრევა-არდანგრევის საკითხი  ექსპერტების გადასაწყვეტია. უნდა არსებობდეს ისეთი არქიტექტურის სამსახური, რომელიც მკაცრად გააკონტროლებს, როგორი დიზაინით  აშენდეს.

GIORGI: "შანგრილა" და ბუდა-ბარი უნდა დაანგრიონ, მაგრამ დანარჩენს რას ერჩიან?! მშვიდობის ხიდზე ბიძინამ ცუდიაო და დანარჩენებმაც კვერი დაუკრეს.

"შანგრილა" უდავოდ ასაღებია, ბუდა ბარი არქიტექტურულად არაფერს მეუბნება. ველოსიპედი არაფერს აშავებს, გმირთა მოედნის მემორიალი საშუალოზე დაბლაა, ხოლო საკონცერტო დარბაზი რიყის პარკში, ჯერ ვერ აღვიქვი, შესაძლოა, ძალიან მაგარიც იყოს, ან პირიქით...

ისე, რაც უკვე დამთავრებულია, იმას სჯობს საერთოდ შეეშვათ. იმაზე ვიფიქროთ, რასაც ჯერ კიდევ ფული სჭირდება - ღირს თუ არა დასრულება.

TEKO: რაც არის ჩამოთვლილი, ყველაფერი დასანგრევია, ბარბის სახლს დაემსგავსა თბილისი...

NATA: პირველ რიგში მოვაშორებდი ცოდვის ბუდე შენობებს: "შანგრილას", ბუდა ბარს, შემდეგ ხიდის ზედა გადახურვაა მოსაცილებელი..

MARI: საშინელებაა საკონცერტო დარბაზი, "შანგრილა" და მშვიდობის ხიდი! სრული აჯაფსანდალი მივიღეთ თბილისის ამ ულამაზეს ადგილას!

TAMTA: ყველა შენობა თუ ხიდი, ერთმანეთზე მახინჯია და მიჭირს გამოვყო რომელიმე მათგანი. ჩემი აზრით, უნდა შეიქმნას პროფესიონალთა კომისია და ისინი გადაწყვეტენ...

ჩვენს გამოკითხვას "ფეისბუკზეც" გამოეხმაურნენ. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:

გოგიჩა გ. - "შანგრილას" რა უნდა საპატრიარქოს გვერდით და კიდევ ეს თავუკუღმა ველოსიპედი, რომელ შემოქმედს მოუვიდა აზრად ასეთი ველოსიპედის შექმნა. უნდა წაიღო და სახლში უნდა დაუდგა.

დინა ქ. - უი, დიდი ხანია არ ვყოფილვარ თბილისში და ეს რა საშინელებები დაუხვავებიათ? არც ერთი არ ვარგა, მაგრამ ყველაზე უარესია საკონცერტო დარბაზი, გმირთა მოედნის სტელა, სამორინე. ველოსიპედი ხომ, საერთოდ, და ეს ბუდაბარი რა, ჩინეთის კედელია?

არჩილ დ. - არ უხდება, სადავოა, და საპატრიარქოს გვერდით "შანგრილა" დანაშაული და შეურაცხყოფაა. იმავეს ვიტყვი ბუდა-ბარზე. სხვა შენობებზე კამათი შეიძლება, თუმცა მე რიყეზე ტრუბები არ მომწონს და არც ხიდი მომწონს.

ჯული რ. - ეს საკონცერტო დარბაზი ყოფილა? მე ზარბაზნის ლულა მეგონა უცებ. აი ველოსიპედზე ვგიჟდები და, მაგარია არა? ეს მართვის ცენტრია? აა, მფრინავი თეფში მეგონა და გამიხარდა, გვეშველა-მეთქი.

თეონა ღ. - როგორც პროფესიონალი მხატვარი, ვაფიქსირებ ჩემს აზრს, რომ არც ერთი, ამ ე.წ. ნაგებობებიდან არ უხდება ჩვენს დედაქალაქს. ამოვარდნილია არქიტექტურული იერსახიდან და უგემოვნო პლაგიატობაა.

"ამ საშინელი ნაგებობებით ისტორიული გარემოს დამარცხება მოინდომეს"

გიგა ბათიაშვილი, არქიტექტორი: - თავის დროზე, როცა ეს საშინელი მშენებლობები დაიწყო, საზოგადოებამ ვერ შეძლო ამ პროცესთან შეწინააღმდეგება. აშენებულის ერთი ხელის მოსმით დანგრევა ძნელია. რაც უნდა იყოს, შრომის შედეგია. მე შემიძლია დავაფიქსირო ჩემი დამოკიდებულება 2-3 ობიექტზე. კერძოდ, შუშის ხიდის გადატანა აუცილებელია. დანგრევაზე ლაპარაკი არ არის, რადგან თავისთავად ხიდი ძალიან კარგია, მაგრამ არ ესადაგება იმ გარემოს. მას ფუნქციაც კი არ გააჩნია, თანაც ეს ხიდი ბოლოვდება, მე ვიტყოდი, ამორალური სამორინე "შანგრილათი", რომელიც შეურაცხმყოფელია ერის ისტორიული გარემოსთვის. ამ ნაგებობას სხვა ფუნქცია უნდა მიეცეს, რომ მისაღები გახდეს იმ გარემოსთვის, რასაც სიონისა და ანჩისხატის განაშენიანება ჰქვია. თბილისში, მტკვრის კალაპოტში არის რამდენიმე ადგილი, სადაც შუშის ხიდი შესანიშნავ ფუნქციას შეიძენს, იქ, სადაც სარეკრეაციო ზონა განვითარდება. შეიძლება შუშის ხიდი რუსთავს აჩუქონ, ან მტკვრის ჭალაში რომ საბავშვო ქალაქი შენდება. ამ ორი ობიექტის პრობლემა მორალურად უფრო ადვილი გადასაწყვეტია. ხარჯს მოითხოვს მისი დაშლა-გადატანა, მაგრამ ისინი, როგორც შენობები, დასანგრევად არ არიან განწირული.

რიყეზე არის სხვა ორი ობიექტი, რომელთაც ქალაქის სიძულვილის გარდა სხვას ვერაფერს დაარქმევ. ეს არის საავტომობილო გვირაბი, რომელიც კი არ გაიჭრა, არამედ აშენდა რიყის ტერიტორიაზე თავისი ბუდა-ბარით და საკონცერტო დარბაზით, რომელსაც მე კანალიზაციის მილები დავარქვი. აუცილებელია ამ გვირაბის გახსნა მტკვრის მხარეს და იქიდან ბუდა-ბარის გადატანა. მტკვარზე გამოსახედი კი არა, გამოსასვლელიც უნდა გაკეთდეს, თუნდაც ღია კაფეებით.

- არ შეიძლება გვირაბი სულ დაინგრეს?

- გვირაბის დანგრევა ძნელი იქნება, რადგან მისი სახურავი მთელი რიყის პლატფორმაა, რომელზედაც ეს საოცარი კანალიზაციის მილებია დაშენებული. ჩემთვის, როგორც არქიტექტორისთვის, გაუგებარია, როგორ მისცა თავს უფლება ამ მილების ავტორმა ამ სივრცეში ეს შენობა აეშენებინა? მინდა პატივი ვცე ფუქსასს, როგორც პროფესიონალს და ვიფიქრო, რომ ეს მისი დაპროექტებული არ არის. მხოლოდ ლოგოა გამოყენებული, რადგან ფუქსასს მთელ მსოფლიოში ჰყავს სპეციალისტების არმია, რომლებიც მის ლოგოს იყენებენ. არქიტექტორის კლასი იმაში ჩანს, როგორ სცემს პატივს გარემოს, როგორ ჩასვამს ობიექტს გარემოში.

საკონცერტო დარბაზი შეიძლება დაიშალოს და გადაიტანონ სხვა ადგილას, მერე გინდ საკონცერტო დარბაზი დატოვონ შიგ და გინდ დირიჟაბლის ანგარი!  თბილისის პეწი ის არის, რომ ის სხვას არ ჰგავს. ამ ისტორიულ პეწსა და თბილისის ღირსებას კი სწორედ ეს მონაკვეთი ქმნის. საჩინოდან მამადავითამდე ყველა ნაგებობის მასშტაბი ურთიერთშეთანხმებულია. ბოლოს და ბოლოს, უფრო დემოკრატიული გამოვლენა, ვიდრე ეკლესიამ არქიტექტურულად შეძლო, არც მეგულება მსოფლიოში. სიონის ტაძარი ისეთ გარემოშია, როგორც კრუხი წიწილებში. ამ საშინელი "შანგრილათი", ბუდა-ბარით და ამ საკანალიზაციო მილით სწორედ ამას შეეჭიდნენ, ამის დამარცხება მოინდომეს. პრობლემა ნაგებობაში კი არა, მის განთავსებაშია. ნაგებობა ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არა. ეს არის ისტორიული გარემოს უპატივცემულობა. თუ დღეს ამ ისტორიულ ფესვზე ვერაფერს ვაშენებთ, ფესვი მაინც არ მოვკლათ, რომ მომავალში სხვამ შეძლოს მასზე ღირებულის დამყნობა. ეს იყო ქმედება ახალი ადამიანის შესაქმნელად. ახალი ადამიანი ნიშნავს, რომ შენში  უნდა ამოიძირკვოს ის, რაც შენია. ამის ამოძირკვა რიყიდან დაიწყეს. აი, ამიტომ უნდა გადავარჩინოთ ის ფესვი, რომლის გახმობაც განიზრახეს, რიყე უნდა გათავისუფლდეს!

ეკა ლომიძე