ცოტა ხნის წინ სახლში მოსალოდნელი სტუმრები მეწვივნენ. სიტყვა "მოსალოდნელი" შემთხვევით არ მიხსენებია, - დედაქალაქის მერის არჩევნების წინ სტუმრებს ყოველთვის ველოდები. დაიწყო უკვე კარდაკარ სიარული და ეზო-სახლის ატალახება, არიქა, ოქროს სარაიას აგიშენებთ, ჩვენსას რომ მოვრჩებით, მერეო. ამ მარათონში კი ყველაზე პირველად დედაქალაქის მერის ემისრებმა აიღეს სტარტი! მოსალოდნელმა სტუმრებმა ორგვერდიანი კითხვარი დამიხეთქეს მაგიდაზე და მომთხოვეს საყვარელი თბილისის ბიუჯეტის ერთად დაგეგმვა. კითხვარს დავხედე თუ არა, თვალში სლოგანი "მე მიყვარს თბილისი" მეცა. ეტყობა, ქალაქის ხელისუფლებას გაახსენდა, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობს ხალხიც, რომელსაც ამომრჩეველი ჰქვია და ხანდახან არჩევნების წინ არის ხოლმე საჭირო. პირადად მე ეს თბილისის სიყვარულის სახელით ატეხილი გიგი უგულავას წინასაარჩევნო კამპანია მგონია. უგულავას კითხვარი გვეკითხება, რა გირჩევნიათ, სკვერები და პარკები, გზები და ასფალტი, ჯანმრთელობა თუ პენსიების გაზრდაო. სხვისი არ ვიცი და, მე ასარჩევად არა მაქვს საქმე: სკვერიც მინდა, ჯანმრთელობაც და სოციალური კეთილდღეობაც, არც ბებიაჩემის პენსიისადმი ვარ მაინცდამაინც გულგრილი და საყვარელ თბილისში არც ტლაპოში ტყაპუნი მხიბლავს. მაგრამ გინდა თუ არა, სამი პუნქტი უნდა შემოხაზო, ერთად დავგეგმოთ თბილისის მომავალიო. გავბრაზდი უგულავას ემისრებზე და ქოქოლა მივაყარე, მაგრამ მერე შემეცოდნენ. საბრალოები დამფრთხალები ჩანდნენ, ემანდ რომელიმე გაგულისებულმა მოქალაქემ ხელისუფლების ჯავრი ჩვენზე არ იყაროს და თავში რამე არ ჩაგვცხოსო, თორემ საყვედურები და "ტკბილ-ტკბილი" სიტყვები რომ არ აკლიათ, არც დაუმალავთ. ბევრმა კარი ცხვირწინ მიუჯახუნა, უგულავას ემისრებთან საქმის დაკავება არ გვინდაო. ჩემი მეგობრის ოჯახში კი პალტოშემორღვეული, თმაგაწეწილი და აქოშინებული თბილისის მოყვარული მივიდა, რომელმაც ჯერ ის იკითხა, აქ ხომ არ მომკლავენო და მერე შეუდგა თბილისის დაგეგმარებაზე მუშაობას. საწყალმა გაამხილა, ლანძღვა-გინება არ გვაკლია, მაგრამ ხალხი ისეა გადარეული, მეშინია, ცემა-ტყეპაზე არ გადმოვიდნენო. ამიტომ გიგი უგულავასთან წინადადება გვაქვს: ვიდრე თბილისის სიყვარულს გვეფიცება, ჯერ საკუთარი ემისრები შეიყვაროს და თითო ჩაფხუტი მაინც შეუძინოს საკუთარივე საქმის ბოლომდე მისაყვანად.
ახლა რაც შეეხება თბილისის მომავლის ერთად დაგეგმვას. ვითომ გიგი უგულავა ჩემი და ჩემნაირების აზრებით არის დაინტერესებული? რაღაც არ მჯერა. ანდა "მე მიყვარს თბილისის" ორფურცლიან გამოკითხვას რომ შევავსებ, საიდან გავიგო, თბილისელების აზრებს ითვალისწინებს მერი თუ საკუთარს? დამათვლევინებს ვინმე თბილისელების სურვილებს?
ისე, ძალიან საეჭვოდ ემთხვევა ხოლმე არჩევნების მოახლოება და ხალხზე ზრუნვის სურვილი ერთმანეთს. პირადად მე ერთ-ერთი ეზოს ამხანაგობის თავმჯდომარე გახლავართ (ჩემდა საუბედუროდ) და ორი წელია მერიასა და გამგეობაში დავრბივარ. დაპირებული ასფალტი როდის იქნება-მეთქი და ხვალ-ზეგის ძახილში აგერ უკვე წელიწადიც გაილია. ჰოდა, დავაბოტებთ თბილისზე შეყვარებული მე და ჩემი მეზობლები გუბე-გუბე, ტლაპო-ტლაპო და მორიგ არჩევნებს ველოდებით, იქნებ თბილისის მოყვარულმა რომელიმე ჩინოვნიკმა ახლა მაინც დაგვიგოს ასფალტი არჩევნებში გამარჯვების ეშხით. გიგი უგულავას წინასაარჩევნო კამპანია დიდი ხნით ადრე აქვს დაწყებული, ჯერ კიდევ მაშინ, "სი-თი პარკს" ოინები რომ არ გაუვიდა თბილისში და ებრაული კომპანია საყვარელი თბილისელების პროტესტმა შეიწირა. სამაგიეროდ, მერიამ ახალი ინიციატივა შესთავაზა მძღოლებს, სპეციალური 25-ლარიანი საშვი შეიძინეთ და თუ გინდათ, მერიის სადგომებზე მთელი წელი იდექითო, მაგრამ აქაც თბილისის სიყვარული რომ უნდა იფიცო, ეს არის საკვირველი. ეჭვი მაქვს, გიგი უგულავას საარჩევნო სლოგანი "მე მიყვარს თბილისი" უნდა იყოს...
ჰოდა, პარკირებაზე მოგახსენებდით, საშვზე სლოგანი "მე მიყვარს თბილისი" აქტუალურია. თუ გაბედე და საშვი მანქანაზე არა გაქვს საჩინო ადგილას გამოჭიმული, საჯარიმო სადგომი არ აგცდება. ამით დაშინებული მძღოლები დადიან საშვით, სინამდვილეში კი უგულავას სარეკლამო სლოგანით აჭრელებული. ამას ჰქვია მოხერხება და რეკლამა! არ გააკრავ და შენი აჯობებს, ირბინე მერე საჯარიმო სადგომებზე, ჯიბეში მქონდა საშვიო! არა მგონია, ირაკლი ალასანიამ, ზვიად ძიძიგურმა ან კობა დავითაშვილმა აჯობოს გიგი უგულავას პიარკამპანიასა და რეკლამაში. არჩევნებს რომ რეკლამა და პიარი იგებს, მგონი, ჩვენს მკითხველს ამის მტკიცება არ სჭირდება. თუმცა ერთი რამ არის მთავარი: უგულავას "მე მიყვარს თბილისი" ამ არჩევნებამდე არაფერს გვპირდება. გიგი გვეუბნება, ჯერ ხმა მომეცით და მერე გავითვალისწინებ თქვენს აზრებსო. სურვილებს ახლავე შეგისრულებთო, კი არ უთქვამს. პირადად მე ყველა პოლიტიკოსის, მერობის მსურველის საყურადღებოდ (რა თქმა უნდა, თბილისის სიყვარულის ფარგლებში) ვაცხადებ: ჩემს ხმას "პოსლეზე" არ ვიძლევი! უფრო სწორად კი ვყიდი ან ვცვლი ხმას ასფალტის დაგების, საწვიმარი მილების შეკეთებისა და თბილისის სიყვარულის მყარი გარანტიით!












თბილისში ისე ცხელა, ქუჩის ცუგოებს კუდის გაქნევა ეზარებათ. ქალაქს მოივლით და ერთი მურიაც არ შეგხვდებათ - შეურგავთ სადღაც ჩრდილებში თავი და თავისთვის ქშინავენ!
ჰაიკა უმტკიცებდა ყველას, "არარატი" მოიგებსო. განსაკუთრებით დიდი პოლემიკა გოგი ცაბაძესთან ჰქონდა, ნახე, იშტოიანი ყიფიანს რას უზამსო. თამაში რომ დასრულდა, ვზეიმობთ, გახარებული ვართ, ბოლოს და ბოლოს, თასი პირველად მოვიგეთ. გაიშალა ზღაპრული სუფრა, საგანგებოდ გამოწყობილი გოგი ცაბაძე ეზოს შუაგულში დგას და ყვირის, ჰაიკა მომიყვანეთ, ჰაიკაო... ეძებეს ბევრი, ცამ ჩაყლაპა ჰაიკა თუ მიწამ, ვერაფერი შევიტყვეთ. ორი კვირა არ გამოჩენილა, დიდი გლოვა გამოუცხადებია და გვემალებოდა.
საოცარი სილამაზე დააბერტყა თბილისს გამჩენმა. დროის მანქანაში უმშვენიერესი პეიზაჟები ისახება ქალაქის ნებისმიერი უბნიდან: მთაზე მერცხლის ბუდესავით შეფენილი აივნიანი სახლები, ქვაფენილით მოკირწყლული ძველი ქალაქის ქუჩები, ფაეტონი, კონკა და იქვე ბებერი მეარღნე, "აჩაინი სონას" რომ ატრიალებს არხეინად...
თბილისში ისე ცხელა, როგორც იმერეთში იტყვიან, ხალხს "ტარაბუა (თავბრუ) აქვს დასხმული" და ნიავის მოლოდინში იმას ინიავებენ, რაც ხელთ მოხვდებათ - ზოგი მარაოს, ზოგი ქაღალდის ნაგლეჯს და ზოგიც ხელებს იქნევს აქეთ-იქით, სანამ არაქათი ეყოფა.
დღისით, მზისით, თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე მგლის ლეკვი ვნახე. დედაქალაქს ბუღი ასდიოდა, ის კი კანკალებდა და პაწია შავ დრუნჩზე ბავშვივით ჩამოსდიოდა ცინგლი.
რატომ უნდა იზრდებოდეს პატარა ანგელოზი ქუჩაში? ამ ფულით დედამისი შევა აფთიაქში, იყიდის პამპერსსა და ფაფას. ფაფას ბოთლში ჩაყრის, იქვე ონკანიდან მოშვებულ წყალს დაასხამს და მზად ექნება.
"გმირთა მოედნის ვარამის" დაბეჭდვის შემდეგ რედაქციაში უამრავი წერილი-საჩივარი შემოვიდა. თბილისელები გულისტკივილს ვერ მალავენ. განსაკუთრებით გზებზე გადებულ საცალფეხო ხიდებზე გამოთქვამენ საყვედურს.
გარშემო ყველაფერი ისე სწრაფად იცვლება, ვერც კი ამჩნევ, რადგან შენც მასთან ერთად იცვლები. ერთ მშვენიერ დღეს კი მიხვდები, რომ დაიღალე და სიმშვიდე გჭირდება.
დღე გამორჩეულად ლამაზი და შთამბეჭდავი იყო ყველა იმ ბავშვისათვის, რომელიც გამომცემლობა "პალიტრა L "-ისა და მედიასახლ "კვირის პალიტრის" მიერ ჩატარებულ საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდა.
მთელი დღის შრომით დაღლილს საღამოს აღარაფრის თავი არ გაქვს, გარდა იმისა, საკუთარი სახლის კარზე ზარი დარეკო, შინაც ერთი-ორი ნერვების ასაშლელი ამბავი მოისმინო ტელევიზიით და დაიძინო?..













იყავი პირველი!