მომავლის თბილისი - ნახევარმილიარდიანი გრანდიოზული პროექტი - კვირის პალიტრა

მომავლის თბილისი - ნახევარმილიარდიანი გრანდიოზული პროექტი

"პანორამა - თბილის" ქალაქის უბნებს საბაგირო გზებითა და დახრილი ლიფტებით დააკავშირებს

ქალაქის ცენტრსა და შემოგარენში დამატებით მოეწყობა 1800 ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომები

"თანაინვესტირების ფონდი" თბილისში გრანდიოზულ პროექტს განახორციელებს პირობითი სახელწოდებით: "პანორამა - თბილისი". პროექტი ოთხ მრავალფუნქციურ კომპლექსს - 1. სოლოლაკის მაღლობი; 2. სოლოლაკის ბაღები; 3. თავისუფლების მოედანი: 4. ერეკლე მეორის მოედანი აერთიანებს.

პროექტის ფარგლებში ქალაქის ცენტრალური და ისტორიული უბნები დაუკავშირდებიან გამწვანებულ შემოგარენს საბაგირო გზებითა და დახრილი ლიფტებით.

"პროექტის უნიკალურობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ქალაქის ახალ, ოთხ მსხვილ ტურისტულ და ბიზნესცენტრს შორის დღის ყველაზე დატვირთულ პერიოდშიც კი გადაადგილება შესაძლებელი იქნება ავტოტრანსპორტის გარეშე, სწრაფად და მოხერხებულად, საბაგირო გზებისა და დახრილი ლიფტების საშუალებით.

ამასთან, პანორამული შუშის კაბინებით მგზავრობისას, დამთვალიერებლებს დედაქალაქის ულამაზესი ისტორიული ხედებით დატკბობის საშუალება მიეცემათ. აღნიშნულ პროექტს მსოფლიოში ანალოგი არ ჰყავს", - აცხადებენ ფონდში.

მათივე განმარტებით, პროექტი იმითაც არის აღსანიშნავი, რომ მწვანე არქიტექტურის უპრეცედენტო მაგალითს წარმოადგენს.

"მის ფარგლებში დაირგვება 30 000 ახალი ხე, რაც საგრძნობლად გააჯანსაღებს ქალაქის ეკოსისტემას", - განაცხადა პრეზენტაციაზე თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ბაჩიაშვილმა.

ამასთან, ქალაქის ცენტრსა და შემოგარენში დამატებით მოეწყობა 1800 ავტომობილზე (თავისუფლების მოედანი - 300, ერეკლე მეორის მოედანი - 500, სოლოლაკის ბაღები - 500, სოლოლაკის მაღლობი - 500) გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომები, რაც უზრუნველყოფს ქალაქში არსებული პარკირების პრობლემას.

პროექტის წინასწარი ჯამური ბიუჯეტი ნახევარ მილიარდ ამერიკულ დოლარს აჭარბებს.