ვალუტის კურსი
31/07/2010
USD
1
USD
1.8391
EUR
1
EUR
2.3897
RUB
100
RUB
6.0924
11-01-2010
"ამ შენობას მიწისძვრის შემდეგაც არ ჰქონია ბზარები"
"ამ შენობას მიწისძვრის შემდეგაც არ ჰქონია ბზარები" ექსპერტთა ვარაუდით, ორთაჭალაში, გულიას ქუჩის #3-ში მდებარე შენობის ჩამონგრევის მიზეზების დადგენა არ უნდა გაჭიანურდეს. საჯარო რეესტრის კუთვნილი შენობის ნგრევა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, სავარაუდოდ, ნაგებობის საყრდენ ნაწილებზე მექანიკურმა ზემოქმედებამ გამოიწვია.
ნგრევისას შენობაში იმყოფებოდნენ შპს "ალიზის" მიერ დაქირავებული მუშები, რომლებიც პროკურატურის განცხადებით, აწარმოებდნენ დასუფთავებისა და შიდა რემონტისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს. თუმც, თავიდან, ტრაგედიის ადგილზე რამდენიმე პირმა (მათ შორის, გადარჩენილმა მუშებმა) აღნიშნა, რომ შენობაში სარეკონსტრუქციო სამუშაოები, ტიხრების მოხსნა მიმდინარეობდა. მოგვიანებით სიტყვა სარეკონსტრუქციო რატომღაც დასუფთავებით შეიცვალა.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საჯარო რეესტრის ხელმძღვანელობამ შენობის მდგრადობის ხარისხის შესამოწმებლად საერთაშორისო კლასის ექსპერტებს მალხაზ ბედიაშვილს და თემო მუხაძეს მიმართა, თუმცა, რატომღაც მათ დასკვნას აღარ დაელოდა და შენობის დასუფთავებაზე(?!) ტენდერი გამოაცხადა. 

მშენებლობის დარგში ევროკავშირის ექსპერტი, საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი მალხაზ ბედიაშვილი: - დაახლოებით ორი თვის წინ დაგვიკავშირდა საჯარო რეესტრის ხელმძღვანელობა. მათი ნებართვით დავათვალიერეთ შენობა. ამის შემდეგ უნდა დაგვედო ხელშეკრულება თანამშრომლობის თაობაზე და დაგვეწერა დასკვნა შენობის კონსტრუქციულ მდგრადობაზე. შეთანხმებისამებრ რომ მივაკითხეთ საჯარო რეესტრის ხელმძღვანელებს, გვითხრეს, ცოტა ხანი გვაცალეთ, თვითონ დაგიკავშირდებითო. თუმც, აღარ დაგვკავშირებიან. რეესტრის ხელმძღვანელობასთან გასაუბრებისას გაირკვა, რომ  ჩვენთან ურთიერთობის შემდეგ გამოუცხადებიათ ტენდერი შენობის ტიხრებისგან გასუფთავების შესახებ, რათა მხოლოდ კარკასი დარჩენილიყო და შემდეგ სარეკონსტრუქციო პროექტი შეედგინათ.

- შენობის მდგრადობაზე პასუხის მიღებამდე საჯარო რეესტრს უფლება ჰქონდა, იქ ვინმე სამუშაოდ შეეშვა?
- შენობა მათი იყო და რაც უნდოდათ, იმას გააკეთებდნენ. ჩვენ უარი გვითხრეს შენობის მდგრადობის დასკვნის დაწერაზე, მაგრამ ალბათ სხვას სთხოვეს შემოწმება.

- სხვა სპეციალისტებმა მდგრადობის შესახებ დასკვნა დაწერეს?
- როგორც გამოკითხვებით ვიცი, მდგრადობაზე გამოკვლევა არ ჩატარებულა. თუმც, ფაქტია, რომ შენობამ, რომელიც დაახლოებით 40 წლის წინ აშენდა, 2002 წლის მიწისძვრაც გადაიტანა და არანაირი ბზარი არ ჰქონია. ახლა კი, როდესაც არც დროებითი დატვირთვა ჰქონდა და არც სტიქიური ზემოქმედება  განუცდია, ჩამოინგრა. მიზეზს ალბათ გამოძიება დაადგენს. რეესტრის ხელმძღვანელობა გამორიცხავს მექანიკურ ზემოქმედებას. არადა, ზუსტად ჯერ არავინ იცის, რა მოხდა. ამბობენ, მხოლოდ ტიხრების დემონტაჟი ხდებოდაო, რასაც ნგრევა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოეწვია. პირიქით, ამით შენობაზე  დაწოლის ხარისხი შემცირდებოდა. ჩემი ვერსია ასეთია, შენობის შუა ღერძზე, პირველ სართულებზე რაღაც მოხდა, რამაც ჩამონგრევა და დიაფრაგმებს შორის შენობის ნაწილის ჩამოშლა გამოიწვია. დიაფრაგმა არის კოლონებთან შედუღების ელემენტებით შეერთებული რკინაბეტონის კედელი მთელ სიმაღლეზე, საძირკვლიდან სახურავამდე. დიაფრაგმიდან დიაფრაგმამდე ჩამოიშალა შენობა, თვით დიაფრაგმები და მისი კედლები კი დგას და დღესაც არა აქვს ბზარები. ე.ი. ესეც იმას ამტკიცებს, რომ ნამდვილად შუა ნაწილში მოხდა რაღაც.

"კვირის პალიტრა" შეეცადა შპს "ალიზის" ხელმძღვანელ ბიჭიკო ტიტვინიძესთან დაკავშირებას, მაგრამ ეს პროკურატურაში მისი დაკითხვის გამო ვერ მოხერხდა.
საჯარო რეესტრის პრესასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, რომ  ასეთი დასკვნა არა აქვთ, რადგან მდგრადობაზე ექსპერტიზის ჩატარებას შენობის დასუფთავების შემდეგ აპირებდნენ, რათა მათივე თქმით, ოთახებში გაფანტულ ძველი ავეჯის ნარჩენებს ხელი არ შეეშალა ექსპერტიზის სამუშაოებისთვის. არადა, მდგრადობაზე ექსპერტიზის ჩატარება, შემდეგს ითვალისწინებს: უნდა მოიძებნოს შენობის ძველი გეოლოგიური პროექტი, თუ იგი არ არსებობს, უნდა გაკეთდეს ახალი, რისთვისაც საჭიროა დადგინდეს, როგორია შენობის საინჟინრო-გეოლოგიური მდგომარეობა. ამის შემდეგ დგინდება, აქვს თუ არა შენობას დეფორმაცია, ბზარები, აუცილებელია დადგინდეს იმ რაიონის სეისმური მდგომარეობაც, სადაც შენობა მდებარეობს. საჯარო რეესტრის პრესასთან ურთიერთობის სამსახურში ისიც გვითხრეს, რომ თურმე მუშებს ევალებოდათ ბზარების შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ეცნობებინათ საჯარო რეესტრის ხელმძღვანელობისთვის.

აღნიშნული შენობის დასუფთავებაზე თუ რეკონსტრუქციაზე შპს "ალიზის" მიერ დაქირავებული 27 მუშა იყო დასაქმებული. 8 იანვარს 23 მათგანს ბედმა გაუღიმა, - ადგილზე არ იმყოფებოდნენ. ოთხი მუშისთვის კი ის სამუშაო დღე საბედისწეროდ დასრულდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ნგრევასთან დაკავშირებული ტრაგედიები უდავოდ მოწმობს მკაცრი მაკონტროლებელი მექანიზმების აუცილებლობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსგავსი რამ შესაძლოა ისევ განმეორდეს.  



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
სხვა სტატიები
KvirisPalitra.Ge თბილისში ისე ცხელა, ქუჩის ცუგოებს კუდის გაქნევა ეზარებათ. ქალაქს მოივლით და ერთი მურიაც არ შეგხვდებათ - შეურგავთ სადღაც ჩრდილებში თავი და თავისთვის ქშინავენ!
KvirisPalitra.Ge ჰაიკა უმტკიცებდა ყველას, "არარატი" მოიგებსო. განსაკუთრებით დიდი პოლემიკა გოგი ცაბაძესთან ჰქონდა, ნახე, იშტოიანი ყიფიანს რას უზამსო. თამაში რომ დასრულდა, ვზეიმობთ, გახარებული ვართ, ბოლოს და ბოლოს, თასი პირველად მოვიგეთ. გაიშალა ზღაპრული სუფრა, საგანგებოდ გამოწყობილი გოგი ცაბაძე ეზოს შუაგულში დგას და ყვირის, ჰაიკა მომიყვანეთ, ჰაიკაო...  ეძებეს ბევრი, ცამ ჩაყლაპა ჰაიკა თუ მიწამ, ვერაფერი შევიტყვეთ. ორი კვირა არ გამოჩენილა, დიდი გლოვა გამოუცხადებია და გვემალებოდა.
KvirisPalitra.Ge საოცარი სილამაზე დააბერტყა თბილისს გამჩენმა. დროის მანქანაში უმშვენიერესი პეიზაჟები ისახება ქალაქის ნებისმიერი უბნიდან: მთაზე მერცხლის ბუდესავით შეფენილი აივნიანი სახლები, ქვაფენილით მოკირწყლული ძველი ქალაქის ქუჩები, ფაეტონი, კონკა და იქვე ბებერი მეარღნე, "აჩაინი სონას" რომ ატრიალებს არხეინად...
KvirisPalitra.Ge თბილისში ისე ცხელა, როგორც იმერეთში იტყვიან, ხალხს "ტარაბუა (თავბრუ) აქვს დასხმული" და ნიავის მოლოდინში იმას ინიავებენ, რაც ხელთ მოხვდებათ - ზოგი მარაოს, ზოგი ქაღალდის ნაგლეჯს და ზოგიც ხელებს იქნევს აქეთ-იქით, სანამ არაქათი ეყოფა.
KvirisPalitra.Ge დღისით, მზისით, თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე მგლის ლეკვი ვნახე. დედაქალაქს ბუღი ასდიოდა, ის კი კანკალებდა და პაწია შავ დრუნჩზე ბავშვივით ჩამოსდიოდა ცინგლი.
KvirisPalitra.Ge რატომ უნდა იზრდებოდეს პატარა ანგელოზი ქუჩაში? ამ ფულით დედამისი შევა აფთიაქში, იყიდის პამპერსსა და ფაფას. ფაფას ბოთლში ჩაყრის, იქვე ონკანიდან მოშვებულ წყალს დაასხამს და მზად ექნება.
KvirisPalitra.Ge "გმირთა მოედნის ვარამის" დაბეჭდვის შემდეგ რედაქციაში უამრავი წერილი-საჩივარი შემოვიდა. თბილისელები გულისტკივილს ვერ მალავენ. განსაკუთრებით გზებზე გადებულ საცალფეხო ხიდებზე გამოთქვამენ საყვედურს.
KvirisPalitra.Ge გარშემო ყველაფერი ისე სწრაფად იცვლება, ვერც კი ამჩნევ, რადგან შენც მასთან ერთად იცვლები. ერთ მშვენიერ დღეს კი მიხვდები, რომ დაიღალე და სიმშვიდე გჭირდება.
KvirisPalitra.Ge დღე გამორჩეულად ლამაზი და შთამბეჭდავი იყო ყველა იმ ბავშვისათვის, რომელიც გამომცემლობა "პალიტრა L "-ისა და მედიასახლ "კვირის პალიტრის" მიერ ჩატარებულ საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდა.
KvirisPalitra.Ge მთელი დღის შრომით დაღლილს საღამოს აღარაფრის თავი არ გაქვს, გარდა იმისა, საკუთარი სახლის კარზე ზარი დარეკო, შინაც ერთი-ორი ნერვების ასაშლელი ამბავი მოისმინო ტელევიზიით და დაიძინო?..