"დეპუტატმა ხელზე 2 000 ლარი მაინც ხომ უნდა აიღოს?" - რაში ითხოვენ თბილისის საკრებულოს წევრები ანაზღაურების გაზრდას?! - კვირის პალიტრა

"დეპუტატმა ხელზე 2 000 ლარი მაინც ხომ უნდა აიღოს?" - რაში ითხოვენ თბილისის საკრებულოს წევრები ანაზღაურების გაზრდას?!

"უამრავი ფუნქცია აქვს საკრებულოს, ამხელა ვალდებულება და პასუხისმგებლობა აწევს ზურგზე თითოეულ დეპუტატს და შესაბამისი ანაზღაურებაც ხომ უნდა ჰქონდეს?"

კვლავ ხელფასების მომატებას ითხოვენ თბილისის საკრებულოში, სადაც დეპუტატთა ახალმა შემადგენლობამ მოსვლისთანავე თითქმის ერთხმად მოიხსნა წინამორბედებისგან მემკვიდრეობით დატოვებული პრემიები და სახელფასო დანამატები. დეპუტატები ამბობენ, დიდი გარჯა გვადგას, გროშებს ვიღებთ და ხალხის რჩეულთ ასეთი სასაცილო გასამრჯელო არ უნდა ჰქონდეთო. "კვირის პალიტრა" საკრებულოს უმრავლესობის ფრაქცია "ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმის" თავმჯდომარეს ავთანდილ დავითაძეს ესაუბრა.

- ბატონო ავთანდილ, ხელფასი რამდენი გაქვთ?

- საკრებულოს დეპუტატს ერიცხება 1.400 ლარი, დაბეგვრის შედეგად ხელზე ვიღებთ 1.120 ლარს. ხალხს ჰგონია, რომ უზარმაზარი ხელფასები გვაქვს, რადგან წინა საკრებულოში ჰქონდათ დიდი ხელფასი, პრემიები და დანამატები.

მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან დღემდე საკრებულოს დღევანდელი შემადგენლობის, დეპუტატების და ადმინისტრაციის თანამშრომლების ხელფასებზე სულ გახარჯულია 231.600 ლარი. შეადარეთ ეს თანხა მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან 31 ივნისის ჩათვლით ჩვენი წინამორბედების ხელფასებისთვის გახარჯულ 3 422 730 ლარს. სხვაობა ხომ ძალიან დიდია?

- მაგრამ წინამორბედების მიბაძვაზე უარი თქვით. ახლა ძველი სისტემის აღდგენას ითხოვთ?

- არა, თუმცა, ჩვენს ხელფასს ხელფასი ჰქვია?! სხვა, ნებისმიერ უწყებაში მთავარ სპეციალისტსაც კი საკრებულოს არჩეულ დეპუტატზე მაღალი გასამრჯელო აქვს. თანაც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, დედაქალაქის საკრებულოს ფუნქცია-მოვალეობები მნიშვნელოვნად გაიზარდა. საკრებულო არის დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანო, რომელიც განიხილავს, განსაზღვრავს და ამტკიცებს დედაქალაქის მართვის მთლიან პოლიტიკას, თბილისის აღმასრულებელ ხელისუფლებას, მის წარმოდგენილ პროექტებს, დედაქალაქის ბიუჯეტს, მონიტორინგს უწევს დედაქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობას. უამრავი ფუნქცია აქვს საკრებულოს, ამხელა პასუხისმგებლობა აწევს ზურგზე თითოეულ დეპუტატს და შესაბამისი ანაზღაურებაც ხომ უნდა ჰქონდეს? თუ ადრე თვის განმავლობაში საკრებულოს ერთი და ბიუროს ორი სხდომა უნდა ჩატარებულიყო, ახლა საკრებულოს სხდომა რომ ჩატარდეს, ჯერ დარგობრივ კომისიებში უნდა იმუშაონ დეპუტატებმა, მერე - ბიუროზე და ბოლოს - სხდომაზე.

5 თვეში ჩატარებული გვაქვს 182 კომისიის, 21 ბიუროს და 20 საკრებულოს სხდომა. შესაბამისად, საკრებულოს აპარატის დატვირთვაც გაზრდილია და დეპუტატებისაც, რომლებიც ყოველ კვირას დილიდან საღამომდე მაჟორიტარულ ოლქებში ხვდებიან ამომრჩევლებს.

- წინასწარ რომ გცოდნოდათ, ამხელა დატვირთვა გექნებოდათ და ასე მცირე ხელფასი, იბრძოლებდით ქალაქის საკრებულოში მოსასვლელად?

- ასე რატომ უდგებით საკითხს?

- თუ ანაზღაურება არ მოგვწონს, უარს ვამბობთ სამსახურზე..

- ჩვენ ხომ სასწაულს არ ვითხოვთ? დეპუტატმა ხელზე მაინც ხომ უნდა  აიღოს 2 000 ლარი? ოჯახები გვყავს...

- საკრებულოს დეპუტატი ხომ არ იზღუდება სხვა საქმიანობით, მათ შორის ბიზნესით...

- ახლა რომელი ბიზნესმენი წამოვა ხელისუფლებაში? ეგ იყო ადრე და იმიტომაც მიიღეს იმ ტიპის კანონმდებლობა, რომელიც ბიზნესმენს არ უკრძალავდა დეპუტატობას ან დეპუტატს - ბიზნესსაქმიანობას. წინა ხელისუფლებას დეპუტატები გაფორმებული ჰყავდა სამ-ოთხ სამსახურში და ნებისმიერი მათგანი სულ ცოტა, 5 000 ლარს იღებდა.

- როდისთვის აპირებთ ხელფასების გაზრდას?

- შესაძლოა, წლის ბოლოს ან დასაწყისში. მაჟორიტარები ავტომობილის საწვავსაც კი საკუთარი ფულით ყიდულობენ. 50%-ს ვითხოვთ, მეტს ხომ არა?

- მეტი გინდათ?

- კი მაგრამ, ჩვენც გაგებით ვეკიდებით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას.

- ბრძანეთ, რომ საკრებულო მონიტორინგს უწევს მერიის მუშაობას. კმაყოფილი ხართ?

- მერიის შემადგენლობა ახალია და თან ბევრი პრობლემა დახვდათ. ყველაფრის მოგვარებას ფული სჭირდება. ახალი წლიდან ახალი ტენდერები იქნება, ახალი სამსახურები ამუშავდება და ყველაფერი დალაგდება. 6 თვეში სასწაულს ვერ მოვთხოვდით მერიას.

- მერიაშიც, მოვიდნენ თუ არა, ხელფასების გაზრდაზე დაიწყეს ლაპარაკი... ქალაქისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი პროექტები არც კი წამოწეულა წინა პლანზე. რა გახდა თუნდაც მორატორიუმის გამოცხადება უკანონო მშენებლობებზე?

- მორატორიუმზე მუშაობენ, იკვლევენ არქიტექტურის სამსახურის გაცემულ 4 000-ზე მეტ ნებართვას. ეს ნებართვები გაცემული იყო მხოლოდ აპრილის თვიდან ჩვენს მოსვლამდე, ფაქტობრივად, სამი თვის განმავლობაში. მათი შემოწმება როგორ წარმოგიდგენიათ, სანამ ახალ კადრს არ მიიყვანთ იქ? ძველი იტყვის, ეს დანაშაულებრივი გადაწყვეტილებაა და მის მიღებაში მე ვმონაწილეობდიო? ცოტაც და, ყველაფერი მოგვარდება.

მოქალაქეების აზრით:

ნოდარ ჯავახაძე, 68 წლის -  ამაზრზენია საკრებულოს დეპუტატების გოდება, ხელფასი არ გვყოფნისო, მაშინ, როდესაც ქვეყანაში ნახევარი მილიონი ადამიანი ღატაკთა კატეგორიას  მიეკუთვნება.

ნათელა ქებურია, 53 წლის - არც პენსიონერებს ჰყოფნით  სამადლო პენსია. არადა, სახელმწიფოს წინაშე საკრებულოს დეპუტატებს სად აქვთ იმხელა დამსახურება, როგორიც პენსიონერთა უმრავლესობას. მთელი ცხოვრება გადასახადების გადამხდელები იყვნენ. თუ პენსიონერმა უნდა იკმაროს 150 ლარი, 1.400 ლარი არ უნდა ეყოს დეპუტატს?

ზაალ ქამუშაძე, 32 წლის - ჯერ საქმე გააკეთონ და ხელფასების ზრდაზე მერე გველაპარაკონ.

თამარ მებონია, 29 წლის - საკრებულოში არაფერი სმენიათ ზურაბ ტყემალაძის განცხადებაზე, - დეპუტატი უნდა ეყოს ხელფასსო? იმყოფინონ!