"თბილისი გინესის რეკორდსმენია ავარიული კორპუსებით" - კვირის პალიტრა

"თბილისი გინესის რეკორდსმენია ავარიული კორპუსებით"

სახიფათოა თუ არა "ხრუშჩოვკებზე" დაშენება?

"კომერციული ფართებისთვის  პირველ სართულებს საყრდენ კედლებს აცლიან. ეს კატასტროფაა"თბილისში ტენდენციად იქცა "ხრუშჩოვკებზე" მანსარდების დაშენება. ზოგან ორსართულიან მანსარდსაც ნახავთ. გამართლებულია თუ არა ასეთი რისკი? ხომ ითქვა, "ხრუშჩოვკების" ექსპლოატაციის ვადა დიდი ხნის წინ ამოიწურა და უნდა დაინგრესო? რას აპირებს ხელისუფლება?" - გვწერს მკითხველი.

ჩვენ მერიაში ვცადეთ პასუხის მიღება. გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე "ხრუშჩოვკებთან" დაკავშირებული კონცეფცია არა აქვთ. რაც შეეხება დაშენებას, მანსარდები მხოლოდ ნებართვის გაცემის შედეგად შენდება, თუმცა, არის თვითნებობის ფაქტებიც, რაზეც ზედამხედველობის სამსახური რეაგირებს.

ჯონი გიგინეიშვილი, ინჟინერი: - დაშენებების 60-70% უხარისხოდ, უკულტუროდ და არაპროფესიონალურად კეთდება. თუმცა, "ხრუშჩოვკების" უმეტესობა უფრო საიმედოა, ვიდრე გასული საუკუნის 80-90-იან წლებში აშენებული კორპუსების 15-20%. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თბილისი გინესის რეკორდსმენია ავარიული, უხარისხოდ აშენებული კორპუსებით. დამნაშავეა როგორც არაკვალიფიციური დამპროექტებელი, ისე - არაკვალიფიციური მშენებელი. "ხრუშჩოვკების" ექსპლოატაციის ვადა 30-40 წელი იყო და ადამიანს თუ შევადარებთ, პენსიონერსა და ავადმყოფს ჰგავს. სენი უკურნებელი არ არის, მაგრამ თუ ამ პენსიონერს მუდმივად მძიმე ტვირთს ავკიდებთ, ერთ დღესაც ჩაიჩოქებს. დაშენებებით სწორედ ასეთი ჩაჩოქებისკენ ვუბიძგებთ "ხრუშჩოვკებს". ამიტომაც ჯობს, ეს სახლები დავანგრიოთ და ახალი, საიმედო კორპუსები ავაგოთ. უბედურება ის არის, რომ ქალაქი ხარჯავს ძალიან დიდ თანხას ამორტიზებული შენობების გასამაგრებლად, რადგან აშენების საშუალება არა აქვს. წინათ მშენებლობებს საბჭოთა კავშირი აფინანსებდა.  საქართველოს საკუთარი ბიუჯეტით ასეთი დიდი გასაქანი არა აქვს. 2005 წლიდან დღემდე 90 "ხრუშჩოვკა" გაამაგრეს. ცალკე დასათვლელია "არახრუშჩოვკები"...

- როდემდე უნდა ამაგრონ ეს შენობები, ერთ დღეს ეგ ვადაც ხომ ამოიწურება?

- უმრავლესობას უკვე ამოწურული აქვს. საბჭოთა კავშირის ნორმებით, კაპიტალური შენობის ექსპლოატაციის ვადა განისაზღვრებოდა მინიმუმ - 50, მაქსიმუმ 100 წლით. ავარიულ შენობებს გამაგრების შემდეგ 20 წლით გავუხანგრძლივეთ სიცოცხლე.  ძალიან ბევრი შენობაა დაზიანებული. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ძველ თბილისსა და საბურთალოს რაიონში. როდესაც პეკინისა და იოსებიძის ქუჩებს აპროექტებდნენ, ვერ გაითვალისწინეს ბევრი ტექნიკური ნიუანსი. ტექნოგენური წყლების დონემ აიწია, დასველდა საძირკვლები და დაიწყო შენობების ჯდენა.

- ახალ მშენებლობებში სამშენებლო ნორმები დაცულია?

- მშენებლობა მოითხოვს პატიოსნებას, რომელიც ქართველ მშენებელთა დიდ ნაწილს აკლია. ისე მოქმედებენ, თითქოს მტრისთვის აშენებდნენ სახლებს. არ ადარდებთ, რომ ერთ დღეს უცებ შეიძლება ჩამოექცეს ჭერი უამრავ უდანაშაულო ადამიანს.

მუნიციპალური ლაბორატორიის ანალიზისა და კვლევის ჯგუფის უფროსი, აკადემიკოსი გურამ გედევანიშვილი: - თუ კატასტროფული გეოტექტონიკური ძვრები არ მოხდა, "ხრუშჩოვკები" სივრცული მოდელით, როგორც ხისტი ნაგებობა, მეტად საიმედოა. მთავარია, საიმედო გრუნტზე იჯდეს. თბილისის ავადმყოფობაა მასივების განაშენიანებით დამძიმება, რაც ზრდის ტექნოგენური წყლების დონეს. ახალი განაშენიანების შემდეგ ძველი საინჟინრო, წყალშემცველი კომუნიკაციების გადაიარაღება არ ხდება ან დროულად ვერ ესწრება, კანალიზაციის, სასმელი წყლის, სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების სისტემები იმდენად გადატვირთულია, რომ ვერ უზრუნველყოფს ნორმალურად მუშაობას. გრუნტში ჩამჯდარი კომუნიკაციები მგრძნობიარეა, ზიანდება, წყალი ჟონავს და გრუნტს რეცხავს. ამ გრუნტზე ზის ქალაქი. როდესაც წყლები დაიწრიტება, გრუნტის ფორიანობა იზრდება. გამომშრალი ფორიანი გრუნტი იკუმშება და შენობა არათანაბრად ჯდება. სწორედ ამას მოჰყვება ბზარები და ჩნდება ავარიული შენობები. ასეთი რისკფაქტორების არსებობა გაუმართლებელია ისეთ რთულ სეისმურ გარემოში, როგორშიც ჩვენ ვცხოვრობთ.

თბილისისთვის დამახასიათებელ გრუნტულ გარემოში, თუ გეოლოგების დადებითი დასკვნა არსებობს და შენობა არ არის ავარიული, მანსარდული ტიპის დაშენებები საზიანო არ არის. მსუბუქი კონსტრუქციებით აგებული მანსარდა უსაფრთხოა. მე არ მივესალმები ასეთ ცვლილებებს, მაგრამ გრუნტის ამტანუნარიანობაზე შენობის ტვირთის  10-15%-ით გაზრდა დამღუპველად არ იმოქმედებს. უფრო მადარდებს კომერციული ფართებისთვის კორპუსების პირველი სართულების გამოთავისუფლება. დარბაზებისთვის შენობას საყრდენს, სიხისტეს აცლიან. ეს კატასტროფაა და შედეგიც მივიღეთ "რუსთავი 2"-ის“შენობის ჩამონგრევის სახით. ასეთი სხვა შემთხვევებიც დაფიქსირდა.

"ხრუშჩოვკები" ჩამოინგრა

რამდენიმე წლის წინ მერვე პოლკის დასახლებაში ხუთსართულიანი  "ხრუშჩოვკის" ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. 60-იან წლებში აშენებული კორპუსის ექსპლოატაციის ვადა გასული იყო. მაშინდელმა თბილისის მერმა განაცხადა, რომ დაანგრევდნენ ყველა "ხრუშჩოვკას" და ააშენებდნენ ახალ კორპუსებს. განცხადებამ ამ  ტიპის კორპუსებში ბინების ფასების ზრდა გამოიწვია, თუმცა, ხელისუფლება დასანგრევად არც ერთ კორპუსს არ მისდგომია, ისევ მათი გამაგრება ამჯობინა. მიუხედავად ამისა, 2013 წლის გაზაფხულზე კიდევ ერთი "ხრუშჩოვკა" ჩამოინგრა, ამჯერად - ვაზიანის დასახლებაში. საბედნიეროდ, ამ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.