პარკინგ-დილემა - კვირის პალიტრა

პარკინგ-დილემა

ვინ იცის, თბილისში რამდენ ქუჩაზე დაკარგა ტროტუარმა ფუნქცია

ტროტუარი ქუჩის, მოედნის კიდეებზე ოდნავ შემაღლებული გზაა ფეხით მოსიარულეთათვის. ის, შესაძლოა, იყოს მოასფალტებული, ქვის ფილებით მოპირკეთებული და სხვ. თუმცა, ტროტუარის ასეთი განმარტება არ მიესადაგება ქართულ სინამდვილეს. ჩვენში ის ხშირად ოღროჩოღროა, კეთილმოწყობილი ნაწილი კი ეთმობა არა ქვეითად მოსიარულეებს, არამედ - ავტომობილებს. მაგალითად, ჭავჭავაძის გამზირზე ტროტუარის დიდი ნაწილი, "სიტი-პარკის" ნიშნულების მიხედვით, პარკინგის ზონაა, რაც საფრთხეს უქმნის ფეხით მოსიარულეთა სიცოცხლეს - როდესაც მანქანა სადგომ ზოლში შედის ან გამოდის, ცხადია, ტროტუარზე მოძრაობს, ამიტომაც, ფეხით მოსიარულენი იძულებული ვართ, ჩვენთვის განკუთვნილი ადგილი მძღოლებს დავუთმოთ.

განსაკუთრებით რთული ვითარებაა რუსთაველის გამზირზე, ყოფილი ფოსტის შენობის წინ, სადაც სუპერმარკეტს, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი ავტოსადგომი აქვს, წინ, ტროტუარზეც დაუხაზეს პარკინგი და ფეხით მოსიარულეთა ადგილი აღარ დარჩა. შორს წაგვიყვანს ჩამოთვლა, თბილისში რამდენ ქუჩაზე დაკარგა ტროტუარმა ფუნქცია. შედეგად მძღოლებიც გათავხედდნენ, რადგან ზოგან ტროტუარებზე დგომის უფლება აქვთ და ნებართვის გარეშეც თამამად ჩერდებიან ბილიკივით ვიწრო ფეხსავალ ნაწილზე და იძულებულს გხდიან, ავტომობილის სავალ ნაწილზე გადახვიდე.

ხშირად მიკითხავს პატრულისთვის: მძღოლებს აქ გაჩერების უფლება აქვთ? არაო, - მპასუხობენ. მერე რატომ არ აუკრძალავთ-მეთქი? ეგ მერიის საქმეაო. თუმცა, იმავე ფაქტზე 112-ში დარეკვის შემთხვევაში პოლიციის ეკიპაჟი მყისვე მოდის და წესრიგის დამრღვევებს აჯარიმებს. პარადოქსია, არა?

ნარმანიამ, გვეშველებაო თბილისის მერია ტროტუარებზე  ავტომანქანის პარკირებისთვის განკუთვნილ  210 ადგილს აუქმებს.

-„სადაც ტროტუარის სიგანე სამ მეტრზე ნაკლებია, იქ შეუძლებელია ავტომანქანის პარკირება ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს ხელი არ შეეშალოთ,”- განაცხადა თბილისის მერმა, რომელიც აპირებს, მძღოლებზეც იზრუნოს და მიწისზედა და მიწისქვეშა პარკინგების მშენებლობით დაინტერესებული ინვესტორებისთვის კონკურსის გამოცხადება გადაწყვიტა...

ვიდრე კონკურსში სატენდერო პირობებით გამარჯვებული გამოცხადდება და მშენებლობა დაიწყება და დამთავრდება, მანამ მოგვიწევს ტროტუარებზე ავტომობილების საცობების რღვევა. გავრცელდა ხმა, თითქოს მხოლოდ ვაკეში და საბურთალოზე აპირებენ ახალი პარკინგების მშენებლობას, თუმცა მერიაში აცხადებენ, რომ ეს ჭორია.

რა სიმართლეა და რა - ჭორი, ალბათ, ერთი წლის განმავლობაში გამოჩნდება. მანამდე კი მოგვიწევს იმ ჭირის ატანა, რომელიც, უკვე წლებია, კომპანია "სიტი-პარკმა" მოსდო ქალაქს და ახალი ავტოსადგომების აშენების ნაცვლად ფეხით მოსიარულეებს ტროტუარები წაართვა. მათ ხელს უწყობდა მაშინდელი ქალაქისა და ცენტრალური მთავრობა, რომელთათვის მთავარი იყო,„"სიტი-პარკს" ფული სწრაფად ეშოვა, რათა "ნაცმოძრაობის"“სალაროს სიხალვათე არ ეგრძნო...

"სიტი-პარკს" უფლებები ეზღუდება?

ზვიად ტომარაძე, დემოგრაფიული განვითარების ფონდის დირექტორი: "ჩემი და ადვოკატ როინ მიგრიაულის შემუშავებული კანონპროექტით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის პირველ ნაწილში შედის ცვლილებები - ავტომობილს, რომელიც არ ქმნის საავარიო მდგომარეობას ან საცობს, "სიტი-პარკი"“საჯარიმო ავტოსადგომზე ვერ გადაიყვანს. ის ვალდებული იქნება, აცნობოს 112-ს, რადგან ხშირად  დაზარალებულები ვერ არკვევენ, მათი მანქანა მოიპარეს თუ„"სიტი-პარკმა" წაიყვანა. 112-ის დახმარებით კი მოქალაქე შეიტყობს, სად არის მისი მანქანა და რატომ.