"ერთი წელია, მტვერში ვიხრჩობით" - "ბერმუდის სამკუთხედი" დადიანის ქუჩაზე - კვირის პალიტრა

"ერთი წელია, მტვერში ვიხრჩობით" - "ბერმუდის სამკუთხედი" დადიანის ქუჩაზე

"მილების შესაცვლელად გზის საფრის მოჭრა აუცილებელია და ტრანსპორტის გადაადგილებაც შეიზღუდა, მაგრამ ყველა სამუშაო ორ თვეში დასრულდება"

თითქმის ერთი წელია, ცოტნე დადიანის ქუჩის დასაწყისში, დაახლოებით ორასმეტრიან მონაკვეთზე, ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო ტრანსპორტის გადაადგილება შეფერხებულია და ადგილობრივი მოსახლეობაც მტვერსა და ხმაურს უჩივის. რამდენიმე დღის წინ დადიანის ქუჩაზე მცხოვრებლების პროტესტის შემსწრე თავადაც გახლდით.

- მილების ამოყრის გარდა არაფერს აკეთებენ, ასფალტის ფენებიც აიღეს, მაგრამ ახლის დაგებაზე არავინ ფიქრობს, - წუხდა შუახნის ქალბატონი და რამდენიმე მეზობელთან ერთად, პრობლემის გადაჭრის გზებზეც მსჯელობდა. ერთ-ერთმა ისიც კი თქვა, სარემონტო სამუშაოების დასაჩქარებლად მერიასთან აქცია გავმართოთო...

ქეთევან მუმლაძე, ადგილობრივი მცხოვრები:

- შარშანაც, ზუსტად ამ დროს, დადიანის ქუჩაზე მილებს ცვლიდნენ... მაშინ ასფალტის დაგებასაც გვპირდებოდნენ, მაგრამ ერთი წელი გავიდა და ყველაფერი ისევ ისეა. თავდაპირველად გზის მარჯვენა ნაწილი გადაკეტეს და ასფალტის ფენები აიღეს, მოგვიანებით სამუშაოები მარცხენა ნაწილზე ისე განაახლეს, რომ გადათხრილი ასფალტის ხელახლა დაგებაზე არც უფიქრიათ. არადა, ეს ცენტრალური გზაა, ყოველდღე უამრავი მანქანა დადის და ხშირად საცობია. დაახლოებით თვე-ნახევარია, დანგრეულ გზაზე მილების ამოთხრა განაახლეს. ერთი წელია, მტვერში ვიხრჩობით, ფანჯრებს ვერ ვაღებთ. აქვე პატარა კაფე მაქვს, მაგრამ უკვე რამდენიმე თვეა, ქირის გადახდასაც ვერ ვახერხებ. ასეთ მტვერსა და გადათხრილ ტროტუარებზე ვინ გამოივლის?! თანაც, ხშირად წყალიც არ გვაქვს.

ლიანა მაჭავარიანი, ადგილობრივი მცხოვრები:

- როგორც ამბობენ, შარშან ჩალაგებულ ახალ მილებს ისევ იღებენ - სამუშაო არასწორად შესრულდაო. ყველაფერს ისიც ემატება, რომ მუშები სამუშაოს დასრულებას არ ჩქარობენ. როგორც "ბერმუდის სამკუთხედის" ამბავია ამოუცნობი, ისე ჩვენ ვერ გავიგეთ, რით ვეღარ დაადგა საშველი დადიანის ქუჩას.

მუშები მოსახლეობის პრეტენზიებს არ ეთანხმებიან, პირიქით, აცხადებენ, რომ სამუშაოები ორ თვეში, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში დასრულდება. მათივე განმარტებით, შპს "ძამამ" გზის საფრისა და მიწისქვეშა გაყვანილობის რეაბილიტაციის პროცესი მხოლოდ ერთი თვის წინ დაიწყო და მანამდე ჩატარებულ სამუშაოებზე პასუხისმგებლობა მათ არ ეკისრებათ.

ლაშა გიგაური, მუშა:

- სამუშაოების ჩატარება ცენტრალურ გზაზე გვიწევს... ტრანსპორტს ხომ  ვერ გავაჩერებთ... ხშირად მილებისთვის დროებით მიწის მიყრაც გვიწევს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთსა და იმავე საქმეს რამდენჯერმე ვაკეთებთ.

მერაბ მაქაცარია, სამუშაოების მწარმოებელი:

- შესაძლოა, გზის ეს მონაკვეთი მანამდეც გადათხრილი იყო, მაგრამ ჩვენ მუშაობა ერთი თვის წინ დავიწყეთ. ცოტნე დადიანის ქუჩაზე 840-მეტრიანი მონაკვეთია შესაკეთებელი და დარწმუნებული ვარ, ობიექტს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ჩავაბარებთ. მანამდე ვინ რა აყარა, ჩვენ არ ვიცით. მიწაში ნიკოლოზის დროინდელ ნარჩენებს ვაწყდებით და არ შევცვალოთ?!

იმის გასარკვევად, რატომ ვერ დასრულდა ცოტნე დადიანის ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოები და რა მიზეზით შეიცვალა შემსრულებელი კომპანია ერთი თვის წინ, მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელს, ავთანდილ სუდაძეს დავუკავშირდით:

- შესაძლოა, ამ მონაკვეთზე სამუშაოები ადრეც მიმდინარეობდა, მაგრამ მაშინ ამ საქმეს დედაქალაქის ხელმძღვანელობა არ უძღვებოდა... ახლა კაპიტალური შეკეთება გადავწყვიტეთ. ბუნებრივია, მილების შესაცვლელად გზის საფრის მოჭრა აუცილებელია და ტრანსპორტის გადაადგილებაც შეიზღუდა, მაგრამ ყველა სამუშაო ორ თვეში დასრულდება.

რუსუდან შელია