თბილისს ბევრი წყალდიდობა ახსოვს - კვირის პალიტრა

თბილისს ბევრი წყალდიდობა ახსოვს

მდინარე ვერეს მავნე ხასიათის გამო ქალაქის მთავრობა განსაკუთრებით ებრძოდა ხეობაში უკანონო მშენებლობას

თბილისის ლანდშაფტისა და არქიტექტურული თავისებურებების ფორმირებაში მტკვართან ერთად მონაწილეობდნენ მისი შენაკადი პატარა მდინარეებიც: წავკისის წყალი, ვერე და ავანაანთხევი.

წავკისის წყალი სოლოლაკის ხევში ჩადის. ძველად მას ლეღვთახევი რქმევია, შემდეგ კი დაბახანის ხევი დაურქმევიათ.

ვახუშტი ბაგრატიონის მიხედით, ვერეს ძველად "სკვირეთის მდინარეს უხმობდნენ".

ავანაანთხევი კი სოლოლაკში იღებს სათავეს. წინათ იგი დღევანდელი პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩაზე ჩამოდიოდა, ამჟამად კი მათ ქვეშ არის მოქცეული და მტკვარს ბარათაშვილის ხიდთან ერთვის.

მდინარე ვერეს ახლანდელ გმირთა მოედნის ტერიტორიას საქართველოს სამხედრო გზა კვეთდა. სწორედ აქ იყო ძველი ხიდი მდინარე ვერეზე. XIX საუკუნის 50-იან წლებში გაზეთი "კავკაზი" წერდა: "პირველივე შეხედვით ჩანს მისი სიძველე და შენობის ფორმა გვაგონებს რომაელთა ხიდს. ეს ხიდი ალბათ, არაერთხელაა რესტავრირებული, მაგრამ მისი პირველი აშენების პერიოდს მიაწერენ პომპეუსის ლაშქრობას, მითრიდატესთან მისი ბრძოლის დროს, ქრისტეშობამდე დაახლოებით 65 წელს".

1850 წელს ხიდი კიდევ ერთხელ შეკეთდა. 1856 წელს კი მისი ძველი პარაპეტი ხის მოაჯირებითა და ტროტუარებით შეცვალეს. ხიდი გაფართოვდა და მისი გამტარუნარიანობა გაიზარდა. ქვით და აგურით ნაგები ოთხმალიანი ხიდის სიგრძე დაახლოებით 70 მ, ხოლო სიგანე - 6 მ იყო. საქართველოს სამხედრო გზა,“რომელიც ახლანდელი გმირთა მოედნის სიახლოვეს იწყებოდა, ამ ხიდზე 1932 წლამდე გადიოდა. იმავე წელს ახალი განიერი სამმალიანი ხიდი ააგეს... (ალექსანდრე სალარიძის "თბილისის ხიდების" მიხედვით).

თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1927 წლის 10 თებერვლის დადგენილებით, თბილისის ზოოლოგიური პარკის მოსაწყობად ვერეს ხეობაში 70-მდე (მოგვიანებით 120) ჰა მიწის ნაკვეთი გამოიყო...

არქივში დაცული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ვერეს ხეობაში წყალი ხშირად მოვარდებოდა. დიდი ზარალი მოჰყოლია მდინარის ადიდებას 1924 წლის 11-12 ივნისს, 1940 წლის 10 მაისს, 1960 წლის 4 ივლისსა და 1972 წლის 7 ივნისსაც.

დოკუმენტებით ირკვევა, რომ 1940 წლის 10 მაისს დაზიანებულა 2487 სახლი (მათ შორის 175 განადგურებულა). დატბორილა  ქუჩები, სანაპირო, ბაღები. მწყობრიდან გამოსულა წყალგაყვანილობა, კანალიზაცია, ელექტრომომარაგება; ტრანსპორტი. ზოოპარკი თითქმის სრულად განადგურებულა. დაღუპულან ზოოპარკის ბინადრები: 2 მაჩვი, 2 მელია, 10 კურდღელი, 6 ზღვის გოჭი, 3 ველური იხვი, ზღარბი, ყანჩა, არწივი, ენოტი და სხვ...

1960 წლის 4 ივლისის წყალდიდობამ ყველაზე მეტად ისევ ზოოპარკი დააზარალა. თბილისის აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვიტა, დატბორილ ზონაში აეღო ყველა შენობა, აღედგინა გზა და ინფრასტრუქტურა, ორ თვეში აეგოთ ახალი ვოლიერები. უნდა შემუშავებულიყო ვერეს ხეობის ათვისების კომპლექსური პროექტი, გამაგრებულიყო მდინარის ნაპირები, გამკაცრებულიყო ბრძოლა უკანონო მშენებლობების წინააღმდეგ და სხვ.

კომისიის დასკვნით, 1960 წლის 4 ივლისს მდინარე ვერეზე მოვარდნილი წყლის ნაკადი თავისი სიმძლავრით ბევრად აღემატებოდა 1940 წლის 10 მაისს ქალაქში მომხდარ წყალდიდობას.

სპეციალურმა კომისიამ აღმასკომს დაავალა, გაეტარებინა წყალმოვარდნისა და ღვარცოფის საწინააღმდეგო ღონისძიებები, გამოეყო ტრანსპორტი და სპეციალისტები, შეექმნა რაიონული კომისიები, რომლებიც იმორიგევებდნენ წყალდიდობის დროს; აღერიცხათ რისკის ქვეშ არსებული შენობები, სახიფათო ადგილებში შეექმნათ პუნქტები, მოსახლეობის ინფორმირებისა და დახმარებისთვის; სისტემატურად გაეკონტროლებინათ და მიეღოთ ზომები არხების დასასუფთავებლად და სხვ...

მდინარე ვერეს მავნე ხასიათის გამო ქალაქის მთავრობა განსაკუთრებით ებრძოდა ხეობაში უკანონო მშენებლობას. აკრძალულ ზონაში მთლიანად მოექცა ვერეს ხეობა. ამის შემდეგ ვერეს ხეობის მიმდებარე ტერიტორიაზე აიკრძალა უნებართვო ავტოფარეხებისა თუ სხვა ნაგებობების მშენებლობებიც.

მდინარე ვერე 1972 წელსაც ადიდდა: კოკისპირული წვიმებით გამოწვეულმა ნიაღვრებმა დააზარალა და უსახლკაროდ დატოვა 1600 ოჯახზე მეტი, დაიღუპა 10 კაცი, დაიტბორა წყალმიმღებები და ნიაღვარგამტარები, დაზიანდა 763 ათასი კვმ ქუჩებისა და მოედნების ზედაპირი. დაინგრა 126 ინდივიდუალური სახლი, 84 ბარაკი.

ამ წყალდიდობის მასშტაბზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ საქართველოს მეზობელი აზერბაიჯანის, სომხეთისა და უზბეკეთის რესპუბლიკები ჰპირდებოდნენ დახმარებას. მაგალითად, სომხეთს საცხოვრებელი სახლის აგება აღუთქვამს...

ამ წყალდიდობის შემდეგაც აქტიურად ებრძოდნენ უნებართვო მშენებლობებს აღნიშნულ ტერიტორიაზე. შემონახულია არაერთი დადგენილებაც მათი ლიკვიდაციის მიზნით...

XX  საუკუნეში კიდევ რამდენიმე წყალდიდობა ახსოვს ქალაქს, მაგრამ ეს უკვე მდინარე მტკვრის, წავკისის წყლისა და ავანაანთხევის ადიდებას უკავშირდება.

საბჭოთა ხელისუფლების დროს პრესაში მხოლოდ 1924 წელს მომხდარი წყალდიდობის შესახებ ვხვდებით ინფორმაციას (გაზეთი "კომუნისტი" 1924 წლის 13 ივნისის ნომერში წერდა: "მოულოდნელად მოვარდნილა ძლიერი ნიაღვარი და იქ დაბანაკებული გლეხები თავიანთი ხარ-ურმებით გაუტაცნია და შეუყრია მტკვარში").

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ 1940, 1960 და 1972 წლების დამანგრეველ წყალდიდობებზე პრესაში სიტყვაც არ არის ნახსენები(?!).

"წყალს ამოუხრჩვია ზოოპარკი!"

"ტრაგედია ტრიალებდა დღეს თბილისში. დილის 9 საათზე მოვიდა დიდი წვიმა. ადიდებულა მდინარე ვერე და მოგლეჯილი ხეებითა და ლოდებით ამოუვსია ვარაზისხევის ქუჩის ქვეშ გაყვანილი გვირაბი, შეგუბებულა წყალი და ამოუხრჩვია ზოოპარკი!

როცა გალიაში მიწით დასილული და უძრავად მწოლიარე ვეფხვი დავინახე, კინაღამ ავტირდი. ყველა ლომი, ყველა ავაზა და ყველა ვეფხვი დაიხრჩო. წარმოვიდგინე, როგორ ებრძოდნენ წყალს, როგორ გაჰყვეს ნესტოები გალიის ჭერში, რკინებს შორის, ეს იყო მათი უკანასკნელი გაბრძოლება, მერე წყალმა გალიის წვერიც დამალა.

ლომი, ლომი წყლით დამხრჩვალა იმიტომ, რომ დატყვევებული იყო და არწივიც იმიტომ, რომ დატყვევებული იყო!

თეთრი დათვები მუცელდაბერილები ეყარნენ ცემენტის ცივ იატაკზე. ალბათ როგორ ესიამოვნათ პირველად, როცა ზაფხულის ამ თბილ დილას წყალი შეუდგათ მუხლებამდე, მაგრამ მერე? ალბათ ვცდები, ასე არ მოტყუვდებოდნენ, ალბათ ყოველმა მხეცმა ინსტინქტით იგრძნო საშიშროება და დაიწყო ბრძოლა გალიებში, ისე თვალნათლივ ვიგრძენი ეს სურათი, რომ... მაჟრჟოლებს ხოლმე.

როგორ მენანება, როგორ მეცოდება მხეცები იმიტომ, რომ უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპნენ. რა მოულოდნელი იყო ალბათ ეს წყლის შემოტევა მათთვის, უფრო მოულოდნელი, ვიდრე ადამიანისათვის იქნებოდა, მხოლოდ ბეჰემოთმა შეძლო რკინის ფანჯრის გამომტვრევა და გათავისუფლება. იმ საღამოს იგი უძრავად იწვა საზაფხულო ვოლიერში და მძიმედ ქშინავდა ბრძოლაგადახდილი. როგორ მეცოდებიან ლომები, ვეფხვები და არწივი".

ედიშერ ყიფიანის უბის წიგნაკიდან

1879 წ. - სიკვდილის მდინარე

ხანგრძლივი წვიმის დროს მტკვარი კალაპოტიდან გადმოდიოდა და მთელ ტერიტორიას ტბორავდა. შესაბამისად, სახლიდან სახლში მისვლა მხოლოდ ნავით იყო შესაძლებელი.

"მტკვრის ადიდება მრავალჯერ გვინახავს, მაგრამ 1879 წელს ისე ადიდდა, რომ ენით უთქმელი და კალმით აუწერელი ზიანი მიაყენა მთელს იმ რაიონის მცხოვრებთა და მოვაჭრეთ. ავლაბრის ხიდიდან ვინც გასცქეროდა რიყესა, მარტოთ მარტო სახლების ბუხრების თავებსღა ხედავდა. ამგვარი საზარელი წყლის მოვარდნა შუაღამისას მოხდა, ამის გამოთაც მრავალი ხალხი და მრავალი პირუტყვი დაიხრჩო. ბავშვიანი აკვნები ქუჩებში წყლის პირზე ტივტივებდნენ. მალაკნების დამხრჩვალი ქალებისა და კაცების რიცხვი უთვალავი იყო, მტკვრის ტალღები ხიდსა ხვდებოდა, იმგვარი ტივის ხეები მოჰქონდა, რომ ხიდს ქვეშ ძლივს ეტევოდნენ. იმგვარი ფიცრის სახლები ჩამოატარა, რომ ლოგინი და ქათმები გარედან ჩანდნენ" ("მტკვარი და მისი ორი ნაპირი" - დავით ქარდავა).

აქვე ავტორი იმასაც ამბობს, რომ ამგვარი უბედურების თავიდან ასაცილებლად ქალაქის საბჭომ დაადგინა, რიყის მოსახლეობა ერთიანად საბურთალოზე გადაასახლოს და მთელი რიყის მიდამოები ისევ მდინარე მტკვარს დაუთმოს...

ეკა სალაღაია

(მასალის მოსამზადებლად გამოყენებულია საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ფოტოები და დოკუმენტები)