გარდაცვლილმა მეუღლემ სიკვდილის შემდეგ ოჯახს ორიგინალური და ამაღელვებელი საჩუქარი გაუკეთა - კვირის პალიტრა

გარდაცვლილმა მეუღლემ სიკვდილის შემდეგ ოჯახს ორიგინალური და ამაღელვებელი საჩუქარი გაუკეთა

ბრენდა შმიტცი 46 წლის ასაკში საკვერცხეს სიმსივნით გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე ქალმა გადაწყვიტა რაიმე შესანიშნავი გაეკეთებინა მეუღლისთვის და შვილებისათვის. ბრენდამ წერილი დაწერა საშობაო სურვილებით და მეგობარს სთხოვა, ჟურნალისტებისთვის გადაეცა, მაშინ როდესაც იგი უკვე ცოცხალი აღარ იქნებოდა და მეუღლეს საყვარელი ქალი გაუჩნდებოდა.

ორი წლის შემდეგ ბრენდას წერილი აიოვას შტატის რადიოსადგურ STAR 102.5-ში მივიდა, სადაც სპეციალური გადაცემა Christmas Wish გადის, იგი მსმენელთა სურვილების შესრულებას ემსახურება. ჟურნალისტები ბრენდას მეუღლეს, დევიდს დაუკავშირდნენ და სტუდიაში მიიწვიეს, წინასწარ არ გააფრთხილეს, თუ რა ელოდა მას. როდესაც წამყვანი სულისშემძვრელი წერილის კითხვას შეუდგა, დევიდი ატირდა.

”გამარჯობა, მე მქვია ბრენდა შმიტცი, როდესაც ამ წერილს მიიღებთ, სიმსივნესთან ბრძოლაში უკვე დამარცხებული ვიქნები. სურვილი მაქვს დევიდისთვის, ჩვენი ბიჭებისთვის, დევიდის ახალი საყვარელი ქალისთვის და მისი ოჯახისთვის და შვილებისთვის (თუკი ჰყავს), მინდა იცოდნენ, რომ ყველანი ძალიან მიყვარს, მინდა, რომ ამ ტკივილით აღსავსე სამყაროში თავს დაცულად გრძნობდნენ”.

შემდეგ ბრენდამ სურვილები ჩამოთვალა. პირველი მის მეუღლეს ეხება – მან სთხოვა დევიდს, გაანებივროს მისი ცხოვრების ახალი თანამგზავრი. ”ვინც არ უნდა იყოთ, მე თქვენ მიყვარხართ”-მიმართავს ბრენდა უცნობ ქალს. შემდეგ სთხოვა ოჯახს, მოეწყოთ ”ზღაპრული მოგზაურობა”, რომლისგანაც მოგონებები სამუდამოდ დარჩებათ.

გარდა ამისა, ბრენდამ სთხოვა მოეწყოთ საშობაო წვეულება სამედიცინო ცენტრის პერსონალისთვის, სადაც მკურნალობას გადიოდა, მადლიერების ნიშნად ”იმისთვის, რასაც ისინი ყოველდღე აკეთებენ სიმსივნით დაავადებულთათვის”.

გადაცემა Christmas Wish 20 წელზე მეტია, ეთერში გადის, მაგრამ რადიოსადგურის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ”იმ ქვეყნიდან” წერილი არასოდეს მიუღიათ. ”ცრემლებს ვერ ვიკავებდით, ამ წერილმა შთაგვაგონა, ბრენდას ხსოვნის პატივსაცემად რაიმე ღირსეული გაგვეკეთებინა” – განაცხადა რადიოსადგურის მენეჯერმა სკოტ ალენმა.

როდესაც ეთერში ბრენდას წერილს კითხულობდნენ, სტუდიის ყველა დამსწრე ტიროდა. ქალის სურვილები კი, რომლებიც ფულად დანახარჯს ითხოვდა, სპონსორებმა დააფინანსეს.