პინგვინი ყოველ წელიწადს 8 ათას კილომეტრს მოცურავს თავის გადამრჩენელთან შესახვედრად - კვირის პალიტრა

პინგვინი ყოველ წელიწადს 8 ათას კილომეტრს მოცურავს თავის გადამრჩენელთან შესახვედრად

71 წლის პენსიონერი ქვისმთლელი ჟოაო პერეირა, რომელიც ამჟამად თევზჭერით ირჩენს თავს, უკვე მეხუთე წელია, ივნისის დადგომას ელოდება, მიდის რიო-დე-ჟანეიროს მახლობლად მდებარე სანაპიროზე, ჯდება ქვიშაზე და ელოდება, როდის გამოჩნდება მისი პინგვინი დინ-დიმი.

2011 წელს ჟოაომ სანაპიროზე შემთხვევით მომაკვდავი პინგვინი აღმოაჩინა, რომელიც მაზუთში იყო ამოთხვრილი. მოხუცმა პინგვინი შინ წაიყვანა, მოუარა და დინ-დიმი შეარქვა. მთელი კვირა დასჭირდა ბუმბულის ნავთობის ნარჩენებისგან გასაწმენდად. ჟოაო პინგვინს თევზს ყოველ დღე აჭმევდა ძალების მოსაკრებად. როდესაც დინ-დიმი გამოჯანმრთელდა, მოხუცს სხვა გზა არ დარჩა: უნდა გაეშვა ფრინველი თავისუფლებაზე და შეჩვეოდა აზრს, რომ მას ვერასოდეს ნახავს.

როგორი იყო მისი განცვიფრება, როდესაც რამდენიმე თვის შემდეგ დინ-დიმი კუნძულზე დაბრუნდა, იცნო თავისი გადამრჩენელი და გაჰყვა მას შინ. ახლა პინგვინი წელიწადში 8 თვეს ჟოაოსთან ატარებს, დანარჩენ დროს კი არგენტინისა და ჩილეს სანაპიროებზე. იმისთვის, რომ მოხუც ჟოაოს შეხვდეს, პინგვინი დინ-დიმი 8046 კილომეტრს მოცურავს.

თავად ჟოაო ყვება, რომ ძალიან უყვარს პინგვინი, მას როგორც საკუთარ შვილს, ისე ექცევა და სწამს, რომ ფრინველს ასევე უყვარს იგი.

დინ-დიმი ჟოაოს გარდა არავის იკარებს, თუკი ვინმე მიახლოებას ეცდება, ჰკორტნის და აგრესიულად იქცევა.

ბიოლოგი, რომელმაც ჟოაოსგან ინტერვიუ აიღო, ამბობს, რომ მსგავსი არაფერი უნახავს. როგორც სჩანს, პინგვინი მოხუცს ოჯახის წევრად მიჩნევს, შესაძლოა პინგვინადაც კი

როდესაც დინ-დიმი ჟოაოს ხედავს, კუდს ძაღლივით აქიცინებს და სიხარულის გამომხატველ ხმებს გამოსცემს.