ჰავანა – უკანასკნელი სამოთხე - კვირის პალიტრა

ჰავანა – უკანასკნელი სამოთხე

თავისუფლების კუნძულის დედაქალაქს და მის ისტორიულ ცენტრს სულ რაღაც 10 წელზე ნაკლები დარჩა 500-წლიან იუბილემდე. ესპანეთის კოლონიალური მმართველობის არქიტექტურას აქ ულტრათანამედროვე ცათამბჯენები ერწყმის. ქალაქი ძალიან კოლორიტულია: ჰავანის ცენტრის კოლონიალური პერიოდის ვიწრო ქუჩები – თავად ქვეყნისა და მისი დედაქალაქის ისტორიის განსახიერებაა. ძველი ცენტრის ისტორიული ნაგებობების კატალოგი 900-ზე მეტ ობიექტს მოიცავს. დღისით აქ ჭრელი შოუები ტარდება, ღამით კი – კაბარეების კარები იღება…

 

 

 

 

 

 

 

2

ჰავანის ღირსშესანიშნაობები ურიცხვი და მრავალფეროვანია. აქ გასართობს ნებისმიერი ბიუჯეტისა და გემოვნების მქონე სტუმარი იპოვის. ჰავანა საინტერესოა სიძველეებისა და ომის ისტორიის და უბრალოდ, სილამაზისა და მხიარულების მოყვარულთათვის.

 

ძველი ჰავანა

 

3

 

ჰავანის ისტორიული ცენტრი, ძველი ჰავანა, 1984 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი მთლიანად, თავისი ნაგებობებით, მოედნებითა და ისტორიული ძეგლებით. რაღა თქმა უნდა, დედაქალაქის ეს ნაწილი ყველაზე ცნობილი და პოპულარულია ტურისტებს შორის. ჰავანის იმ ადგილების დიდი ნაწილი, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ, სწორედ აქ არის განლაგებული.

 

5

 

უბნის ისტორია ქალაქის დაარსების მომენტიდან იწყება – 1519 წელს. მას შემდეგ აქ ბაროკოს სტილის უამრავი მდიდრული სასახლე და ნეოკლასიციზმის სტილის მოხდენილი საცხოვრებელი სახლები შენდებოდა.

ძველი ჰავანის ნაგებობის ტრადიციული სტილი გახლავთ პატიო შადრევნით ან სკულპტურით, აივნიანი მეზონინი და მოახლეების საცხოვრებელით პირველ სართულზე. გასულ წლებში ისტორიული ნაგებობების ორ მესამედზე მეტი დაინგრა. მიუხედავად ამისა, შენარჩუნებული ობიექტები საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ ჰავანას კუნძულოვანი ქვეყნების დედაქალაქებს შორის ყველაზე ლამაზის  წოდება მიეღო.

 

6

 

საერთოდ, კუბის დედაქალაქი პატარა არ არის, ძველი ჰავანა კი ევროპულ შუასაუკუნეების ქალაქებს არ ჰგავს, რომელთა შემოვლისთვის ნახევარი საათიც საკმარისია.

 

7

 

8

 

კლასიკური ტურისტული მარშრუტები აქ ერთი მოედნიდან მეორემდეა გადაჭიმული: იარაღის მოედანი, სან ფრანცისკოს მოედანი, ძველი და კათედრალური მოედნები…

 

9

 

10

 

მაგრამ, ხანდახან ღირს, გამოცდილი გზიდან გადაუხვიოთ: ჰავანის ისტორიულ ნაწილშიც კი, პოპულარული ადგილებიდან ორ ნაბიჯში, იხილავთ უბრალო კუბელების რეალურ ცხოვრებას: ღარიბ კვარტლებს ავარიული სახლებით და კოლორიტულ ადგილობრივების ყოფას.

 

11

 

12

 

ჰავანაში თანამედროვე ტაქსი მოძრაობს, მაგრამ რეტრო-შიკის შესაგრძნობად აუცილებლად უნდა გაისეირნოთ ძველ ავტოებზე: მაგალითად, 50-იანი წლების ”ვოლგაზე” ან ”ფორდზე”, თან განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ქალაქში საცობები არ არის.

 

ჰავანის კაპიტოლიუმი

 

13

 

ჰავანის კაპიტოლიუმი ძალიან ჰგავს მსოფლიოში ყველაზე ცნობილ კაპიტოლიუმს ვაშინგტონში. ჰავანის 1929 წელს ააგეს, მაგრამ კუბის პარლამენტი აქ მხოლოდ 30 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. მას შემდეგ ეს შთამბეჭდავი შენობა საკონფერენციო ცენტრად იქცა. ამჟამად აქ მეცნიერების სამინისტრო, ისტორიული მუზეუმი და ბიბლიოთეკაც არის განთავსებული.

 

 

14

 

შენობის ირგვლივ გრანიტის ლანდშაფტური ბაღებია გაშენებული, რისთვისაც ფრანგი სპეციალისტები  მიიწვიეს. ცენტრალურ შესასვლელში იტალიელი სკულპტორის, ზანეტის ნამუშევრებია განთავსებული. კაპიტოლიუმიდან ორ სასიამოვნო პატიოში გადიხარ, სადაც დაცემული ანგელოზის სკულპტურას იხილავთ. კაპიტოლიუმი 6-სართულიანია, ბოლო სართულიდან გუმბათის ნაწილზე ადიხარ…

 

ჰავანის კათედრალური ტაძარი

 

15

 

სიენაგას მოედანზე მდებარე წმინდა ქრისტეფორეს კათედრალური ტაძარი ბაროკოს კოლონიალური სტილის შესანიშნავი ნაგებობა – კუნძულის რომაულ-კათოლიკური 11 მოქმედი ეკლესიებიდან ყველაზე ლამაზია. ტაძრის აშენება 1748 წელს დაიწყო.

 

16

 

განსხვავებული იერსახის გამო ვარაუდობენ, რომ ის იეზუიტების ტაძრების მიხედვით შენდებოდა. 1767 წელს ესპანეთის მეფემ, კარლოს მესამემ განდევნა იეზუიტური ორდენი კარიბებიდან, ასე რომ, ტაძრის მშენებლობა მათი ჩარევის გარეშე დასრულდა 1777 წელს. ტაძარი კათოლიკურად 1789 წელს აკურთხეს და მას ჰავანის მფარველის სახელი ეწოდა.

 

პრადოს ბულვარი

 

20

 

პრადოს ბულვარი – ქალაქის მთავარი პროსპექტი ”ყველაზე ძველ” ჰავანასა და უბრალოდ ”ძველ” ნაწილს ჰყოფს. პრადოზე ქორწინების სასახლე ”პალასიო მარტიმონიოსი” (ყოფილი კაზინო), ლამაზი სასტუმრო ”სევილია”, ჰავანის კაპიტოლიუმი, ჰავანის დიდი თეატრი და ცენტრალური პარკი მდებარეობს.

 

18

 

მაგრამ პრადოს ნაკლებად ისტორიული ობიექტებიც არანაკლებ ლამაზი და საინტერესოა. აქ შეგიძლიათ დატკბეთ პარიზული, ვენური და მადრიდული სტილის ნაგებობებით, უამრავი კინოთეატრითა და თეატრით, კაფეებითა და საცეკვავო დარბაზებით. 50-იან წლებში პრადოს მდიდარი მცხოვრებლების უმეტესობა მირამარში, ვედადოსა და სიბონიში გადასახლდა, რევოლუციის შემდეგ უამრავი შენობა დაზიანდა და დღემდე ნახევრად დანგრეულ მდგომარეობაშია.

 

17

 

მეორეს მხრივ, ბოლო წლებში მათი აღდგენა დაიწყეს, 2000-იან წლებში დასრულდა სასტუმრო ”პარკ ცენტრალის” კომპლექსის მშენებლობა. პრადოს ამჟამინდელი იერსახე, მიუხედავად ყველაფრისა, მიმზიდველი და პოპულარულია.

 

19

 

აქ მუდამ ხალხმრავლობა და ხმაურია, დასვენების დღეებში ქუჩის მხატვრები ნახატებს ყიდიან, დღისით ახალგაზრდები სკეიტ ბორდებზე სეირნობენ, ღამით კი პროსპექტზე მსუბუქი ყოფაქცევის ქალები იყრიან თავს.

 

ერნესტ ჰემინგუეის სახლ-მუზეუმი

 

21

 

ჰემინგუეის სახლ-მუზეუმი –  პატარა სახლი გახლავთ, რომელიც ხეებით გარშემორტყმულ დიდ ბაღში მყუდროდ არის განლაგებული. ქალაქის ცენტრიდან მოშორებით მდებარე სახლს Finca la Vigia (სახლი ხედით) ჰქვია. მისგან მართლაც შესანიშნავი ხედი იშლება ზღვის სანაპიროზე.

 

23

 

თავისუფლების კუნძულზე ერნესტ ჰემინგუეიმ დაახლოებით 20 წელი იცხოვრა და აქაურობა თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე დატოვა. მწერალმა 1886 წელს ესპანელი არქიტექტორის მიერ აშენებული Finca la Vigia 1940 წელს შეიძინა.

 

24

 

სწორედ ამ სახლში დაიწერა ლეგენდარული ”მოხუცი და ზღვა”.

 

26

 

22

 

სახლ-მუზეუმი 1962 წელს გაიხსნა, ჰემინგუეის სიკვდილის 1 წლის თავზე, როდესაც კუბის მთავრობამ ასეა თუ ისე, მოახერხა სახლის მითვისება. ოფიციალური ვერსია იუწყებოდა, რომ მწერლის ცოლმა, მერიმ, ნებაყოფილობით გადასცა სახლი კუბის მთავრობას.

 

27

 

ჰავანის უამრავი ტურისტული სააგენტო ”ჰემინგუეის ადგილებში” ექსკურსიას გვთავაზობს, სადაც არამხოლოდ სახლის დათვალიერება, არამედ, მეთევზეების სოფლის – კოხიმარისა და სასტუმრო ”ამბოს მუნდოსის” ვიზიტი შედის, სადაც მწერალი სახლის შეძენამდე ცხოვრობდა. ასევე, ჰემინგუეის ერთ-ერთი საყვარელი ბარ-რესტორნის, ”ბოდეგიტა დელ მედიოს” ესტუმრებით, საიდანაც პოპულარული კოქტეილის, მოხიტოს პოპულარიზაცია დაიწყო. სხვათა შორის, სწორედ სასტუმროს 511-ე ნომერში დაიწერა ”ვისთვისაც ზარი რეკავს”, რომლის გაყიდვებიდან მოგებული თანხითაც შეიძინა მამა ჰემიმ  Finca la Vigia.

 

25

 

კუნძულზე მწერალს დღემდე აღმერთებენ და მას კუბელს უწოდებენ. მარიელ ჰემინგუეიმ, ერნესტის შვილიშვილმა, კუბაზე ყოფნის დროს წარმოთქვა: ”კუბას სამი სათაყვანო ხატი ჰყავს: ჩე, ფიდელი და ბაბუაჩემი”.

 

ჰავანის ეროვნული ბოტანიკური ბაღი

 

29

 

ჰავანის ცენტრიდან სულ რაღაც 10 კილომეტრში მდებარეობს ღირსშესანიშნაობა, რომლის გარეშეც კუბის ტურისტული მარშრუტი წარმოუდგენელია. ეს გახლავთ ლათინური ამერიკის ერთ-ერთი უმსხვილესი ხელოვნური პარკი – ეროვნული ბოტანიკური ბაღი (Jardin Botanico Nacional), რომელიც ნებისმიერს აოცებს და აღაფრთოვენებს, და რომელსაც არამხოლოდ ტურისტები, არამედ, ადგილობრივებიც სიამოვნებით სტუმრობენ.

 

 

28

 

აქ ლათინური ამერიკის, აფრიკისა და აზიის უმდიდრესი ფლორის გაცნობის გარდა, შესანიშნავი დასვენების საშუალება გეძლევათ. ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი გახლავთ იაპონური ბაღი, რომელიც აქ 1989 წელს გააშენეს, იგი აზიური თემის საჩუქარია.

 

30

 

სხვათა შორის, მეცნიერი-ბოტანიკოსებიც ხშირად სტუმრობენ აქაურობას, რადგან 600 ჰექტარზე გადაჭიმულ ტერიტორიაზე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი იშვიათი მცენარეები ხარობს, რომლებიც მკვლევარების დაკვირვების ღირსეული ობიექტები გახლავთ.

 

კუბური სამზარეულო

 

33

 

კუბის ეროვნული სამზარეულო ესპანური, კრეოლური, აფრიკული და ჩინური სამზარეულოების ნაზავია.

 

32

 

ამ მზიან და მხიარულ ქვეყანაში ყველაზე მგზნებარე ცეკვებია, სულში ჩამწვდომი სიმღერები, შესანიშნავი რომი, უმაღლესი ხარისხის არომატული სიგარები…

 

31

 

და, რა თქმა უნდა, უდარდელი ცხოვრება გემრიელი კერძების გარეშე წარმოუდგენელია. შესაძლოა, კუბის სამზარეულო ისეთი ნატიფი არ იყოს, როგორც ფრანგული ან იტალიური, მაგრამ აქ ისეთ განუმეორებელ კერძებს დააგემოვნებთ, რომლებიც არცერთ სხვა ქვეყანაში არ შეგხვდებათ.

 

34

 

კუბური კერძების მთავარი პოსტულატებია – უბრალოდ, სწრაფად და გემრიელად. უნდა აღინიშნოს, რომ ნამდვილი კუბური სამზარეულოს გასაცნობად ადგილობრივ რესტორნებს არ უნდა ეწვიოთ.

 

35

 

იპოვეთ პატარა კაფეები ”პალადარესი” ან ”კასა” – საოჯახო ტიპის კვების ობიექტები, სანაც კუბური სამზარეულოს სავიზიტო ბარათს –  ახიაკო კრიოლოს (სქელი კუბური სუპი ხორცით, სიმინდით, ლიმონით, ბანანით, გოგრითა და სოუსით) ”ლა კალდოსას”, ”კონგრის”, ”პიკადილიო ა ლა აბანერასა” და უამრავ სხვა კერძს შემოგთავაზებენ.

 

36

 

კუბური კერძების ჩამონათვალი უზარმაზარია, ყველა მათგანის დასაგემოვნებლად, ცაკლე გასტრონომიული ტურის დაგეგმვა მოგიწევთ.

 

ჰავანის პლაჟები

 

37

 

ჰავანის მახლობლად ”აღმოსავლეთის პლაჟების” ე.წ. ჯაჭვია განლაგებული, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

 

38

კუბელების ყველაზე საყვარელი პლაჟი გახლავთ – ბაკურანაო, სადაც ტურისტებს ფაქტობრივად ვერ შეხვდებით, გარდა დაივერებისა, რადგან პლაჟის მახლობლად 14 მეტრის სიღრმეში ჩაძირული გემი ”განისვენებს”. ტარარას პლაჟზე დაივინგ-ცენტრია გახსნილი.

 

39

პლაჟი ელ-მეგანო წყნარი და მშვიდი დასვენებისთვის არის განკუთვნილი. მის სანაპიროზე შესანიშნავად ამზადებენ ზღვის პროდუქტების კერძებს, ჟღერს ცოცხალი მუსიკა, დამსვენებლების რაოდენობა კი ძალიან მცირეა.

 

40

პლაჟი სანტა მარია დელ მარი კი პირიქით – ჰავანის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ადგილია, უამრავი კლუბით, ბარებითა თუ რესტორნებით.