პრიორიტეტი ბევრნაირია, ქვეყანა - დიდი - კვირის პალიტრა

პრიორიტეტი ბევრნაირია, ქვეყანა - დიდი

22 წლის წინ ქართველი საზოგადოების დაჟინებული მოთხოვნით ენგურზე მშენებარე ხუდონჰესის მშენებლობა შეწყდა. მაშინ საზოგადოება და სპეციალისტთა უმეტესობა თვლიდა, რომ ენგურზე საქართველოს მასშტაბით სიდიდით მეორე ჰესის აგება დამღუპველად იმოქმედებდა სვანეთის ბუნებრივ ინფრასტრუქტურაზე. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. როგორც ჩანს, ომებმა და უკიდურესმა გაჭირვებამ მოსახლეობა უფრო პრაგმატული გახადა, ამიტომ 1999 წელს ხუდონჰესის თემის "გაცოცხლებას" საზოგადოებაში ვნებათაღელვა აღარ გამოუწვევია. მაშინ ედუარდ შევარდნაძეს ეახლნენ ფინანსური კორპორაცია "ფის-ჯგუფის" წარმომადგენლები, რომლებიც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ოთარ ფაცაციამ "გამოჩხრიკა" სადღაც. კორპორაციის წარმომადგენლები სამშენებლო სამუშაოებში 500 მილიონი დოლარის ჩადებას ვარაუდობდნენ. როგორც ცნობილია, პროექტი ჩაიშალა და 2005 წლამდე აღარავის უხსენებია. 6 წლის წინ კი უკვე რევოლუციურმა ხელისუფლებამ კვლავ წამოწია თემა და ახალგაზრდული ენერგიითა და ჩვეული მასშტაბურობით შეუდგა მის განხორციელებას. გამოცხადდა, რომ დაგეგმილია ჰესის მშენებლობის განახლება და სამუშაოებს ინდური კომპანია "კონტინენტალ ენერჯი" დააფინანსებს, რომელიც პროექტში მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციას ჩადებს. ხელშეკრულება კი მის შვილობილ ქართულ-ინდურ კომპანია "ტრანს-ელექტრიკთან" გაფორმდა (ამ ორ კომპანიას შორის როგორც "სისხლისმიერი", ისე სხვა ნებისმიერი კავშირების შესახებ ინფორმაციის მოპოვება ძალზე რთული გამოდგა).

მოსამზადებელი სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და მომავალი წლისთვის მშენებლობაც დაიწყება. მიმდინარე წლის აპრილში მშენებლობის განახლებაზე განცხადება მთავრობის სხდომაზე გაკეთდა, რამდენიმე კვირის წინ კი ჩვენი სამთავრობო დელეგაცია ინდოეთშიც იმყოფებოდა დეტალების დასაზუსტებლად. მაგრამ საზოგადოებაში და, განსაკუთრებით - სპეციალისტთა წრეებში, კვლავ გაისმა პროტესტის ხმა ხუდონჰესის მშენებლობის გამო:

"ვაპირებთ მესტიაში კურორტულ-სარეკრიაციო ზონის განვითარებას? თუ ვაპირებთ, წყლის სარკის გაფართოებისას მომატებული ტენიანობის შედეგად მესტიაში გვექნება სველი თოვლი, რომელზეც სრიალი არათუ რეკომენდებული, არამედ აკრძალულია. ამის კარგი მაგალითია შაორი, რომელმაც საგრძნობლად გაზარდა ტენიანობა რაჭაში. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეს სასაზღვრო ზონაა და ქვეყნის ერთ-ერთი კარიბჭე. ასევე ახლოა კონფლიქტურ ზონებთან", – აცხადებს "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები"  საქართველოს თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივის წარმომადგენელს მანანა ქოჩლაძეს კი მიაჩნია, რომ ხუდონჰესის მშენებლობის განახლებით გიგანტომანიის საბჭოურ ინერციასთან გვაქვს საქმე: "1989 წელს ხუდონჰესის მშენებლობა შეწყდა. ამის მიზეზი ქართველი საზოგადოებისა და ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის გარდა, ისიც იყო, რომ საბჭოთა კავშირი იშლებოდა და ჰესის მშენებლობის დაფინანსებაც შეწყდა. მით უმეტეს, ხუდონჰესი არ ყოფილა იმაზე გათვლილი, რომ საქართველოს ენერგეტიკულ სისტემას მომსახურებოდა. მას რუსეთში პიკური დატვირთვები უნდა შეემცირებინა. ყველაზე მნიშვნელოვანი და მძიმე არის ის, რომ ვერ გამოვსულვართ საბჭოთა მენტალობიდან და ამ გიგანტომანიიდან, რომლითაც საბჭოთა კავშირი იყო დაკავებული. ხუდონი იყო საბჭოთა პროექტი და 21-ე საუკუნეში ვიყენებთ იმავე პროექტს, მაშინ, როდესაც მიზანშეწონილია უფრო ეფექტური და ეკოლოგიურად შედარებით უსაფრთხო მცირე ჰესების აშენება, რისი საშუალებაც საქართველოში მდინარეთა რაოდენობის გათვალისწინებით ნამდვილად გვაქვს. ამასთან, მსოფლიოში დიდ ჰესებს უკვე აღარავინ აშენებს."

ესენი არასამთავრობოები არიან და იქნებ აჭარბებენ. მაგრამ ასევე არსებობს ენერგეტიკის სამინისტროსა და შვეიცარიული კომპანია "ბლრ-ის" მიერ 2008 წელს ერთობლივად გაკეთებული ხუდონჰესის გარემოზე ზემოქმედების შეფასების მოკლე ანგარიში, სადაც ვკითხულობთ: "პროექტის განხორციელება, სავარაუდოდ, ზეგავლენას იქონიებს ადგილობრივ კლიმატზე. დაიწყება წყალსაცავის თავზე ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება. კაშხლის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეების გაჩეხა დიდი წვიმების შემთხვევაში გაზრდის მეწყრიანობის რისკს, ხოლო ზამთრობით - ზვავსაშიშროებას. მშენებლობის ადგილებსა და მიმდებარე მიდამოებში არსებული მცენარეული საფარი განადგურდება. ამას თან მოჰყვება ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი საცხოვრებელი გარემოსა და ბიომრავალფეროვნების მოშლა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაცული მცენარეული სახეობებისა და ველური ბუნების განადგურება. ხაიშისა და სხვა სოფლებისა და დასახლებების მოსახლეობის ნაწილი (პირდაპირი ზემოქმედება ვრცელდება 450-მდე კომლზე) მთლიანად დაკარგავს მიწას და უძრავ ქონებას. კულტურულად მნიშვნელოვანი ადგილების მოშლა უარყოფითად იმოქმედებს მოსახლეობის ადგილ-მამულის, ისტორიის, კულტურის, მოგონებების აღქმაზე, თვითმყოფადობაზე. რეგიონში რამდენიმე არქეოლოგიური ძეგლია. ხალხისთვის ასევე მნიშვნელოვანია ისეთი ადგილები, როგორებიცაა ეკლესიები და სასაფლაოები".

გარდა ამისა, არსებული კანონმდებლობით ინვესტორმა გარემოზე ზემოქმედება უნდა შეისწავლოს და წარმოადგინოს დასკვნა, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი მშენებლობის შედეგად გარემოზე ზემოქმედების მასშტაბები. დღემდე ინვესტორს მსგავსი დოკუმენტი არ წარმოუდგენია. მხოლოდ ენერგეტიკის მინისტრის განცხადება მოვისმინეთ, რომ აშენდება სადგური, რომელიც 650 მეგავატ ენერგიას გამოიმუშავებს. ეს არის 20% იმ ენერგიისა, რომელსაც საქართველო დღეს მოიხმარს. საერთოდ კი ქვეყნის მასშტაბით ამჟამად ენერგორესურსების მხოლოდ 18%-ს ვიყენებთ. ასეთი დაბალი მაჩვენებელი არც ერთ განვითარებულ ქვეყანას არა აქვს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი კი აცხადებს: "ხუდონჰესის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკურმა შესწავლამ დაადასტურა, რომ ხუდონჰესის მშენებლობა არის მომგებიანი. საკმაოდ რთული იქნება მისი განხორციელება, მიუხედავად ამისა, მისი აშენება ტექნიკურად შესაძლებელია და ეკონომიკურადაც მისაღები".

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საკითხი გადაწყვეტილია. ეს მაშინ, როდესაც ინვესტორს ნებართვისათვის საჭირო გარემოზე ზემოქმედების დასკვნა არ წარმოუდგენია. თუმცა, გინდ წარმოადგინე, გინდ – არა. გადაწყვეტილებას მაინც ის იღებს, ვისთვისაც ამ პროექტში მხოლოდ ორი პრიორიტეტი არსებობს, - ტექნიკურად შესაძლებელი, ეკონომიკურად მომგებიანი. სხვათა შორის, ჯერ არც ის უთქვამს არავის, მშენებლობის ტექნიკურ უზრუნველყოფაზე მხოლოდ რამდენიმე ათეული "ლაფათკიანი" ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება თუ ქართველი სპეციალისტებიც იმუშავებენ, არც ის – ფინანსურად ვისთვის იქნება მომგებიანი (ამბობენ, ქვეყნისთვისო, მაგრამ "ქვეყანა დიდია").

დავით შალიკაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)