დასაქმებულების 17% დღეში 1 დოლარად ცხოვრობს - კვირის პალიტრა

დასაქმებულების 17% დღეში 1 დოლარად ცხოვრობს

”დამალული” უმუშევრობა

რამდენიც უნდა ვიძახოთ, რომ საერთაშორისო რეიტინგებით #1 რეფორმატორი ქვეყანა ვართ, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი უკიდურეს სიდუხჭირეში ცხოვრობს და უკვე წლებია, უშედეგოდ ეძებს სამსახურს. დასაქმების პრობლემა, მოგვარების ნაცვლად, ყოველწლიურად მწვავდება და სულ უფრო მეტი ადამიანი იძულებული ხდება თავი თვითდასაქმებით ირჩინოს. სწორედ თვითდასაქმების მაღალი მაჩვენებელი აძლევს ხელს სტატისტიკოსებს, რომ უმუშევრობის დონე ქვეყანაში სულ რაღაც 16-17%-ის ფარგლებში გამოსახონ, რეალურად კი ვითარება ბევრად მძიმეა.

ნინო ევგენიძე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროექტების დირექტორი:

- ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 16161 გამოკითხულისგან რესპონდენტების 67% თავს უმუშევრად მიიჩნევს. რა თქმა უნდა, ეს მონაცემი არააქტიურ მუშახელსაც მოიცავს და ისეთ ადამიანებსაც, რომლებიც სამუშაოს არ ეძებენ. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ კიდევ ერთხელ ცხადყო დასაქმების მნიშვნელობა ქართველი საზოგადოებისათვის. 2011 წლის სექტემბერში გამოვლენილი შედეგის მიხედვით, მოსახლეობის 62%-ს „სამუშაო“ ქვეყნის ნომერ პირველ პრობლემად მიაჩნია, ხოლო 72%-ს ნომერ პირველ ადგილობრივ პრობლემად. უმუშევრობაზე საუბრისას კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ეკონომისტები ყურადღებას აქცევენ, შრომისუნარიან უმუშევართა განათლების დონეა. 2010 წლის ადამიანური განვითარების ანგარიშის თანახმად, საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა სამუშაო ძალის განათლების დონის მიხედვით. უმუშევართა 81%-ს საშუალო ან უმაღლესი განათლება აქვს მიღებული. ეს ნიშნავს იმას, რომ განათლებული სამუშაო ძალა გამოუყენებელია და მას ქვეყნის ეკონომიკაში წვლილი ვერ შეაქვს. ამავე დროს, მსოფლიო კონკურენტულობის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში ბიზნესის კეთების მთავარი ხელის შემშლელი არაადეკვატური განათლების მქონე სამუშაო ძალაა. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების უმეტესობა ე.წ. „სტრუქტურულ უმუშევრობას“ განიცდის. ამ ტიპის უმუშევრობა გრძელვადიანი უმუშევრობაა, რაც ძირითადად გამოწვეულია მუშახელის უნარ-ჩვევების შეუსაბამობით ბაზარზე არსებულ სამუშაოსთან.

 კიდევ ერთი უმუშევრობის ტიპი, რომელიც საინტერესოდ მიგვაჩნია საქართველოს რეალობაში, ”ციკლური უმუშევრობაა”. ამ ტიპის უმუშევრობა მოკლევადიანია და ეკონომიკური რეცესიის დროს ჩნდება, როდესაც ეკონომიკური პროდუქცია მცირდება და წარმოების ციკლზე ბაზარზე მოთხოვნის კლება მოქმედებს. უმუშევრობის ტიპის განსაზღვრისას უმუშევრობის მაჩვენებელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას დავუკავშირეთ. საზოგადოდ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოს მთელი ინვესტიციების უდიდეს ნაწილს შეადგენს, ვინაიდან ადგილობრივი დანაზოგები არ არის საკმარისი ფინანსური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. მნიშვნელოვანია, რომ სტატისტიკურმა ანალიზმა ცხადყო, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში დასაქმებაზე არ მოქმედებს იმ მაქსიმალური მასშტაბით, რა მასშტაბითაც შეუძლია იქონიოს გავლენა. მიგვაჩნია, რომ ამის მიზეზი ისევ და ისევ ”სტრუქტურული უმუშევრობაა”. ამით შეიძლება ასევე აიხსნას ისიც, რომ 2007 წელს, ანუ მშპ-ის ზრდის ყველაზე მაღალი, 12%-იანი მაჩვენებლის პირობებში, უმუშევრობის დონე მაინც საკმაოდ მაღალი - 13% იყო.

- რეალურად უმუშევრობის დონე ქვეყანაში გაცილებით მაღალია, ვიდრე სტატისტიკა გვთავაზობს.

- საქართველოში, დასაქმებულებად რეგისტრირებულთა უმეტესობა თვითდასაქმებულია. ეს კატეგორია ძირითადად კონცენტრირებულია სოფლის მეურნეობაში, ხოლო ამ სექტორში პროდუქტიულობის დონე საკმაოდ დაბალია. როგორც პირველად წარმოებაში, ასევე კვების პროდუქტების გადამუშავებაში, სოფლის მეურნეობის წილი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 9%-ს შეადგენს. საკამათო ნამდვილად არ არის ის, რომ მშპ-ში იმ სექტორის წილი, რომელშიც დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 50%-ია ჩართული, 9%-ზე მეტი უნდა იყოს. ამ მოსაზრებას უფრო ამყარებს ის, რომ სოფლად უმუშევრობის დონე 7.9%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც ქალაქებში უმუშევრობა 27.2%-ს აღწევს. გარდა ამისა, სოფლად მთლიანად დასაქმებულთა 80% თვითდასაქმებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი სოფლის მეურნების სექტორში არიან ჩართული.

 სტატისტიკა ადასტურებს, რომ ერთადერთი კატეგორია, რომელიც სტაბილურ ზრდას აჩვენებს, თვითდასაქმებულთა კატეგორიაა, ხოლო „დაქირავებით“ მომუშავე დასაქმებულთა რაოდენობა მცირდება. თვითდასაქმებული მოსახლეობა ძირითადად რეგიონებშია კონცენტრირებული. ამის მიზეზი სასოფლო-სამეურნეო მიწებია. ამაში შედიან ის ადამიანები, რომლებიც ნებაყოფლობით ამუშავებენ თავიანთი ოჯახის მიწას. ამის შედეგია ის მონაცემები, რომლის მიხედვითაც უმუშევრობის დონე რეგიონებში გაცილებით დაბალია, ვიდრე თბილისში. რატომ? იმიტომ, რომ პოტენციური სამუშაო ძალა ვერ ჩაითვლება სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულად. ამიტომ თბილისში უმუშევრობის დონე მაღალია - 30.1%.

- თვითდასაქმებულების შემოსავალი ხშირად ძალიან მწირია და არსებობისთვის არასაკმარისი.

 - მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დასაქმებულთა დათვლა, არამედ იმ ადამიანებისაც, რომელთა ხელფასიც საშუალო მინიმუმზე დაბალია. დასაქმებულთა 17.4% დღეში 1,25 აშშ დოლარზე ნაკლებ თანხაზე ცხოვრობს. განვითარებულ ქვეყნებში შესაბამისი პროცენტული მაჩვენებელი ნულის ტოლია, ხოლო პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ისევე, როგორც სხვა განვითარებულ და ნაკლებგანვითარებულ ქვეყნებში, ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა. თუმცა, ზოგ პოსტსაბჭოთა ქვეყანასთან შედარებით, საქართველოს მაჩვენებელი უფრო დაბალია.

 (სპეციალურად საიტისთვის)