ფულადი გზავნილები მილიონი ქართველისგან - კვირის პალიტრა

ფულადი გზავნილები მილიონი ქართველისგან

"4 მილიარდი დოლარით მეტს მოვიხმართ, ვიდრე ვაწარმოებთ"

ფულადი გზავნილების მოცულობა საქართველოში მშპ-ს 6%-ს შეადგენს და ქვეყანაში შემომავალ გრანტებს და ინვესტიციებს თითქმის 2,5-ჯერ აღემატება.

„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა“ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ საერთაშორისო ფულადი გზავნილები საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საერთაშორისო ფულადი გზავნილები ის პირადი თანხებია, რომლებსაც მიგრანტები სამშობლოში დარჩენილ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უგზავნიან. გლობალური სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით ასეთი სულ 215 მილიონი კაცია. 2008 წელს მიგრანტების ფულადმა გზავნილებმა ყველა განვითარებადი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2% და დაბალშემოსავლიანი ქვეყნის მშპ-ის 6% შეადგინა. "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" ანგარიშის თანახმად, საქართველო სწორედ 6%-იან ზღვარზეა. 2011 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში შემოსულმა ფულადმა გზავნილებმა 812,6 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია და გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 19.6%-ით გადააჭარბა. ანგარიშში ნათქვამია, რომ უხეში გათვლებით მოსახლეობის 9% ფულადი გზავნილების მიმღებია, ხოლო ფინანსური ინსტიტუტების წმინდა შემოსავლის 20% ფულადი გზავნილების მომსახურების გადასახადებზე მოდის...

ანგარიშის თანახმად, ამჟამად საქართველოში ყველა ფულადი გზავნილის 65% რუსეთიდან შემოდის. ამ თვალსაზრისით მეორე ადგილზე საბერძნეთია, მესამეზე კი იტალია. მსოფლიო ბანკის ვარაუდით, საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველთა რაოდენობა მილიონს აჭარბებს.

"გლობალური ფინანსური კრიზისის შედეგად განვითარებად ქვეყნებში ფულადი გზავნილების მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა. 2009 წლიდან მათი მცირედი კლება საქართველოშიც შეინიშნებოდა; თუმცა, ეს დროებითი მოვლენა აღმოჩნდა და ფულადი გზავნილების მოცულობა ახლა კვლავ იზრდება. ევროზონის მიმდინარე კრიზისის გათვალისწინებით, მოსალოდნელია ფულადი გზავნილების შემცირება იმ განვითარებად ქვეყნებში, რომელთა მოქალაქეებიც კრიზისში მყოფ ევროპულ ქვეყნებში ცხოვრობენ. ამის საფრთხე საქართველოსაც ემუქრება, რომელიც ფულადი გზავნილების მნიშვნელოვან ნაწილს საბერძნეთიდან და იტალიიდან იღებს. 2011 წლის მესამე კვარტალის მონაცემები ჯერ ამ ტენდენციას არ აჩვენებს. მცირედი კლება აღინიშნება ფულად გზავნილებში ესპანეთიდან, თურქეთიდან, უკრაინასა და რუსეთის ფედერაციიდან. თუმცა, მეოთხე კვარტალში სეზონური დღესასწაულების დადგომასთან ერთად მონაცემები შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს, ანუ ზრდა არის მოსალოდნელი.

ფულად გზავნილებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს შინამეურნეობათა მოხმარების სტაბილურობაში. ისინი საქართველოში სამუშაოს უქონელი ოჯახების სოციალური უზრუნველყოფისა და შემოსავლის წყაროა. თუმცა, მეორე მხრივ, საქართველო პატარა ქვეყანაა, საიდანაც მიგრანტთა დიდი ნაკადი გაედინება და ამავდროულად, უცხოური ვალუტის მსხვილი ნაკადები შემოედინება. არაოფიციალური ფულადი გზავნილების მოცულობა დიდია და მთლიანი ფულადი გზავნილების დაახლოებით 40%-ს შეადგენს",- ნათქვამია ანგარიშში.

ნოდარ ხადური (ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი): "ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა ჯერჯერობით არ არის იმ დონეზე, რომ საკუთარი მოხმარება სრულად უზრუნველყოს ადგილობრივმა შემოსავლებმა. მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურასა და ექსპორტ-იმპორტის ბალანსს თუ გადახედავთ, შენიშნავთ, რომ დაახლოებით 4 მილიარდი დოლარით მეტს მოვიხმართ, ვიდრე ვაწარმოებთ. შესაბამისად, ეს თანხები რაღაცით უნდა დაბალანსდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შევძლებთ მოხმარების ზრდას იმ დონემდეც კი, რა დონეზეც ახლა ვართ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენთან მოხმარების დონეც საკმაოდ დაბალია და ადამიანი წელიწადში საშუალოდ 2700 დოლარს მოიხმარს, მაშინ როცა ევროპაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 40000 დოლარია. შესაბამისად, ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს იმ შემოსავლებს, რომელსაც საქართველო უცხოეთში დასაქმებული თავისი მოქალაქეებისგან იღებს. როგორც ჩანს, დღემდე ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი ჩვენი თანამემამულე რჩება, რუსეთია, ამიტომ არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ რუსეთი ერთ-ერთი დონორი ქვეყანაა ფულადი გზავნილების თვალსაზრისით. მეორე ადგილზე საბერძნეთია, მესამეზე კი იტალია. ეს ის ქვეყნებია, სადაც ამჟამად მაღალია ეკონომიკური რისკი. კრიზისი ასეთ ქვეყნებში უპირველეს ყოვლისა აისახება იქ არალეგალურად მყოფი ადამიანების შემოსავლებზე ან არაკვალიფიციური შრომით დასაქმებულებზე. საქართველოდან წასული შრომითი მიგრანტების დიდი ნაწილი კი სწორედ ასეთ სამსახურშია დასაქმებული. შესაბამისად, რისკი იმისა, რომ შესაძლოა საქართველოში ამგვარი შემოსავლები შემცირდეს, ძალიან მაღალია.

ოფიციალურადაც კი, საქართველოში უმუშევრობის დონე ძალიან მაღალია და შრომისუნარიანი მოსახლეობის 16%-ს შეადგენს. ამავე დროს დაახლოებით მილიონი ადამიანი საქართველოში თვითდასაქმებულია და მიუხედავად ამისა, მათი დიდი ნაწილი თავს უმუშევრად მიიჩნევს. დაახლოებით ამდენივე ქვეყნიდან სამსახურის, დასაქმების საძიებლად არის გასული და მათი რაოდენობაც აკლდება უმუშევრობის საერთო მაჩვენებელს. წარმოიდგინეთ, ყველა ეს ადამიანი უმუშევრობის მაჩვენებელში რომ ასახულიყო, რამდენად შთამბეჭდავ მონაცემს მივიღებდით.

თუმცა ჩვენ ერთადერთი გამონაკლისი არა ვართ, ვინც დიდწილად უცხოეთიდან ფულადი გზავნილების ხარჯზე ცხოვრობს. ძალიან ბევრი ქვეყანაა, მათ შორის ჩვენი მეზობლებიც, ვინც მოხმარების მნიშვნელოვან წილს უცხოეთში დასაქმებული ადამიანებისგან მიღებული ფულადი გზავნილებით უზრუნველყოფს. რა თქმა უნდა, კარგია, როცა შენი ქვეყანა ისეა განვითარებული, რომ იქით ხდება დონორი, მაგალითად, გერმანიის მსგავსად, რომელსაც შემოსავლის მიღების მიზნით ყველა ესწრაფვის. სამწუხაროდ, ჯერჯერობით იმ ქვეყანათა რიგში ყოფნა მოგვიწევს, რომლის მოქალაქეებიც სამუშაოს და შემოსავლის წყაროს უცხოეთში ეძებენ".

(სპეციალურად საიტისთვის)