86368 კაცი ვალის ორმოში - კვირის პალიტრა

86368 კაცი ვალის ორმოში

მოვალეთა რეესტრის სია იზრდება. ამ ეტაპზე აღსრულების ეროვნული ბიუროს მოვალეთა რეესტრში 68368 კაცი იძებნება. მხოლოდ ბოლო ორი თვის განმავლობაში ეს მონაცემი 7 ათასი ჩანაწერით გაიზარდა. ამის პარალელურად იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტში აღსრულების ეროვნული ბიუროს შენატანებიც. 2011 წელს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ბიუჯეტში 110 მილიონი ლარი გადარიცხა, მაშინ, როცა 2008 წელს ეს მაჩვენებელი 10 მილიონს შეადგენდა, 2009-ში - 19 მილიონს, ხოლო 2010-ში 83 მილიონს გადააჭარბა.

 

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ საქართველოში ვითარებას ისიც ართულებს, რომ იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ძალიან მაღალია. ევროპასა და ამერიკაში იპოთეკური სესხით სარგებლობა 3-7%-იანი განაკვეთით არის შესაძლებელი, მაშინ, როცა საქართველოში ბანკების მიერ დადგენილი საპროცენტო სარგებელი მინიმუმ 13%-ია. ამიტომ მოქალაქეების ისედაც დაბალი შემოსავლის უდიდესი ნაწილი სესხის უზრუნველყოფაზე იხარჯება, როცა ისიც აღარ კმარა, მოვალეთა რეესტრში ახალ-ახალი ჩანაწერები ჩნდება.

ირაკლი ლექვინაძე, "ჯორჯიან ბიზნეს კონსალტინგის" ექსპერტი:

- ომის შემდეგ მოვალეთა რეესტრში აღრიცხულ მოქალაქეთა შემცირების ტენდეცნია აღინიშნებოდა, მაგრამ 2012 წლიდან ისევ იზრდება მათი რაოდენობა. ეს ნიშნავს, რომ უამრავი ადამიანი კვლავ დგას იმ პრობლემის წინაშე, რაც კრიზისის პიკზე დაუდგათ, - გადახდისუუნარო გახდნენ იმ ვალდებულებების მიმართ, რომელიც ძირითადად საფინანსო ინსტიტუტებთან აქვთ.

ბოლო დროს უძრავი ქონების გაზრდილი ტრანზაქციების მაჩვენებელში დიდი წილი ვალში ჩადებული ქონების სხვა პირზე გადაფორმებას უჭირავს. ანუ, რეალურად ქონებას კი არ ყიდდნენ, არამედ თავისი აქტივების გადაფორმებას ახდენდნენ სხვაზე, რადგან არალიკვიდურები იყვნენ. მთლიანობაში ეს საყურადღებო ტენდენციაა და შესაბამისმა უწყებებმა უნდა მიაქციონ ყურადღება, რატომ იზრდება მოვალეთა რეესტრი. გადახდისუუნარობის პრობლემა საზოგადოდ ჩვენს ეკონომიკაში დგას, რაც განაპირობებს იმას, რომ ბევრი ადამიანი ცხოვრობს ვალით, დანაზოგის გარეშე. საბოლოოდ, ვალდებულებების შეუსრულებლობა, სამსახურის დაკარგვა თუ შემოსავლის წყაროების შემცირება განაპირობებს იმას, რაზეც მოვალეთა მრავალრიცხოვანი ჩანაწერი მეტყველებს.

- მაშინ, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი ვალში იხრჩობა, ხომ არ უნდა იყოს ეს საყურადღებო გზავნილი შესაბამისი უწყებებისთვის, რომ ბანკებს საპროცენტო განაკვეთების შემცირებისკენ მოუწოდონ, ან მოხდეს ამ ვალების რესტრუქტურიზაცია გონივრულ ფარგლებში, ისე, რომ მისაღები იყოს არა მხოლოდ თავად ფინანსური ინსტიტუტისთვის, არამედ ვალში მყოფ ადამიანს რეალური შვება მისცეს?

- ვალების ძირითადი პორტფელი იპოთეკურ და სამომხმარებლო სესხებზე მოდის. ერთხელ უკვე მისცა ეროვნულმა ბანკმა საშუალება კომერციულ ბანკებს უხარისხო აქტივები ჩამოეწერათ და ამან მნიშვნელოვნად შეამცირა არალიკვიდურობის მაღალი მაჩვენებელი. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთის შემცირებას, სახელმწიფოს როლს ამაში ნაკლებად ვხედავ, რადგან ამას ბაზარი არეგულირებს. თუ ფულზე მოთხოვნა მაღალი იქნება, ამაში ხელოვნურად ვერ ჩაერევი. ფაქტია, რომ ბანკებს შეუძლიათYდაბალ პროცენტად მოიზიდონ სესხი უცხოური საფინანსო ინსტიტუტებიდან და მარჟა საკმაოდ მაღალია, რითიც ეს სესხი მომხმარებლამდე მიდის. მაგალითად ევროპაში 10-წლიანი იპოთეკური სესხის პირობებში, 100 ათასი დოლარი რომ ისესხო ბანკისგან, 10 წლის შემდეგ კლიენტს საშუალოდ უწევს ზედმეტი 30-36 ათასის გადახდა. საქართველოს შემთხვევაში კი ზედმეტად დაახლოებით 120 ათასი უნდა გადაიხადო. ანუ, საქართველოში არსებულ ბანკებში 100.000 დოლარის მოცულობის სესხი რომ აიღო, ათი წლის შემდეგ ბანკს 220 ათასი უნდა დაუბრუნო.

საყურადღებო სეგმენტია ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რადგან ისინიც ძალიან მარტივად გასცემენ სესხებს და, ფაქტობრივად, მათ, ვისაც ბანკები ეუბნებიან სესხის გაცემაზე უარს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები აკმაყოფილებენ. აქაც თითქმის ყველა სესხი ფეთქებადსაშიშია და შემდეგ ასეთი სესხების მქონე ადამიანები დგებიან ქონებისა და სხვადასხვა აქტივის დაკარგვის წინაშე. მომხმარებელმაც უნდა იცოდეს, რასთან აქვს საქმე, ხელი არ მოაწეროს ისეთ კონტრაქტს, რომლის შემთხვევაშიც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სამომხმარებლო სესხის გაცემისას ბინის ან ისეთი აქტივის ჩადებას მოსთხოვს, რომელიც შემდეგ შეიძლება საფინანსო ინსტიტუტის ხელში გადავიდეს. ბანკებს ეს პროცესი უფრო დახვეწილი აქვთ, მაგრამ ბანკებსაც საკმაოდ ბევრი პრობლემური კლიენტი ჰყავთ, განსაკუთრებით სამომხმარებლო ნაწილში. რაც შეეხება კორპორაციულ ნაწილს, ძირითადად, მცირე კომპანიებისთვის შემოსავლების სამსახურის მიერ ჯარიმების დარიცხვამ ახალი ვალდებულებები წარმოშვა, რამაც ამ კომპანიების გადახდისუუნარობა განაპირობა და შემდეგ უკვე ბანკებთანაც შეექმნათ პრობლემები.

(სპეციალურად საიტისთვის)