კრედიტების სიძვირით საქართველო ერთ-ერთი ლიდერია - კვირის პალიტრა

კრედიტების სიძვირით საქართველო ერთ-ერთი ლიდერია

საქართველო, ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც კრედიტები ძალიან ძვირია, ხოლო ქართული საბანკო სექტორი ეკონომიკის ხარჯზე იზრდება, - ასეთია დასკვნა, რომელიც ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის (აფბა) კვლევას მოჰყვა. "საბანკო სექტორში მიმდინარე პროცესები," - ამ კვლევის ფარგლებში აფბამ საქართველოში მოქმედი ბანკების დეპოზიტების, სესხებისა და სპრედის მაჩვენებლები შეისწავლა და სხვა ქვეყნებში არსებულს შედარა.

ნოდარ ჭიჭინაძე, ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის თავმჯდომარე: "მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საბანკო სექტორი 19 ბანკით არის წარმოდგენილი, რაც ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, საკმაოდ დიდი ციფრია, სექტორში კონკურენციის ხარისხი მაინც დაბალია. სწორედ ბანკების რაოდენობიდან გამომდინარე, საზოგადოების ერთი ნაწილი ამ სფეროში არსებულ მაღალ კონკურენციაზე ლაპარაკობს. თუმცა, მონაცემებში ჩაღრმავება რადიკალურად განსხვავებულ სურათს იძლევა.

2011 წლის მე-3 კვარტალის ბოლოს საქართველოს კომერციულ ბანკებში ლარით დეპონირებული ყველა სახის დეპოზიტის საერთო მოცულობა 2,523 მილიარდ ლარს შეადგენდა, ხოლო უცხოურ ვალუტით დეპონირებულის - 4,505 მილიარდი ლარის ეკვივალენტს. შესაბამისად, დეპოზიტების საერთო მოცულობა დაახლოებით 7,028 მილიარდი ლარი იყო. თუმცა, 19 ლიცენზირებულ ბანკში ლარით დეპონირებული მიმდინარე ანგარიშების ნაშთებიდან ორში - "საქართველოს ბანკსა" და "ლიბერთი ბანკში" საერთო მოცულობის ნახევარზე მეტი - დეპოზიტების 57% იყო განთავსებული, ხოლო პირველ სამეულში, "თიბისი ბანკის" ჩათვლით, დეპოზიტების საერთო მოცულობის 3/4-ზე მეტი - საერთო მოცულობის 76%.

მართალია, ამ მონაცემებზე დაყრდნობით გადაჭრით იმის თქმა, რომ საბანკო სექტორი მონოპოლიზებულია, არ შეიძლება. მაგრამ, თუ მოვიშველიებთ სხვადასხვა მაჩვენებელს, ყველაფერი ნათელი ხდება.

სპრედი, რომელიც სესხებსა და დეპოზიტებზე არსებულ საშუალო შეწონილ განაკვეთებს შორის სხვაობას წარმოადგენს, კონკურენციის ხარისხის შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. საქართველოში სპრედის მაჩვენებელი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისა და მსოფლიო ბანკის მონაცემებით 15%-ია, ეროვნული ბანკის სტატისტიკით კი 10%-ის ფარგლებშია. ნებისმიერ შემთხვევაში ეს დიდი მაჩვენებელია და მსოფლიოში ამ მონაცემით ერთ-ერთ ბოლო ადგილზე ვართ. გლობალურ კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველო ამ მაჩვენებლით 142 ქვეყანას შორის 129-ე ადგილზეა. ეს იმაშიც აისახება, რომ ბანკებმა 2011 წელს სესხებიდან 1,2 მილიარდი ლარის შემოსავალი მიიღეს, ხოლო დეპოზიტების მომსახურება კი 391 მილიონი დაუჯდათ.

როგორც რეგიონში, ისე მსოფლიოში, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდია სხვაობა სესხისა და დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთებს შორის. მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია სპრედი ჩვენზე მაღალი, ესენია: ტაჯიკეთი – 18%, პერუ – 17,4%, პარაგვაი – 24.8%, მალავი – 21%, მადაგასკარი – 38.8%, ყირგიზეთი – 27.4%, ჰაიტი – 16.2%, კონგო – 39.7% და ბრაზილია 31.1%.

რაც შეეხება კრედიტების სიძვირეს, საკრედიტო რესურსის სიძვირით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია და მსოფლიო ბანკის მონაცემებით, კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთები საქართველოზე მაღალი მსოფლიოს მხოლოდ 7 ქვეყანაშია. საშუალო შეწონილი განაკვეთი სესხებზე 24.2%-ს შეადგენს. ექსპერტების ნაწილი მაღალი საპროცენტო განაკვეთების არსებობას ქვეყანაში საოპერაციო რისკის მაღალ დონეს უკავშირებს. მაგრამ ეს მოსაზრება წინააღმდეგობაში მოდის ხელისუფლების აქტიურ კამპანიასთან, რომ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესგარემოა.

ოფიციალური სტატისტიკით, რისკის პრემიის საშუალო მაჩვენებელი საქართველოში 14,7%-ს შეადგენს, მეზობელ სომხეთში ეს მაჩვენებელი 8,6%-ია. რაც შეეხება განვითარებულ ქვეყნებს, აქ რისკის პრემიის მაჩვენებელი 1.5-4%-ის ფარგლებში მერყეობს.

საზოგადოდ, კონკურენციის შედეგების მიხედვით, რომელსაც შედეგად ნაკლები ფასი და პროდუქტის მრავალფეროვნება უნდა მოჰყვეს, არც ერთი ამ შედეგთაგანი, საქართველოს საბანკო სივრცეში არ ვლინდება. ამ მხრივ საინტერესოა გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის კიდევ ერთი პუნქტი - საბანკო სერვისების მრავალფეროვნება, რომლის მიხედვითაც 107-ე ადგილზე ვართ 142 ქვეყანას შორის.

ყველა ეს ფაქტორი კრედიტების მოცულობაშიც აისახება. საქართველოში ბანკების მიერ გაცემული მთლიანი კრედიტები მთლიანი შიდა პროდუქტის 33.8%-ია. სხვა ქვეყნებში ეს მაჩვენებელი ბევრად შთამბეჭდავია: ავსტრია – 137%, ბელგია – 117.1%, ბულგარეთი – 71%, დანია – 216.8%, ესტონეთი – 97.6%, უნგრეთი – 81.7%, იტალია – 155.3%, ლატვია – 89.6%, პოლონეთი – 63.6%, რუმინეთი – 54.9%, თურქეთი – 69.3%, უკრაინა – 78.6%.

ასევე, სწორედ კრედიტების სიძვირის გამოა, რომ ქართული კომპანიების მხოლოდ 40% იყენებს საბანკო კრედიტებს ფინანსური საშუალებების მოპოვებისთვის.

კიდევ ერთი ნეგატიური ტენდენცია, რომელიც საბანკო სექტორში მიმდინარეობს, ეს არის ბანკების მიერ არასაბანკო აქტივების ფლობა. ეს ტენდენცია განსაკუთრებით 2008 წლის შემდეგ გაძლიერდა, როცა კომპანიებს სესხების დაბრუნების პრობლემები შეექმნათ და ბანკები მათ აქტივებს დაეპატრონენ. 1998 წლამდე "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" კანონში იყო ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც კომერციულ ბანკს შეეძლო თავისი აქტივების ღირებულების მხოლოდ 20% მიემართა საინვესტიციო პოლიტიკაზე. შემდგომ, საბანკო სექტორის წახალისების მიზნით, ეს ციფრი შეიცვალა და 50%-ით განისაზღვრა. სწორედ ამიტომ აითვისეს ბანკებმა სადაზღვევო კომპანიები, საბროკეროები თუ სხვა სახის ბიზნესები. ამით არა მარტო საბანკო სექტორში, არამედ მთლიანად საფინანსო სისტემაში კონკურენციის თვალსაზრისით საკმაოდ დიდი ნაბიჯი გადაიდგა უკან.

გამომდინარე ამ ყველაფრიდან, თვითონ საბანკო სექტორი წარმატებით ვითარდება, თუმცა, სამწუხაროა, რომ ეს ხდება დანარჩენი ეკონომიკის ხარჯზე. 2011 წელი საბანკო სექტორისთვის უდავოდ წარმატებული აღმოჩნდა. 2008 წელს 215 მლნ ლარის და 2009 წელს კი 65 მლნ-ის ზარალის ფონზე, 2011 წლის განმავლობაში აქტივები თითქმის 20%-ით გაიზარდა და 12.7 მილიარდ ლარს მიაღწია, წმინდა მოგებამ კი 323 მილიონი ლარი შეადგინა. ეკონომიკური ზრდა კი 6%-ზე დაბალი იყო".

(სპეციალურად საიტისთვის)