"ბორჯომის" საკონტროლო პაკეტი რუსმა ინვესტორებმა შეიძინეს - კვირის პალიტრა

"ბორჯომის" საკონტროლო პაკეტი რუსმა ინვესტორებმა შეიძინეს

კვირას, 27 იანვარს, განსვენებული მილიარდერის. ბადრი პატარკაციშვილის მემკვიდრეებსა და რუსული საინვესტიციო კომპანიის,  Alpha Group-ს შორის შედგა გარიგება, რომლის საფუძველზეც ბორჯომის მინერალური წყლის პროდუქციის საკონტროლო პაკეტი რუს ინვესტორებს გადაეცათ - იუწყება რადიო "თავისუფლება" ბადრი პატარკაციშვილის ქვრივისა და "ბორჯომის" თანამფლობელის, ინა გუდავაძის წარმომადგენლებზე დაყრდნობით.

"გიდასტურებთ, რომ გარიგება შედგა - განაცხადა გუდავაძემ" - ნათქვამია რადიო "თავისუფლების" ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

ინა გუდავაძემ არ ისურვა გარიგების დეტალებზე ესაუბრა და განაცხადა, რომ IDS Borjomi-ს საკონტროლო პაკეტის გასხვისების შეთანხმების დეტალები კონფიდენციალურია, თუმცა წილი, რაც პატარკაციშვილის ოჯახმა შეინარჩუნა, მათ "უფლებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ კომპანიის განკარგვის პროცესში".

გამოცემა Forbes-ის ანგარიშის მიხედვით, IDS Borjom-ის სრული სააქციო პაკეტის ღირებულება 500 მილიონ დოლარს შეადგენდა. პატარკაციშვილის ოჯახი კი დღემდე აქციების 87 პროცენტს ფლობდა. დანარჩენი 13 კი წვრილ უკრაინელ და ქართველ საინვესტიციო კომპანიებს ეკუთვნით.

"ამჟამად ვიმყოფებით რუსი ინვესტორებისთვის მართვის გადაცემის პროცესში. ამ პროცესის დასრულების შემდეგ ჩვენ შევასრულებთ სააქციო უმცირესობის როლს, რომელიც მუდამ მზად იქნება ყოველმხრივ ხელი შეუწყოს ჩვენ რუს პარტნიორებს კომპანიის მენეჯმენტის საკითხებში" - განუცხადა გუდავაძემ ჟურნალისტებს გარიგებამდე ცოტა ხნით ადრე.