აზიის განვითარების ბანკმა თიბისი ბანკს 50 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო - კვირის პალიტრა

აზიის განვითარების ბანკმა თიბისი ბანკს 50 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო

აზიის განვითარების ბანკმა თიბისი ბანკს 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით საკრედიტო რესურსი გამოუყო. ხელშეკრულება მხარეებს შორის დღეს თიბისი ბანკის სათავო ოფისში გაფორმდა. დოკუმეტს ხელი თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ და აზიის განვითარების ბანკის ინვესტიციების მთავარმა სპეციალისტმა, რაინერ ჰარტელმა მოაწერეს.

ხუთწლიანი საკრედიტო რესურსით თიბისი ბანკი საქართველოს რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესს დააფინანსებს. ხელშეკრულების ფარგლებში ასევე შესაძლებელია მიკროსესხების დაფინანსება თიბისი ბანკის შვილობილი კომპანიის, ბანკი კოსტანტას მეშვეობით.

,,მნიშვნელოვანია, რომ თანხა თბილისის გარდა, რეგიონებსაც მოხმარდება. შევეცდებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საპროცენტო განაკვეთები უკეთეს პირობებში შევთავაზოთ, ვიდრე დღეს არის წარმოდგენილი. საკრედიტო რესურსი მოხმარდება როგორც სოფლის მეურნეობას, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესს, ნაწილი კი მიკროსესხებზე გადანაწილდება. რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, აზიის განვითარების ბანკთან ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, რაც ახალი ინოვაციური პროექტების განხორციელებაში დაგვეხმარება. სესხების გაცემაში ჩაერთვება ბანკის შვილობილი  ბანკი -  "კონსტანტა", რომლის საშუალებით მცირე მეწარმეებისთვის სესხის გამოყოფა აქართველოს რეგიონებში მოხდება. გარდა დამტკიცებული 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხისა, აზიის განვითარების ბანკი ასევე უზრუნველჰყოფს ტექნიკურ დახმარებას, რაც გააუმჯობესებს ჩვენი ბანკის სერვისებს რეგიონებში მოქმედი მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის”, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

მხარეთა შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმებას ბიზნესის განვითარებისითვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებენ აზიის განვითარების ბანკში. საფინანსო ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ეს არის აზიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოს ნაკლებად მომსახურებადი რეგიონებისთვის გამოყოფილი პირველი სესხი.

,,აზიის განვითარების ბანკის დახმარება უზრუნველყოფს ფინანსების ხელმისაწვდომობას ნაკლებად განვითარებული და ღარიბი რეგიონებისთვის. აღნიშნული დახმარება ხელს შეუწყობს ეკონომიკური აქტივობის ზრდას და სოფლის მეურნეობაში, ტურიზმში, ასევე სამშენებლო და მომსახურების სფეროებში რეგიონული მოსახლეობის ჩართულობასა და დასაქმებას", - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის ინვესტიციების მთავარმა სპეციალისტმა რეინერ ჰარტელიმ.

აზიის განვითარების ბანკი 1996 წელს დაარსდა და მსოფლიოს 48 რეგიონიდან 67 წევრ ქვეყანას აერთიანებს. მისი მიზანია აზიასა და წყანარი ოკეანის რეგიონში სიღარიბის დონის შემცირება.საქართველო მისი წევრია 2007 წლიდან.

2007 წლიდან ბანკის მიერ საქართველოში პროგრამების დასაფინანსებლად 1.1 მილიარდ დოლარზე მეტია დამტკიცებული. აღნიშნული თანხიდან 163 მილიონი აშშ დოლარი კერძო სექტორის პირდაპირი დაფინანსებისთვის გამოიყო.

R