ინდოელების შემდეგ ქართული მიწებით ეგვიპტელებიც დაინტერესდნენ? - კვირის პალიტრა

ინდოელების შემდეგ ქართული მიწებით ეგვიპტელებიც დაინტერესდნენ?

ბოლო რამდენიმე წელია, ინდოელები კახეთში მიწებს ინტენსიურად ყიდულობენ. ზოგი ადგილზე ჩადის და სოფელ-სოფელ ეძებს მისთვის სასურველ ფართობს, ზოგიც ამისთვის საშუამავლო სააგენტოს მიმართავს. Crown Immigration ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია იმ კომპანიათა შორის, ვინც ინდოელ, ირანელ და ეგვიპტელ მოქალაქეებს საქართველოში მიწისა და უძრავი ქონების შეძენისას შუამავლობს. კომპანიას სათავო ოფისი ინდოეთში აქვს, ფილიალები კი საქართველოს გარდა კიდევ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მხოლოდ ამ სააგენტოს შუამავლობით, ბოლო სამი წლის განმავლობაში სიღნაღის რაიონში ასეულობით ჰექტარი მიწა გაიყიდა და 2 ათასი ინდოელი ფერმერი ჩამოვიდა. სააგენტოში გვითხრეს, რომ ბოლო დროს განსაკუთრებით ეგვიპტელები აქტიურობენ, თუმცა არც ინდოელებს განელებიათ საქართველოს მიმართ ინტერესი. მაგალითად, სააგენტოში მისულს ინდოეთის მოქალაქე დამხვდა, რომელსაც დაახლოებით 2 მილიონ დოლარად საქართველოში ქაღალდის გადამამუშავებელი ქარხნის ან მის ასაშენებლად მიწის შეძენა სურდა.

დიეზ საინი, Crown Immigration-ის აღმასრულებელი დირექტორი:

"პირველად საქართველოს შესახებ სამი წლის წინ ინტერნეტით გავიგე. შემდეგ დავუკავშირდი ერთ-ერთ იურიდიულ კომპანიას საქართველოში, რომელსაც ვთხოვე დახმარება თუ როგორ შემეძლო საქართველოში საკუთარი საქმე წამომეწყო. თავდაპირველად ჩემი ბიზნესინტერესები საქართველოში მიწის და უძრავი ქონების შესყიდვას ნამდვილად არ უკავშირდებოდა. მინდოდა საკონსულტაციო კომპანიის გაკეთება, რომელიც საქართველოში ინვესტირებით უცხოელ ბიზნესმენებს დააინტერესებდა. პრინციპში, გამოვიდა, რომ ახლაც ამ საქმეს ვაკეთებ. ჩვენ არ ვყიდით მიწას, ჩვენ ვაძლევთ კონსულტაციას და ვაკავშირებთ ერთმანეთთან მყიდველს და გამყიდველს. ვისაც სასტუმროს ბიზნესი აინტერესებს, მათთვის ბათუმში ვეძებთ უძრავ ქონებას, ან მიწას. ვისაც კომერციული ფართის შეძენა უნდა, თბილისში ვთავაზობთ შესაბამის ფართს. ვინც სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტირებით არის დაინტერესებული, რა თქმა უნდა, მარნეულში, კახეთში, გარდაბანში ან ბოლნისში მიგვყავს მიწების სანახავად.

- მეტწილად კახეთზე აკეთებენ არჩევანს... საქართველოს სხვა რეგიონებშიც სთავაზობთ სასოფლო-სამეურნეო მიწებს?

- ჯერ ერთი, კახეთის მიწები მოსავლიანია და არც სარწყავი წყლის პრობლემა დგას ისე მწვავედ, როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში. თანაც კახეთში შედარებით უფრო დაბალი ფასებია მიწაზე, ვიდრე თუნდაც მარნეულში.

- რა ფასად იყიდება ახლა ერთი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა?

- ფასის დადგენაში ჩვენ არ ვმონაწილეობთ. ფასს ის ადგენს, ვინც ამ მიწას ყიდის. ახლა ჰექტარი დაახლოებით 2-3 ათას დოლარად იყიდება.

- გაძვირდა ამ სამი წლის განმავლობაში, რაც ამ ბიზნესში ხართ?

- დაახლოებით 25%-ით ძვირდება წელიწადში, რადგან სულ უფრო მეტი ინვესტორი ჩამოდის, მათ შორის ირანიდან, ეგვიპტიდან და ინდოეთიდან. ბოლო დროს განსაკუთრებით გაიზარდა ეგვიპტიდან ჩამომსვლელთა რაოდენობა. ამბობენ, რომ იქ მუსლიმანები ქრისტიანებს ავიწროებენ. სანამ თქვენ მოხვიდოდით, 10 წუთის წინაც გვესტუმრა ეგვიპტელი დედა-შვილი, აინტერესებდათ აქ, საქართველოში მიწის შეძენა და დამკვიდრება.

მიწას ძირითადად კერძო მესაკუთრეები ყიდიან. რომ ნახოთ, აგეტირებათ, მიწების დიდი ნაწილი გლეხებს დაუმუშავებლად აქვთ მიგდებული. შესაძლოა 20-30 წელი ფლობდნენ მიწას და ამ ხნის განმავლობაში არასდროს არაფერი მოუყვანიათ იქ. ამის მიზეზი ხშირ შემთხვევაში ფულის არქონაა. ზოგჯერ კი სიზარმაცეც.

- ამბობთ, რომ ინვესტორები ჩამოდიან ირანიდან, ინდოეთიდან, ეგვიპტიდან და ისინი ყიდულობენ საქართველოში უძრავ ქონებას. ცოტა გადაჭარბებული ხომ არ არის, მათ ინვესტორები ვუწოდოთ, რადგან უმეტესობა ფიზიკური პირია, ვინც აქ მიწასაც ყიდულობს და საცხოვრებლადაც რჩება?

- დიახ, ძირითადად ფიზიკური პირები არიან. თუმცა, სასტუმროების ქსელის წარმომადგენლებიც ჩამოდიან იმისთვის, რომ საქართველოს ბაზარი შეისწავლონ და შემდეგ აქ თავიანთი წარმომადგენლობა გახსნან. ინდოეთიდან, ძირითადად პენჯაბის შტატიდან ჩამოდიან საქართველოში. რაც შეეხება საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსვლას, ეს არასწორი ინფორმაციაა. ინდოელ ფერმერებს აქ ძირითადად ბიზნესის წარმოება აინტერესებთ. საქართველოში მხოლოდ სეზონურად არიან, შემდეგ უკან ბრუნდებიან და პერიოდულად ჩამოდიან ბიზნესის მისახედად. აქ ადგილობრივები ჰყავთ დასაქმებული. სოფლის მეურნეობა ინდოეთში ბევრად უფრო განვითარებულია, ვიდრე საქართველოში. ამიტომ ინდოელ ფერმერებს ტექნიკაც იქიდან ჩამოაქვთ.

- ინდოეთშიც ასე მარტივია მიწის გასხვისება უცხო ქვეყნის მოქალაქეზე? ნებისმიერს შეუძლია იყიდოს?

- ჩვენი კანონმდებლობა არ კრძალავს უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ მიწის შეძენას, მაგრამ მიწა ჩვენთან ძალიან ძვირი ღირს - ჰექტარი დაახლოებით 150-200 ათასი დოლარი. ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ავსტრალიაში ჩავიდა, იქ იყიდა მიწა და სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი. სხვათა შორის, მას შემდეგ ავსტრალიის ეკონომიკაზე ეს საკმაოდ დადებითად აისახა. თუმცა, სხვადასხვა ქვეყანაში, მიწის გასხვისების სხვადასხვა კანონი არსებობს, უმეტესად 50-100-წლიანი იჯარით ხდება გაცემა.

- ამ სამი წლის განმავლობაში რამდენი ჰექტარი მიწა გაქვთ გაყიდული საქართველოში?

- არ ვიცი, ვერ გეტყვით... მიწას ხომ ვერსად წავიღებთ? თუ ჩამოვა ვინმე ინდოეთიდან ან რომელიმე სხვა ქვეყნიდან, ფულს ჩამოიტანს თან და თქვენს ეკონომიკაში დააბანდებს. ისე ხომ არ ვიქცევით, როგორც რუსები, იარაღით რომ იტაცებენ თქვენს მიწებს. ვერ გეტყვით, ზუსტად რამდენი მყიდველი და გამყიდველი დავაკავშირეთ ამ ხნის განმავლობაში, რადგან ისეც ხდება, რომ ჩვენ ვაკავშირებთ ერთმანეთს და შემდეგ ჩვენ გარეშე რიგდებიან ერთმანეთში.

- კახეთის შემდეგ, საქართველოს სხვა რეგიონებშიც გააგრძელებთ მიწის გაყიდვას?

- ბოლნისი, გორი, მარნეული... თუ გაივლით ნახავთ, რომ უამრავი მიწაა დაუმუშავებელი, ხალხს კი საჭმელი არ აქვს. ამას რომ ხედავენ ინდოელები, გაკვირვებას ვერ მალავენ.

- სხვათა შორის, წინა ხელისუფლებას სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის საქართველოში ბურების ჩამოსახლება ჰქონდა განზრახული...

- როგორც ვიცი, ბურებმა გზები დაიწუნეს. თუმცა, რამდენიმე მაინც დასახლდა. ერთს რუსთავთან ახლოს, 200 ჰექტარი მიწა აქვს ნაყიდი, მეორეს კი, დაახლოებით ამდენივე, ლაგოდეხში.

ემა ტუხიაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)