კოოპერაცია - მომგებიანი ორმაგად
ინვესტორს გამსხვილებული მეურნეობა მიიზიდავს, მთავრობა კი გადასახადების შემსუბუქებას აპირებს
საქართველოში ფერმერთა გაერთიანებების საკითხმა წინ წამოიწია. პარლამენტს წარედგინა კანონპროექტი, რომელიც სოფლად კოოპერატივების შექმნას ითვალისწინებს. კანონპროექტი სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმის ნაწილია და მიწების გამსხვილებას ისახავს მიზნად. დღეს საქართველოში ფერმერების 78% ფლობს 1 ჰა-მდე სავარგულს და მათთვის მეურნეობა მომგებიანი აღარ არის. მწირი შემოსავლისა და არასწორი სახელმწიფო პოლიტიკის გამო უამრავი გლეხი იძულებული ხდება, მიწის დამუშავება საერთოდ შეწყვიტოს.
კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ ფერმერთა გაერთიანებაშია - ასე ფიქრობენ ავტორები და სპეციალისტები. კანონპროექტის ავტორი, პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი ამბობს, რომ ფერმერთა გაერთიანების წასახალისებლად, იგეგმება ტექნიკის უფასოდ ან ლიზინგით გადაცემა. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემაც განაცხადა. მთავარი ალბათ მაინც საგადასახადო შეღავათებია, რომლებსაც ზემოხსენებული კანონპროექტი ითვალისწინებს. კერძოდ, ლაპარაკია ნაწილობრივ ან სრულად გათავისუფლებაზე მიწის გადასახადისგან, რომლის რაოდენობაც ამჟამად 1 ჰა-ზე 87-დან 100 ლარამდე მერყეობს. შესაძლებელია საშეღავათო პერიოდის დაწესებაც - სამიდან ხუთ წლამდე. ითქვა ისიც, რომ კოოპერატივები, დონორი ორგანიზაციებისგან გრანტის მიღების შემთხვევაში, 20%-იანი საშემოსავლო გადასახადითაც აღარ დაიბეგრებიან.
ზურაბ თეთვაძე (დედოფლისწყაროს რაიონის ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე): - შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ეს ყველაფერი კოლექტივიზაციას წააგავს, მაგრამ კოლექტივიზაცია სულ სხვა რამეა, კოოპერირება კი - სულ სხვა. ევროპისა და ამერიკის მოწინავე ქვეყნებში სოფლის მეურნეობა სწორედ ფერმერთა გაერთიანებებზეა დაფუძნებული. შვედეთი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანაა სოფლის მეურნეობის მხრივ, იქ ნანახი მაქვს ფერმერთა გაერთიანებები, სადაც 1000-1500 კაცი მუშაობს. აშკარაა, რომ ეს ძალიან კარგი გზაა არა მარტო დარგის განვითარებისთვის, არამედ ხალხის დასაქმებისთვისაც.
კოოპერატივები დაფუძნებული უნდა იყოს ისეთ პრინციპებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას. მაგალითად, შეიძლება შეიქმნას მეხორბლეთა გაერთიანება, რომელიც ხელს შეუწყობს ხარისხიანი ხორბლის მოყვანას, გაყიდვას, კვლავწარმოების ფონდის შექმნას. 1996 წლიდან ფერმერი ვარ და ჩემი დასკვნით, კოოპერირება ამ სფეროში არა მარტო სასურველი, აუცილებელიც კია. ყველა ქვეყანაში, სადაც სოფლის მეურნეობა განვითარებულია, ასე ხდება და ასე უნდა იყოს საქართველოშიც.
ჩემ გარშემო ყველა სერიოზული ფერმერი კოოპერირების მომხრეა, თუმცა კანონში ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი: როგორი იქნება ურთიერთობა საგადასახადო ორგანოებთან, უკეთესია დაბალი გადასახადების დაწესება სოფლის მეურნეობაში, ფერმერები არ უნდა შეაშინონ ისეთი გადასახადით, რომელსაც ისინი ვერ შესწვდებიან. ალბათ საკითხის განხილვას როცა დაიწყებენ ან ჩვენ დაგვიძახებენ, ან ისეთ ხალხს, ვინც ფერმერების პრობლემები ზედმიწევნით იცის. საჭიროა კონსულტაციების გავლაც ქართველ და უცხოელ ფერმერებთან, სპეციალისტებთან, სხვა ქვეყნების გამოცდილებაც უნდა გავიზიაროთ და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება.
თემურ მაისურაძე (პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე): - კანონპროექტის განხილვა უახლოეს მომავალში დაიწყება. უდავოა, რომ კოოპერატივების შექმნა დიდად წაახალისებს სოფლის მეურნეობას, რადგან კოოპერატივი ნებაყოფლობითი გაერთიანებაა, რომელიც უფრო ადვილად გაართმევს თავს ამოცანებს და უფრო ადვილად მოიზიდავს ფინანსებს - ინვესტორი ეცდება, ფული გამსხვილებულ მეურნეობაში დააბანდოს. თუ მეურნეობები არ გამსხვილდება, იქ შრომის ნაყოფიერება ყოველთვის დაბალი იქნება. წარმოიდგინეთ, როცა ლაპარაკია 50, 100 ჰა-ზე და ნახევარ ჰა საკარმიდამო ნაკვეთზე - რომელი უფრო შემოსავლიანი იქნება მისი მფლობელისთვის?
კოოპერატიულ გაერთიანებებს ექნებათ შეღავათები გადასახადების მხრივაც. მაგალითად, კოოპერატივებს, რომლებიც შეიქმნება მთიან ან სასაზღვრო რეგიონებში, გადასახადი შეუმცირდებათ მთელი 50%-ით. ერთადერთი საკითხი, რომელიც შეიძლება სადავო გახდეს, ეს კოოპერაციიდან გასვლაა. ამიტომ, ყველაფერი უფრო დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს. ყოველ შემთხვევაში, უდავოა, რომ კოოპერატიულ გაერთიანებას ყველაფერი გაცილებით იაფი დაუჯდება, რადგან იქ ხარჯი მეტ ადამიანზე ნაწილდება, ინოვაციებიც უფრო მეტად დაინერგება და ბუნებრივია, ამ დარგის შემოსავალიც ერთიორად გაიზრდება.
ცნობისთვის: კოოპერაციულ მოძრაობას, დაახლოებით, 170-წლიანი ისტორია აქვს: იგი დასავლეთი ევროპის ქვეყნებში დაიწყო კაპიტალიზმის განვითარებასთან ერთად და წარმოადგენს მცირე მეწარმეთა და ფერმერთა დაცვისა და განვითარების უნიკალურ მექანიზმს. დღეს მსოფლიოში არსებობს კოოპერაციის მრავალი სახეობა, სადაც შრომით საქმიანობაში ჩართულია მილიონობით ადამიანი. არსებობს მსოფლიო საერთაშორისო კოოპერაციული ალიანსიც, რომელიც 1895 წელს შეიქმნა.
საქართველოში XIX საუკუნის 60-იან წლებში, ილია ჭავჭავაძის თაოსნობით, თბილისში პირველი კოოპერატივი შეიქმნა, რომელსაც "მომჭირნეობა" ერქვა, შემდეგ კი ასეთივე კოოპერატივები შეიქმნა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. 1919 წლიდან დასაბამი მიეცა საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირის - „ცეკავშირის“ ამოქმედებას. საბჭოთა დროს „ცეკავშირმა“ დიდ წარმატებას მიაღწია, მაგრამ მსოფლიო კოოპერაციული მოძრაობისგან განსხვავებით, იგი მთლიანად შეერწყა სახელმწიფოს და მხოლოდ მთავრობის გადაწყვეტილებებს ემორჩილებოდა. XX საუკუნის ბოლო ათწლეულისთვის საქართველოში "ცეკავშირის" სისტემის ქონება $20 მილიარდს აჭარბებდა, თუმცა ეს სისტემა დღეს უკვე მოშლილი და განადგურებულია...
ხათუნა ჩიგოგიძე