საქართველოს ეკონომიკის ნავი საშიშ საერთაშორისო წყლებში - კვირის პალიტრა

საქართველოს ეკონომიკის ნავი საშიშ საერთაშორისო წყლებში

პოლიტიკური ფრონტის პარალელურად, რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ რაც შეიძლება მეტი ეკონომიკური პრობლემა შეუქმნას უკრაინას. სხვადასხვა უკრაინული პროდუქტისთვის ემბარგოს დაწესების შემდეგ, ცოტა ხნის წინ რუსეთმა აკრძალა მისი საჰაერო სივრცის გავლით საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში უკრაინული ავიაკომპანიების ტრანზიტული რეისები. საპასუხოდ ევროკავშირი მზად არის, რუსული ავიაკომპანიების თვითმფრინავებს ევროპის თავზე ფრენა აუკრძალოს. თუმცა, აკრძალული წესებით თამაში რუსეთის მოგონილია და ქვეყანაში ახლა უკვე დასავლური სურსათის იმპორტი აკრძალეს. ემბარგო შეეხო საქონლის, ღორის, ქათმის ხორცს, თევზს, ყველს, რძის პროდუქტებსა და ხილ-ბოსტნეულს. აკრძალვა ვრცელდება ევროკავშირის ქვეყნებზე, აშშ-ზე, ავსტრალიაზე, კანადასა და ნორვეგიაზე. ემბარგო არ ვრცელდება ბავშვის კვებასა და კერძო პირების მიერ საქონლის შეძენაზე.

არადა, რუსეთი ევროპული ხილისა და ბოსტნეულის ერთ-ერთი მსხვილი შემსყიდველია. მაგალითად, 2011 წელს მის წილად მოდიოდა ევროპიდან ექსპორტირებული ბოსტნეულის 21% და ხილის 28%. აშშ-ისგან 2013 წელს რუსეთმა შეიძინა 276,1 ათასი ტონა ქათმის ხორცი, რაც ამერიკიდან ქათმის ხორცის მთლიანი ექსპორტის 8%-ია. თუმცა, სოცქსელებში უკვე წერენ, რომ აკრძალული პროდუქტები რუსეთში შესაძლოა რეექსპორტით მოხვდეს, ვთქვათ, ყაზახეთიდან ან ბელორუსიიდან. რუსეთში რიგითი მომხმარებლის მთავარი საფიქრალი ახლა ის არის, რამდენით გაიზრდება სამომხმარებლო ფასები - 10%-ით, 20%-ით თუ კიდევ უფრო მეტად. ფაქტია, რუსეთის ქმედებები გააძლიერებს მის იზოლაციას, რაც ეკონომიკაზე უარყოფითად იმოქმედებს.

როგორ აისახება უკრაინასა და რუსეთში მიმდინარე მოვლენები საქართველოზე? - ამის შეფასება ეკონომიკის ექსპერტებს ვთხოვეთ.

ირაკლი ლექვინაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: "უკრაინაში მიმდინარე მოვლენები სტაბილურობას საფრთხეს რეგიონში უქმნის, ბევრმა კომპანიამ შეცვალა კიდეც სტრატეგიები და პრიორიტეტები ამ ქვეყანაში განვითარებული პროცესების გამო.

რუსეთი მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია. შესაძლოა, ამ ეტაპზე ეს არ ჩანს, მაგრამ მის წინააღმდეგ მიმართული სანქციები და ხარჯების თანამდევი ზრდა ნაყოფს გამოიღებს. პირველი ეფექტები იყო რუბლის კურსის დაცემა და საფონდო ბირჟებზე კომპანიების კაპიტალიზაციის შემცირება. თუ რუბლის დაცემა გაგრძელდა, ეს ქართულ ეროვნულ ვალუტაზეც იმოქმედებს. თუმცა, ამ ეტაპზე ჩვენი ეკონომიკაც და ეროვნული ბანკიც ამისთვის მზად არის".

სოსო არჩვაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: "ინვესტორები ცდილობენ, თავი აარიდონ საფრთხის შემცველ ქვეყნებს. ეს აგრეთვე მოქმედებს მოსახლეობის მსყიდველობით უნარზე, რაც განმსაზღვრელი ფაქტორია ნებისმიერი ბიზნესისთვის. თავის დროზე, როცა რუსეთმა ემბარგო საქართველოს დაუწესა, რუსეთის ბაზარი უკრაინის ბაზარმა ჩაანაცვლა. დღეს იზღუდება საქართველოდან უკრაინის ბაზარზე პროდუქციის როგორც გატანის, ასევე უკრაინული საქონლის შემოტანის შესაძლებლობები. ამ მხრივ &&უკვე 30%-იან ვარდნაზეა საუბარი და თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, ვარდნის მასშტაბი გაიზარდოს. საქართველოსთვის აუცილებელია საგარეო ვაჭრობის დივერსიფიცირება, გასაღების ახალი ბაზრების მოძიება. თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულება კარგ პერსპექტივას იძლევა ამ მიმართულებით".

ლევან კალანდაძე, ეკონომიკის ექსპერტი:

"უკრაინა საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და იქ მიმდინარე პროცესებიც გავლენას ახდენს ჩვენს ეკონომიკაზე. არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა უკრაინაში, უარყოფითად აისახება უკრაინული ვალუტის, გრივნის, მსყიდველობით უნარზე, რაც პირდაპირ აისახება საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის ფასზე. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მნიშვნელოვნად გააძვირებს უკრაინიდან საქართველოში იმპორტირებულ პროდუქტებს. უკრაინიდან საქართველოში, ძირითადად, სურსათი და სამშენებლო მასალა შემოდის. ამდენად, ამ პროდუქტებზე, ერთი მხრივ, მოსალოდნელია ფასების ზრდა და მეორე მხრივ, დასაშვებია შეიქმნას სირთულეები საქონლის შემოტანისას. უკრაინასთან დაკავშირებული მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ტურიზმია. უკრაინელი ტურისტების ხვედრითი წილი საქართველოში დიდი არ არის, მაგრამ არც ცოტაა, ხოლო როცა ქვეყანაში კრიზისია, მოსახლეობა სახსრებს ზოგავს და ამ თვალსაზრისითაც, მოლოდინი უარყოფითია. მესამე საკითხია ფულადი გზავნილები. უკრაინაში სამუშაოდ ბევრი ქართველია წასული და იქიდან გამოგზავნილი თანხებით საქართველოში ოჯახებს არჩენენ. უკანსვლას ამ მხრივაც უნდა ველოდოთ.

საზოგადოდ, კონფლიქტის გაღრმავება საფრთხეს უქმნის უკრაინის სავაჭრო ურთიერთობებს. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ამან შეიძლება მნიშვნელოვნად დააზარალოს ქართული ეკონომიკა, რადგან ყოველთვის არსებობს ალტერნატივა და ის საქონელი, რომლებსაც დღეს ქართულ-უკრაინული სავაჭრო ურთიერთობები ეყრდნობა, შეიძლება ალტერნატიულით ჩანაცვლდეს. თუმცა, ეკონომიკური ურთიერთობის მოშლის პერსპექტივა, ფასების ზრდა უკრაინულ პროდუქტებზე - ამ გამოწვევებს ჩვენმა მომხმარებელმა და ბიზნესმა თვალი უნდა გაუსწოროს და შესაბამისად გადააწყოს პრიორიტეტები სავაჭრო ურთიერთობებში.

რუსეთის საფონდო ინდექსები კატასტროფულად ეცემა. რუბლის გაუფასურება, როგორც ნეგატიური გარე ფაქტორი, შესაძლოა აისახოს ქართული ლარის მსყიდველობით უნარზე. საქართველომ და იმ ქვეყნებმა, რომლებისთვისაც რუსულ-უკრაინულ ურთიერთობებს დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაზღვრული სტრატეგია უნდა შეიმუშაონ. რუსეთში რუბლი გაუფასურდა, უკრაინაში - გრივნა, ჩვენს ერთ-ერთ დიდ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში - თურქეთში ლირა უფასურდება და ეს არ შეიძლება, არ აისახოს ქართული ლარის მსყიდველობით უნარზე. ჩვენც შესაფერისი ზომები უნდა მივიღოთ მონეტარული პოლიტიკის წარმართვისას.

ამჟამად ლარი მყარდება, ეროვნული ბანკი ფინანსურ ინსტრუმენტებს იყენებს ეროვნული ვალუტის გასამყარებლად. ვფიქრობ, დევალვაცია მოსალოდნელია წლევანდელი სექტემბრიდან 2015 წლის იანვრამდე, რამაც შემდგომში შესაძლოა ინფლაცია გამოიწვიოს. ეს ყველაფერი ასევე დაკავშირებულია ქვეყნის საბიუჯეტო პროცესთან. ვფიქრობ 2013 წლის მსგავსად, 2014 წლის ბიუჯეტიც გაირღვევა. რაც შეეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, თუ ამ თვალსაზრისით საქართველომ წინა წლებთან შედარებით პროგრესი არ აჩვენა და ისევ დაახლოებით 1 მილიარდის ფარგლებში დარჩა, ეს არასაკმარისი იქნება, ერთი მხრივ, ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად, მეორე მხრივ კი ეკონომიკური პროცესების სტიმულირებისთვის ქვეყანაში.

ემა ტუხიაშვილი