ინვესტორებს საქართველოში წარმოების გახსნის სტიმული გაუჩნდებათ - კვირის პალიტრა

ინვესტორებს საქართველოში წარმოების გახსნის სტიმული გაუჩნდებათ

საგადასახადო კოდექსში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შედის. საკანონმდებლო ინიციატივა ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა და მთავრობამ უკვე დაამტკიცა, უახლოეს მომავალში კი ცვლილებათა პაკეტი განსახილველად საკანონმდებლო ორგანოს წარედგინება. როგორც ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, ცვლილებების შემუშავებაში ჩართული იყო ბიზნესსექტორიც და ბევრი ინიციატივა სწორედ მათი წინადადებებით მომზადდა.

დამატებული ღირებულების გადასახადისგან თავისუფლდება შიდა გადამუშავებაში მოქცეული საქონლის გადამუშავებისთვის გაწეული მომსახურება - თუ მეწარმეს ადგილობრივი პროდუქციისთვის საჭირო ნედლეული უცხოეთიდან შემოაქვს, ხოლო საბოლოო წარმოებული პროდუქტი ექსპორტით გააქვს, კანონპროექტის თანახმად, დღგ-ისგან გათავისუფლდება პროდუქციის წარმოების პროცესი.

ამას გარდა, ჩამოიწერება 2005 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილი და დღემდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანება, თუ გადამხდელს შემდგომ პერიოდში სამეწარმეო საქმიანობა არ გაუგრძელებია. ასევე ჩამოიწერება 2009 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილ და გადამხდელის მიერ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2009 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა - ოღონდ თვითონ ამ აღიარებული საგადასახადო დავალიანების ძირის დაფარვის პირობით, თუ პირს არ გაუგრძელებია სამეწარმეო საქმიანობა.

ჩამოიწერება საკონტროლო სალარო-აპარატის გამოყენების წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირისთვის 2013 წლის 1-ელ იანვრამდე დაკისრებული დარიცხული და გადაუხდელი ჯარიმა.

აღსანიშნავია, რომ საგადასახადო დავალიანების გადახდა გადავადდება მათთვის, ვისთვისაც ეს თანხა 5 ათას ლარს არ აღემატება.

საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების თანახმად, მარტივდება ტურისტული საწარმოს დაბეგვრა. მაგალითად, შეღავათები დაუწესდება მათ, ვინც საქართველოს კურორტებზე, სასტუმროში ნომერს ფლობს და მისი გაქირავების შესაძლებლობა გამარტივებული წესით ექნება.

ემზარ ჯგერენაია, ეკონომიკის ექსპერტი: "ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებად მიმაჩნია შეღავათის დაწესება მათთვის, ვინც სასტუმროს ტიპის სახლებს აშენებს, შემდეგ ყიდის და მათ მართვას უზრუნველყოფს. ამ შემთხვევაში კომპანია დღგ-ისგან გათავისუფლდება. ეს ცვლილება ძალიან წაადგება და ხელს შეუწყობს როგორც სამშენებლო, ისე ტურისტულ ბიზნესს. მოქალაქეები დაიწყებენ ინვესტირებას ამ მიმართულებით, რადგან საკურორტო ზონაში უძრავ ქონებაში დაბანდება საკმაოდ სარფიანი საქმეა. ცვლილებები ხელს შეუწყობს სასტუმრო ბიზნესის განვითარებას, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას, ტურისტული ბიზნესის განვითარება კი ახალი ინფრასტრუქტურისა და სამუშაო ადგილების შექმნას წაახალისებს.

ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ხელშეკრულების კონტექსტში, ძალიან მნიშვნელოვანია უცხოური ნედლეულით ადგილობრივი წარმოების პროცესის დღგ-ისგან გათავისუფლება. ამით ძალიან ბევრ ინვესტორს მეზობელი თუ არამეზობელი ქვეყნებიდან გაუჩნდება სტიმული, შემოიტანოს საქართველოში ნედლეული, აწარმოოს და აქედან ევროკავშირის ქვეყნებში გაიტანოს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ცვლილებებისა, ჯარიმების ლიბერალიზაცია და ძველი დავალიანების ჩამოწერაა. ბევრია შემთხვევა, როცა ინვესტორს სურს ჩვენს ბაზარზე შემოსვლა, ბიზნესის ყიდვა, მაგრამ ვინაიდან კომპანიას თუ საწარმოს ძველი საგადასახადო დავალიანება აქვს, ამას ვერ ახერხებს. მაპატიეთ, მაგრამ სხვისი "ცოდვებისთვის" კეთილსინდისიერმა ინვესტორმა პასუხი რატომ უნდა აგოს, მით უფრო, ჩვენი საგადასახადო კოდექსის პირობებში, როცა მეწარმეები, ფაქტობრივად, ნაღმზე სხედან და ეს ხელისუფლების წევრებმაც კარგად იციან.

ამ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების მიუხედავად, ჩვენს საგადასახადო კოდექსს სრულყოფილებამდე კიდევ ბევრი ძირეული ცვლილება სჭირდება. მეტსაც გეტყვით, დაგვიანებულიც არის უკვე ეს ცვლილებები. ამ მიმართულებით თამამი ნაბიჯებიც რომ გადავდგათ, ორი წელიწადი მაინც დაგვჭირდება, რათა კაბალური საგადასახადო კოდექსი, იმ გაუგებარი ინსტრუქციებით, რომელიც თან ახლავს, ძირეულად შეიცვალოს".

ემა ტუხიაშვილი