"ევროპიდან მეორადი ავტომობილების იმპორტი ნელ-ნელა კვდება" - კვირის პალიტრა

"ევროპიდან მეორადი ავტომობილების იმპორტი ნელ-ნელა კვდება"

ავტოიმპორტიორები გონივრულ დაბეგვრას მოითხოვენ - "როგორც ევროპაში"

"ადრე მანქანა ტერმინალში არ გვყავდა შემოყვანილი, რომ უკვე იყიდებოდა, ახლა კი  ბაზრობაზე ვდგავარ და მუშტარი არ არის"

საქართველოში 1-ლი სექტემბრიდან გაუქმდა საბაჟო გადასახადი ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოყვანილ ავტომობილებზე. ამას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს. შესაბამისად, იმპორტიორი, რომელიც ევროპულ ავტომობილს შემოიყვანს, ერთ მანქანაზე საშუალოდ 150-300 ლარს დაზოგავს. რადგან ავტომობილის განბაჟების საერთო ღირებულებაში ყველაზე დიდი წილი აქციზის გადასახადზე მოდის, იმპორტიორები ფიქრობენ, რომ საბაჟო გადასახადის გაუქმება მძიმე მდგომარეობაში მყოფ საავტომობილო ბიზნესს დიდად არ წაადგება. გასათვალისწინებელია, რომ საბაჟო გადასახადისგან გასათავისუფლებლად ავტომანქანას უნდა ჰქონდეს წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

უკვე ექვსი თვეა მას შემდეგ, რაც საქართველოდან აზერბაიჯანში 2005 წლამდე გამოშვებული ავტომობილების შეყვანა აიკრძალა, ბიზნესის ეს სექტორი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. სწორედ აზერბაიჯანში გადიოდა რეექსპორტით საქართველოში უცხოეთიდან შემოყვანილი მეორადი ავტომობილების დიდი წილი. რამდენიმე თვის წინ გამოითქვა ვარაუდი, რომ შეწყდება ავტომობილების რეექსპორტი სომხეთშიც, როცა ის ევრაზიული საბაჟო კავშირის წევრი გახდება. 2011 წელს სწორედ ამ მიზეზით დაიხურა ყაზახეთის ბაზარი. არადა, მანამდე ორი წლით ადრე - 2009 წელს, ყაზახეთში საქართველოდან 20 ათასი მანქანა გავიდა. იმის გამო, რომ სომხეთის ევრაზიულ საბაჟო კავშირში გაწევრება გაურკვეველი ვადით გადაიდო, საქართველოდან მეორადი ავტომობილები ძირითადად სწორედ ამ მეზობელ სახელმწიფოში გადის, თუმცა მცირე რაოდენობით - ქვეყნიდან ავტომობილების რეექსპორტის მხოლოდ 26% მოდის სომხეთზე. გასაღების ბაზრის გარეშე დარჩენილი ავტოიმპორტიორები უკვე მერამდენე თვეა, ფინანსურ პრობლემებს ებრძვიან და ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.

თემურ ბაღდადაშვილი, ავტოიმპორტიორი: - 15 წელია, ამ საქმეს ვაკეთებ  და ასეთ მძიმე მდგომარეობაში, ახლა რომ ვართ, ჯერ არასდროს ვყოფილვართ. ავტობაზრობაზე შაბათ-კვირას საშუალოდ ათი ავტომობილი თუ საღდება. შედარებით ძვირად ღირებული ავტომობილები კიდევ უფრო მცირე რაოდენობით იყიდება და ძალიან დაბალ ფასად. მაგალითად, მანქანა, რომელიც 15-დან 20 ათას დოლარამდე ღირდა, ახლა შეიძლება 11 ათასად იყიდო, ანუ ფაქტობრივად, იმაზე იაფად, რაც მისი შეძენა და ჩამოყვანა დაუჯდა იმპორტიორს. ერთია, რომ აზერბაიჯანის ბაზრის დახურვამ ძალიან იმოქმედა ავტომობილების გაყიდვაზე, მაგრამ მთავრობაც არაფერს აკეთებს, რათა ამ ბიზნესს კრიზისიდან გამოსვლის შანსი მისცეს. არადა, ამ საქმით საქართველოში დაახლოებით 25-30 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული და საერთო ბრუნვა მილიარდს აღწევდა.

იმის გამო, რომ მანქანები არ იყიდება, ყველა იმპორტიორს განბაჟების 45-დღიანი ვადა გახანგრძლივებული აქვს და 300-დან 1 000 ლარამდე ჯარიმა აქვთ გადასახდელი. ადრე მანქანა ტერმინალში არ გვყავდა შემოყვანილი, რომ უკვე იყიდებოდა, ახლა კი 9 მაისის შემდეგ ბაზრობაზე ვდგავარ და მუშტარი არ არის. ავტომობილის ჩამოყვანა 1 300 დოლარი დამიჯდა და 500 დოლარი მაქვს უკვე გადასახდელი როგორც განბაჟების ვადის გახანგრძლივებისთვის, ისე - ბაზრობაზე დგომისთვის. ველოდები, რომ ავტომობილს როცა გავყიდი, 3 ათასი დოლარი უნდა წავაგო. ესეც იმ შემთხვევაში, თუ მალე გავყიდი. სხვა შემთხვევაში წაგება შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს. აღარც წავალ გერმანიაში მანამ, სანამ სასიკეთოდ რამე არ შეიცვლება.

გაკოტრებულია ყველა, ვინც ამ საქმიანობას მისდევს. 45 დღეში უნდა მოვასწრო და გავყიდო მანქანა, რათა განბაჟების ფული არ გადავიხადო. არადა, ვერ ვყიდი, ამიტომ იძულებული ვარ, ნაკლებ ფასად გავყიდო, სანქციებს რომ ავცდე. გარეთ ეძებენ ინვესტორებს და შიდა ინვესტიციებს არაფრად აგდებენ. მოგვცენ მუშაობის შესაძლებლობა. ერთ-ორ კაცს ვამდიდრებთ - ბაზრობის მეპატრონეებს. ერთ ადგილას მოგვაქციეს და მაგრად გვძარცვავენ. იყოს ისე, როგორც ევროპაშია - დაგვბეგრონ გონივრული გადასახადით მაშინ, როცა ავტომობილს შემოვიყვანთ და გამოყენებისა და მოხმარების უფლების გარეშე გვქონდეს შესაძლებლობა, განუბაჟებელი ავტომობილები გავყიდოთ. ასეთ პირობებში, ისე, როგორც ევროპაშია, გაერთიანდება 4-5 ადამიანი და გახსნიან პატარა მაღაზიებს, კიდევ რამდენიმე ადამიანს დაასაქმებენ. მაგრამ მთავრობას დღევანდელი კვერცხი ურჩევნია ხვალინდელ ქათამს. როცა ბიზნესი უფრო განვითარდება და უფრო ცივილიზებულ ფორმებს მიიღებს, ავტომობილების გაყიდვა განვადებითაც იქნება შესაძლებელი, ბანკის გარეშე. ბანკებთან ურთიერთობაც გაგვიადვილდება. ასეთ პირობებში ეტაპობრივად ავტოპარკიც განახლდება და აღარ იქცევა ქვეყანა ჯართის გროვად, ისე, როგორც ახლაა.

იაგო ნაცვლიშვილი, ავტოიმპორტიორი: - გაყიდვის შემცირების გამო ევროპაში ავტომობილების გამოგზავნის ბევრი წერტილი დაიხურა. რაც იგზავნება, დაბალი ხარისხის და იაფია, რათა ჩალის ფასად სომხეთში გავიდეს.

საბაჟო მოსაკრებლის გაუქმებით ჩვენთვის, ფაქტობრივად, არაფერი გაუქმებულა. ამას არავინ აქცევს ყურადღებას საბაჟოზე და არც წარმოშობის სერტიფიკატს ითხოვს ვინმე. ან კი

როგორ უნდა წარმოვადგინოთ მეორად ავტომობილებზე წარმოშობის სერტიფიკატი - ჩვენ ხომ კერძო პირებისგან ვყიდულობთ მანქანებს და არა - ქარხანა-მწარმოებლებისგან.

გვქონდა ამის მცდელობა და სასაცილოდ არ ეყოთ ჩვენს მომწოდებლებს, შესაბამისად, ამ შეღავათითაც არავინ სარგებლობს. შესაძლოა, ასეთი დოკუმენტი ახალ მანქანებს ჰქონდეს. საკითხში ვინც ერკვევა, ყველამ იცის, რომ ავტომობილს აქვს საიდენტიფიკაციო კოდი, რის შესახებაც შესანიშნავად მოეხსენებათ  მომსახურების სააგენტოში. ამ კოდს მონაცემთა ბაზაში რომ შეიყვან, ყველა ინფორმაციას გაწვდის დეტალურად - ავტომობილის წარმოების ადგილის, გამოშვების თარიღის, ქარხანა-მწარმოებლის შესახებ და ვერ ვხვდები, ამის შემდეგ რაღა საჭიროა წარმოშობის სერტიფიკატის წარდგენა, რომ შეღავათით ისარგებლო.

მოკლედ, ყველანაირად შეგვზღუდეს - სახელმწიფო განბაჟების ვალდებულებით გვყვლეფს, ბაზრობასა და ტერმინალებზე მანქანის თვეობით გაჩერება ძვირი ჯდება, ამიტომ, თუ შენიშნეთ, სულ უფრო მომრავლდა ქუჩებში გაჩერებული ავტომობილები წარწერით "იყიდება". აზერბაიჯანშიც ცოტა გადის, რადგან ახალი ავტომობილების განბაჟება ძვირი ჯდება და მეზობელ ქვეყანაშიK კორუფცია ყვავის, ადგილობრივი მომხმარებელი კი, თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ძირითადად, იაპონიიდან და ამერიკიდან ჩამოყვანილ, 2-3 ათასდოლარიან, მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე გადავიდა, რომლითაც ჩვენს ქუჩებში მოძრაობა უსაფრთხო არ არის, მაგრამ, სამაგიეროდ, იაფია.

ასე რომ, ევროპიდან მეორადი ავტომობილების იმპორტი ნელ-ნელა კვდება, უმუშევართა რიგები კი სულ უფრო იზრდება.