ფასის მომატება სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის?! - კვირის პალიტრა

ფასის მომატება სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის?!

"თამბაქოს გასაყიდი ფასი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან უნდა გამომდინარეობდეს"

"სიგარეტზე აქციზის ნებისმიერი ზრდა არის მომხმარებლის პრობლემა. მწარმოებელი და იმპორტიორი ამ დროს, ფაქტობრივად, არ ზარალდებიან"

თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთი ისევ იზრდება - 2015 წლის 1-ელ იანვარს აქციზის გადასახადი ფილტრიან სიგარეტზე 15 თეთრით (90 თეთრამდე) გაიზრდება, ხოლო უფილტროზე - 5 თეთრით (25 თეთრამდე). თამბაქოზე აქციზის ეტაპობრივი ზრდა თამბაქოს კონტროლის შესახებ გაეროს ჩარჩო-კონვენციის ერთ-ერთი რეკომენდაციაა.

აქციზის გადასახადის გაზრდის გამო თამბაქოს ფასი რამდენიმე თვის წინ ერთხელ უკვე გაიზარდა. ხელისუფლება სხვადასხვა კვლევას იშველიებს და ამბობს, რომ ქვეყანაში თამბაქოს მოხმარებისგან გამოწვეული დაავადებებისა და სიკვდილიანობის თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობა გვაქვს. ამ  დაავადებებით წელიწადში 11 ათასი კაცი იღუპება, აქედან 3 ათასი - პასიური მწეველია. თამბაქოს კონტროლის შესახებ ჩარჩო-კონვენციის ერთ-ერთი მიდგომა კი თამბაქოს ეტაპობრივად გაძვირებით მწეველთა რაოდენობის შემცირებაა.

თამბაქოზე აქციზის ეტაპობრივი ზრდით შესაძლებელია თუ არა, რომ საქართველოში თამბაქოს ნაწარმის ფასი ევროპულს გაუტოლდეს? - ამ შეკითხვით  მივმართეთ ეკონომისტ ირაკლი ლექვინაძეს:

- სიგარეტი ევროპაში ძალიან ძვირია. უახლოეს პერიოდში საქართველოში ფასების ასეთი ზრდა არ მოხდება, რადგან ჩვენი მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი ევროპულს დიდად ჩამორჩება. თუმცა, სიგარეტის საგრძნობლად გაძვირება მაინც მოსალოდნელია. აქციზის 5-15 თეთრით გაზრდა პირდაპირ აისახება თამბაქოს გასაყიდ ფასზე, რადგან სიგარეტი ის პროდუქტია, რომელშიც იმპორტიორი და მწარმოებელი თავიანთ მოგების მარჟას არ შეამცირებენ და აქციზის მოცულობას პირდაპირ ფასს მიაბამენ. თამბაქოს გასაყიდი ფასი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან უნდა გამომდინარეობდეს.

- ფასების ეტაპობრივი ზრდა შეამცირებს ქვეყანაში მწეველების რაოდენობას?

- გრძელვადიან პერსპექტივაში განსაზღვრული შედეგი მან შესაძლოა მართლაც მოიტანოს - ვიღაცამ უარი თქვას მოწევაზე, მოხმარება შეამციროს ან შედარებით დაბალი ხარისხის თამბაქოთი ჩაანაცვლოს, მაგრამ მოკლევადიან პერიოდში აქციზის გაზრდა თამბაქოს მოხმარებას ვერ შეამცირებს. მრავალმხრივი კამპანიაა საჭირო, მათ შორის, საინფორმაციო, ასევე თამბაქოს მოხმარების შეზღუდვები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და სხვ.

- აქციზის 5 და 15 თეთრით მომატება გაზრდის კონტრაბანდული პროდუქციის შემოსვლის საფრთხეს?

- აქციზის მატება კონტრაბანდის მოტივაციას ზრდის, მაგრამ საქართველოში ძალიან მაღალ დონეზეა ფინანსური დისციპლინა, ბიზნესის ადმინისტრირების ხარისხი, ამიტომ არა მგონია, კონტრაბანდის ზრდის საფრთხე არსებობდეს.

- როგორ შეიძლება აქციზის ზრდა აისახოს ამ ბიზნესში ჩართულ კომპანიებზე, როგორც იმპორტიორებზე, ასევე ადგილობრივ მწარმოებლებზე?

- სიგარეტზე აქციზის ნებისმიერი ზრდა არის მომხმარებლის პრობლემა. მწარმოებელი და იმპორტიორი ამ დროს, ფაქტობრივად, არ ზარალდებიან. ისინი ინარჩუნებენ მოგების მარჟას, ზრდიან პროდუქციის ფასს და ამ გაზრდილ ფასს მომხმარებელი იხდის. სიგარეტი არის ის პროდუქტი, რომელზეც ერთბაშად უარის თქმა ძნელია, ამიტომ ფასნამატის მთელი ტვირთი მომხმარებელს აწვება.

- ფისკალური თვალსაზრისით თუ ექნება აქციზის ზრდას ეფექტი?

- იქიდან გამომდინარე, რომ ფინანსური ადმინისტრირება ქვეყანაში მაღალ დონეზეა და

აქციზის განაკვეთის ზრდის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გაზრდაა, აქციზის მომატება ბიუჯეტისთვის საკმაო მოცულობით შემოსავალს ნიშნავს.